სასამართლოს დიდმა პალატამ მოსამართლეთა ხმების უმრავლესობის საფუძველზე დაადგინა, რომ რუსეთმა ზემოხსენებული ქმედებებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლი დაარღვია. მათ შორის მეოთხე მუხლი, რაც უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-5 მუხლის პირველი ნაწილი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი (დაკავებისას სასამართლო განხილვის უფლება) და 38-ე მუხლი- ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისათვის ყველა საჭიროების უზრუნველყოფის ვალდებულება. დარჩენილ სამ მუხლში, რომელსაც ქართული მხარე მოსკოვს ედავებოდა, რუსეთის ფედერაციამ თავის გამართლება მოახერხა.
ფაქტები
სასამართლო დავა ეხებოდა 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრამდე დროის პერიოდში რუსეთში დიდი რაოდენობით ეთნიკური ქართველების დაკავებასა და მათი ქვეყნიდან გამოძევების ფაქტებს. ქართულმა მხარემ მიუთითა, რომ ეს ქმედებები იყო რეპრესიები მოსკოვის მხრიდან, რომელსაც წინ 2006 წლის 27 სექტემბერს მომხდარი ფაქტი უძღვოდა – საქართველოს მიერ რუსეთის 4 ოფიცრის დაკავება, რამაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულება გამოიწვია.

ქართული მხარის მტკიცებით, 3-თვიან პერიოდში რუსეთმა 4,600 ქართველის ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი დოკუმენტაცია გამოსცა, მათგან 2,300 ადამიანი დააკავეს და რუსეთიდან იძულებით გამოაძევეს, ხოლო დანარჩენებმა რუსეთი საკუთარი ნებით დატოვეს.
თავის მხრივ რუსეთის ხელისუფლებამ ქართული მხარის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა არა რეპრესიულ ზომებს ქართველების წინააღმდეგ, არამედ უკანონო იმიგრაციის პრევნციულ ქმედებებს ქვეყანაში მცხოვრები არალეგალების წინააღმდეგ. რუსეთმა სასამართლოში არასრულად წარადგინა ქართველების რუსეთიდან გაძევების სტატისტიკა. ამასთან, რუსეთმა სტრასბურგში არ უარყო, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სკოლებში სპეციალური წერილები დააგზავნეს ქართველი მოსწავლეების იდენტიფიცირების მიზნით. თუმცა სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს არ მომხდარა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციით, არამედ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელსაც საყვედური გამოუცხადეს.
სასამართლო ასევ დაეყრდნო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნებს, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომიტეტის, Human Rights Watch-ისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის დასკვნებს (FIDH), რომლის მიხედვითაც ქართველების ქვეყნიდან გაძევების პროცესში რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შესაბამისი სამსახური კოორდინირებულად მოქმედებდა. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით 4 ქართველი დაკავების დროს გარდაიცვალა.
ქართველი მოწმეები მიუთითებდნენ, რომ მათი დაკავება სხვადასხვა ადგილას ხორციელდებოდა რუსეთში- სამსახურში, სახლში, ქუჩაში. იმ მოწმეების ნაწილის თქმით, რომლებიც სასამართლომ გამოკითხა, დაკავების დროს მათი იკითხეს მიზეზი და პასუხად მიიღეს, რომ ისინი იყვნენ ქართველები და გაძევების მიზნით აკავებდნენ.
რატომ გამართლდა რუსეთი 3 მუხლში
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩათვალა, რომ რუსეთს არ დაურღვევია კონვენციის 1-ლი მუხლის მე-7 ოქმი, რომელიც უცხოელის გაძევების პროცესში მისთვის პროცედურული გარანტიების შექმნას ითვალისწინებს. სასამართლოს განმარტებით ეს საკითხი პირდაპირ ეხება “იმ უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი რეზიდენტის სტატუსით ცხოვრობენ”. სასამართლოს თქმით, დადგენილი არ არის, რომ მოცემულ პერიოდში იმ ქართველების დაკავება და გაძევებაც მოხდა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კანონიერი რეზიდენტები იყვნენ:
“ამიტომ საჩივარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დააყენა, არ იყო საკმარისად დასაბუთებული”.
სასამართლომ იგივე მიზეზის გამო ასევე ვერ დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და განათლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის საკითხს.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავა სტრასბურგში 17-მა მოსამართლემ განიხილა: ჯოზეფ კასადევალი (ანდორა), ნიკოლას ბრატზა (დიდი ბრიტანეთი), მარკ ვილიგერი (ლიხტენშტეინი), ისაბელ ბერო-ლეფევრი (მონაკო), კორნელიუ ბირშანი (რუმინეთი), პერ ლორენზენი (დანია) ელიზაბეტ შტაინერი (ავსტრია), ხანლარ ჰაჯიევი (აზერბაიჯანი), პალვი ჰირველა (ფინეთი), ლუის ლოპეს გერა (ესპანეთი), მარიანა ლაზაროვა ტრაიაკოვსკა (მაკედონია), ნონა წოწორია (საქართველო), ანა ფაუერი-ფოურდი (ირლანდია), ზრდავკა კალაიდჯევა (ბულგარეთი), ვინსენტ ა. დე გაეტანო (მალტა), ანდრე პოტოჩკი (საფრანგეთი), დმიტრი დედოვი (რუსეთი).
მოსამართლე ლოპეს გერამ, ბრატცასა და კალაიჯევასთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ნაწილობრივ განსხვავებული დამოკიდებეულება დააფიქსირეს, ქართველმა მოსამართლე წოწორიამაც გადაწყვეტილებისაგან ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა, ხოლო რუსმა დედოვმა მთლიანად განსხვავებული პოზიცია გამოხატა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რაკი ამდენი დარღვევა დადგინდა, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ.
სტრასბურგის სასამართლო კი მიუთითთებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ მზად არ აღმოჩნდა და მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ მხარეებს მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის 12-თვიანი ვადა შესთავაზა.
