სამართალი

ქართველი მოსამართლე გაეროში

5 მაისი, 2014 • • 1943
ქართველი მოსამართლე გაეროში

ბატონო კონსტანტინე, როგორც ვიცი, თქვენ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი 2012 წლიდან ხართ, როგორ შეიძლება გახდე წევრი?


თანამდებობა ვაკანტური მაშინ ხდება, როცა ვადა გასდის რომელიმე წევრს, წევრი ქვეყნები არიან უფლებამოსილი წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები. ქვეყანა წარადგენს კანდიდატს, გენერალურ ასამბლეაზე კი მას ირჩევენ. ვინც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, მას ირჩევენ კომიტეტის წევრად. კომისია მეტ-ნაკლებად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანა იყოს წარმოდგენილი. არჩევამდე შეიძლება იყოს წინასწარი შეხვედრები ქვეყნების წარმომადგენლებთან, წინასწარ ეცნობიან კანდიდატს, წინასაარჩევნო კამპანიის სახეც კი აქვს ამ პროცესს. კანდიდატები ხვდებიან ქვეყნების წარმომადგენლებს და აცნობენ საკუთარ თავს, საკუთარ მოსაზრებებსა და არგუმენტებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი ამ კომისიაში, როგორ შეიძლება მუშაობა გაუმჯობესდეს. ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ვის დაუჭირონ მხარი.


რა არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მთავარი მიზანი და ფუნქცია?


გაეროს წევრი ქვეყნები რეგულარულად წარუდგენენ კომიტეტს ანგარიშს ქვეყანაში შესაბამისი პაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვის თაობაზე. ვიხილავთ, თუ რამდენად სრულყოფილად ცდილობს სახელმწიფო დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, კომიტეტი იხილავს ინდივიდუალურ საჩივრებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან პაქტით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტებს უკავშირდება. კომიტეტისთვის წერილობით მიმართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კომიტეტი ერთგვარად სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებს. კომიტეტი წელიწადში სამჯერ იკრიბება, ისმენს ქვეყნების ანგარიშს, სხვადასხვა დროს ინდივიდუალური საჩივრები იხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, კომისია კი იღებს გადაწყვეტილებას ადგილი ჰქონდა თუ არა დარღვევას. გადაწყვეტილების შემდეგ რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოებს ეგზავნებათ.

კონსტანტინე ვარძელაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი

თქვენი ახალი თანამდებობა თუ ითვალისწინებს თქვენ მიერ უფლებების კუთხით საქართველოში არსებული პროცესების მონიტორინგს?


არა, კომიტეტის წევრები საკუთარი ქვეყნის შესახებ ანგარიშს არ ამზადებენ. როცა კომისია განიხილავს საჩივარს იმ ქვეყანაზე, რომლიდანაც თავად კომისიის წევრია, ის მონაწილეობას არც იღებს განხილვაში, ანუ თვითაცილებას აძლევს, როგორც ანგარიშის განხილვის, ასევე საჩივრის განხილვის დროს. ანგარიშს ამზადებს სახელმწიფო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შერჩეული ერთი კანდიდატი, რასაც წარადგენს ჟენევაში, თუმცა დელეგაცია ჩადის კომიტეტში მოსმენის დროს. დელეგაციის წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ისინი ინფორმაციას წერილობითის გარდა ზეპირადაც აცნობენ მიმდინარე პროცესების შესახებ. შემდეგ კომიტეტის წევრები კითხვებს სვამენ, მიმდინარეობს დისკუსია, მსჯელობა კომიტეტის წევრებსა და ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. კომიტეტს ანგარიში ასევე შეიძლება წარუდგინოს სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ანუ სხვადასხვა უწყება აწვდის ანგარიშებს. მე სხვა ქვეყნების ანგარიშების განხილვაში ვმონაწილეობ.


ახალი პოზიციიდან გამომდინარე აპირებთ თუ არა მედიასთან თანამშრომლობას, მაგალითად, კომენტარების გაკეთებას იმ შემთხვევაში, თუ საქმე შეეხება უფლებათა კუთხით გამოვლენილ დარღვევებს ან რისკებს? მსგავს ფაქტებზე გაქვთ კომენტარის გაკეთების უფლება?


შეზღუდვა არ არის. შემიძლია კომენტარი გავაკეთო. კომიტეტის მოთხოვნაც კი არის ქვეყანამ გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ინფორმაცია კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ გახდეს საჯარო ქვეყანაში. ჩვენი ხელისუფლება ამას ადრე აკეთებდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს.


როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია, როცა ინფორმაციას აღმასრულებელი ხელისუფლების შერჩეული ადამიანი აწვდის კომიტეტს?


ჩემი აზრით, ეფექტურობის პრობლემა არ არის, ანუ ინფორმაცია გვაქვს სხვადასხვა წყაროდან მიღებული. ეფექტურობის პრობლემა უფრო იქმნება მაშინ, როცა ესა თუ ის ქვეყანა არ ასრულებს კომიტეტის რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაციები ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას. ინდივიდუალური სარჩელის შემთხვევაში, როცა კომიტეტი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, ქვეყანა ვალდებულია გაეროსა და კომიტეტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, სხვა მექანიზმი არ არსებობს, რომ ქვეყანა აიძულო აღასრულოს კომისიის გადაწყვეტილება. ეფექტურობის საკითხი, ვფიქრობ, ამ კონტექსტში უფროა განსახილველი.


როგორ ხედავთ ამ კომიტეტის მუშაობაში საკუთარ თავს და რას შეცვლით პირადად თქვენ უკეთესობისკენ ამ კომიტეტში?


რთული კითხვაა, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა… ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი კანდიდატი მოხვდეს გაეროს რომელიმე კომიტეტში (სულ ცხრა კომიტეტია, რომელიც სხვადასხვა კონვენციის შესრულებას უწევენ ზედამხედველობას). ის კომიტეტი, სადაც მე ამირჩიეს, ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ მაღალი კონკურენცია არის, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომ მათი წარმომადგენელი მოხვდეს ამ კომიტეტში. თუმცა კომიტეტის წევრობა არ ნიშნავს, რომ ხარ ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ექსპერტები. როცა ქვეყნის წარმომადგენელს ირჩევენ, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ შემთხვევაში ბევრმა ქვეყანამ დაუჭრა მხარი საქართველოს კანდიდატურას.


სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა მე-19 პაქტი აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების სარჩელის დაკმაყოფილება ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება არის თუ არა კავშირში ამ პაქტის რომელიმე მუხლთან, განსაკუთრებით მე-19 მუხლთან?


რა თქმა უნდა, კავშირში შეიძლება იყოს. კონსტიტუციის მუხლები, რომლებიც ამ სარჩელთან დაკავშირებით იყო რელევანტური, სასამართლომ განიხილა. ეს არ იყო ამ შემთხვევაში არც მე-19 და არც 21-ე მუხლი კონსტიტუციის, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდება, ანუ ის არ იყო პირდაპირ განხილვის საგანი და ამიტომაც სასამართლოს არ შეუფასებია ამ ჭრილში. თუმცა თქვა, რომ გარკვეული კავშირი კონსტიტუციის 21-ე მუხლთან არსებობს. იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია შეიცავს საკმარის გარანტიას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების ჭრილში, ამიტომ აპელირება პაქტის ამა თუ იმ მუხლზე საჭიროებას არ წარმოადგენდა, მით უფრო ამ კონკრეტულ სარჩელში. კონსტიტუცია უფრო ნაკლებ გარანტიას არ შეიცავს, ვიდრე პაქტის მე-19 მუხლი. დამატებითი განმარტების გაკეთებას მოვერიდები.

მასალების გადაბეჭდვის წესი