სამართალი

როგორ ვრეაგირებთ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე

15 მაისი, 2014 • • 3843
როგორ ვრეაგირებთ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე

რამდენიმე კვირის წინ ბათუმში მცირეწლოვან გოგონასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარების გამო მამაკაცი დააპატიმრეს. უცნობია, ძალადობის მსხვერპლ მოზარდს დაეხმარა თუ არა სახელმწიფო. “ბათუმელებმა” ვერც ერთ ზემოჩამოთვლილ საჯარო სამსახურში ვერც იმის დადგენა მოახერხა, მუშაობენ თუ არა ამ ბავშვთან თუნდაც ფსიქოლოგები. ამ საკითხზე ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა, აჭარის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა, თემურ ქარცივაძემ კომენტარის გაკეთებაზე პირველი თხოვნიდან სამი კვირის გასვლის შემდეგაც უარი განაცხადა. მოტივი – “ქალაქიდან გასული ვარ”.

 

ის არც სატელეფონო კომენტარის გაკეთებას თანხმდება. შესაბამისად, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები, მაგალითად, 2013-2014 წლებში, აჭარის შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლ რამდენ ბავშვს გაუწია სახელმწიფომ დახმარება; რა ტიპის დახმარებას უწევს, ზოგადად, ეს უწყება არასრუწლოვნებს; რამდენ მშობელს ჩამოართვეს შვილის ყოლის უფლება (იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ძალადობენ შვილზე), რა ბერკეტი აქვს, სახელმწიფოს დაიცვას ბავშვის უფლებები, როგორ ხდება ამ ბავშვების რეაბილიტაცია…

 

სახელმწიფო უწყება, რომელსაც თემურ ქარცივაძე ხელმძღვანელობს, ერთადერთია აჭარაში, რომელსაც კანონი ავალდებულებს, შეისწავლოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გარემოპირობები.

 

სოცმუშაკი მაია ჯაში ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის უფლებები დაიცვას, რაც გულისხმობს ბავშვის მოძალადისგან უსაფრთხო ადგილას გაყვანას, თუმცა ასეთი თავშესაფარი არ არსებობს. მაია იხსენებს, რომ მის პრაქტიკაში ორი შემაკავებელი და ერთი დამცავი ორდერი აქვს გაკეთებული: „მამა ძალადობდა ოჯახში, დედაზე და ბავშვებზე წლების განმავლობაში“. შემაკავებელ ორდერს პატრულის თანამშრომელი უშუალოდ ძალადობის ფაქტის დროს წერს. სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ხშირად ძალადობის მსხვერპლს ეშინია მოძალადის გამხელა, „შიში აქვს იმის, რომ მოძალადე მოკლავს, დაასახიჩრებს. სამწუხაროდ, ძალადობრივი საზოგადოება ვართ, ჩვენთვის ნორმაა ცემა“ .

 

UNICEF-ის დასკვნის თანახმად, რეგიონების მიხედვით, აჭარასა (70%) და სამცხე-ჯავახეთში (69%) ყველაზე მაღალია ბავშვის მკაცრი აღზრდის მომხრეთა რიცხვი. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების 63% მიაჩნია, რომ ბავშვი თავის მშობლებს ეკუთვნის და მხოლოდ მათ შეუძლიათ ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. ამ მოსაზრების მხარდამჭერთაგან ნახევარი მიიჩნევს, რომ ბავშვი ოჯახში უნდა დარჩეს მაშინაც კი, როდესაც ოჯახში ძალადობას აქვს ადგილი.

 

ანგარიშში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა დარეჯან დვალიშვილმა მოამზადა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და ამ საქმეში ჩარევის წინააღმდეგია.

 

იმ შემთხვევებში კი, როცა მოქალაქე ჩარევას გადაწყვეტს, მან ხშირად არც კი იცის, ვის ან როგორ მიმართოს. ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დიდმა უმრავლესობამ (60%), რომელთაც კანონით ევალებათ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მასზე რეაგირება, არ იცის ამ პასუხისმგებლობის შესახებ და ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ოჯახის საქმე ფაქიზი საკითხია და უმჯობესია ამაში არ ჩაერიონ.

 

საქართველოში საზოგადოებას ყველაზე ნაკლებად ესმის ფსიქოლოგიური ძალადობის არსი. კვლევის მიხედვით კი, საქართველოში საზოგადოების 45-პროცენტი ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი „გაფუჭდება“.

 

UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების მასშტაბები ასეთია: ფიზიკური ძალადობა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, ხელით ცემა, ხელის ან ფეხის კვრა – 54 პროცენტი. ფსიქოლოგიური ძალადობა, დაყვირება, განზრახ დამცირება, სხვა ბავშვისგან დაჩაგვრა, დათრგუნვა ან შერცხვენა – 59.1 პროცენტი. სექსუალური ძალადობა, სექსუალური საუბარი, პორნოგრაფიის ჩვენება, სექსუალური შეხება, სექსუალური ურთიერთობის მცდელობა – 7.8 პროცენტი. კვლევის მიხედვით სკოლაში ფიზიკური ძალადობა – 47%, ფსიქოლოგიური ძალადობა – 47.5, ხოლო სექსუალური ძალადობა – 5.6%-ია. ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა; ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა; სექსუალური ძალადობა და უგულებელყოფა.

 

მაია ჯაშს ჰქონდა ინიციატივა, ძალადობის გამოვლენის მიზნით ქუჩაში მონიტორინგის ჩატარება და ცხელი ხაზისთვის ინფორმაციის მიწოდება. ინიციატივა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ბევრმა მოიწონა, ამბობს, რომ გვერდში არავინ დაუდგა: „ნიჰილისტური საზოგადოება ვართ”.

 

სამართლებრივად კი ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ბავშვის ცემისთვის არის სასჯელი. მაია ჯაშის აზრით, კანონის ამ მოთხოვნას ბავშვებთან მიმართებაში, უბრალოდ, არ ვიცავთ:

 

“ადამიანს ცემისთვის ხულიგნობის ბრალდებით ასამართლებენ, ზოგს მძიმე ან ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანებისთვის და ბავშვი არ არის ადამიანი? ყველანაირი დაცვის მექანიზმი,ისევე როგორც დასჯის არის სახელმწიფოს ხელში. სახელმწიფომ, სოციალური მომსახურების სააგენტომ, უნდა შეისწავლოს მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი ზომები.

 

გაიყვანოს მოძალადისგან ბავშვი, ან იმუშაოს იმაზე რომ ცემა არ არის გამოსავალი. საოჯახო ტიპის სახლში უნდა განათავსოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, რეაბილიტაციის პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები, სახელმწიფოს როლი სუსტი კი არაა, საერთოდ არ არსებობს ამ კუთხით“.

 

რამდენ ფაქტზე დაიწყო ძიება, როცა, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი იყო ბავშვი? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით შს სამინისტროსაც მიმართა. უწყებამ კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვა.

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, წელს სამინისტროში მხოლოდ ერთ სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ შევიდა ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდების წყარო, როგორც სამინისტროში ამბობენ, პედაგოგი იყო. „მოძალადე“ მასწავლებელმა თანამდებობა დატოვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, იძალადა თუ არა მასწავლებელმა მოსწავლეზე…

 

მაია ჯაშის თქმით, ბავშვებზე მშობლები ყველგან ძალადობენ და ამაზე საზოგადოებას მგრძნობელობა არ აქვს, რადგან “ძალადობა მხოლოდ ცემა ჰგონიათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი