სამართალი

კვლევა მოსამართლეთა რაოდენობის, რეზერვის, მივლინების და სხვა საკითხებზე

29 აპრილი, 2014 • • 1348
კვლევა მოსამართლეთა რაოდენობის, რეზერვის, მივლინების და სხვა საკითხებზე

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დღემდე არ არის დათვლილი რამდენი მოსამართლეა საჭირო და წლების მანძილზე დაუსაბუთებელი იყო მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის, ან შემცირების გადაწყვეტილება:

“ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა შესასწავლია, ჩვენს ანგარიშზე მუშაობდნენ მოსამართლეები და ისინი აცხადებენ, რომ საქმეთა გადატვირთულობის პრობლემა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ აუცილებელია ეს საკითხი შესწავლილი იქნეს და გაირკვეს რეალურად რამდენი მოსამართლეა საქართველოში საჭირო”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა რაოდენობის საკითხი მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადად დააყენა:

“მოსამართლეთა რაოდენობა საკმაოდ  მცირეა და ვერ აუდის საქმეების მოზღვავებულ რაოდენობას, გარდა ამისა მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოში არ ჰყოფნით ოთახები, რომ ახალმა მოსამართლეებმა ისარგებლონ. მე ვფიქრობ პრობლემა არის ცუდ დაგეგმვაში. მე პირადად დავაყენე იუსიტიიც საბჭოში წინადადება, რომ დაიწყოს ამ კუთხით მუშაობა და ის გადატვირთვა, რაც დღეს არის სასამართლოში იყოს განეიტრალებული. სხვა შემთხვევაში საქმის წარმოების ხარისხი საგრძნობლად დაეცემა”

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემურია მოსამართლეთა რეზერვის საკითხიც, რადგან წლების მანძილზე მოსამართლეები რეზერვში არიან და მათი გამწესება არ ხდება:

“წლების განმავლობაშ მოსამართლეთა რეზერვში გადაყვანა დასჯის ერთ–ერთი მექანიზმი იყო. თუ მოსამართლე რეზერვშია ეს ნიშნავს იმას, რომ როცა დაგჭირდება უნდა დანიშნო, თუმცა ძალიან ცოტა მაგალითი თუ გვაქვს, როდესაც რეზერვიდან მოსამართლე კვლავ დანიშნულა და სანამ მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა არ გაუვიდოდა იყო რეზერვში. გამოსავალი არის შტატების და შენობების დამატება, სადაც ისინი განახორციელებენ უფლებამოსილებას”, – აცხადებს კახაბერ სოფრომაძე.

რაც შეეხება მოსამართლეთა მივლინების საკთხს “საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” ასევე მიიჩნევს, რომ მივლინება უნდა ხდებოდეს არაუმეტეს 6 თვისა, მოსამართლის თანხმობით, მხოლოდ ახლომდებარე რეგიონებში და მივლინების პერიოდში მოსამართლე დამატებით ანაზღაურებას უნდა იღებდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა ხამხაძე აცხადებს, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი კვლავ დასახვეწია, მოსამართლეთა მივლინება წინა წლებისგან განსხვავებით სადამსჯელო ღონისძიებას აღარ წარმოადგენს:

“წლების მანძილზე ყველა ხვდებოდა, რომ მოსამართლეთა მივლინება ხდებოდა მათ მიერ არასასურველი გადაწყვეტილებების გამო, შეიძლებოდა სრულიად დაუსაბუთებლად მოსამართლე თბილისიდან ბათუმში გაეშვათ. მე პირადად მიმავლინეს რუსთავის სასამართლოში 4 წელზე მეტი ვადით და დავბრუნდი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. დღეს მივლინება ძირთადად იმიტომ ხდება, რომ დამატებით ესაჭიროებათ მოსამართლეები, ამიტომ ჩემი აზრით ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა”, – აცხადებს თეა ხამხაძე.

 

 

“საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” მიიჩნევს, რომ დასახვეწია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხებიც, ასევე აუცილებელია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სკოლაში სწავლის პერიოდი გაზარდოს, ხოლო მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს ღია და არა ფარული კენჭისყრით.

 

კვლევაში ერთ–ერთი რეკომენდაცია მოსამართლეთა 3 წლიან გამოსაცდელ ვადასაც ეხება. “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” მიიჩნევს, რომ 3 წლიანი მონიტორინგი არ უნდა განახორციელოს ორგანომ, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნა–დაწინაურებას ახორციელებს. ასევე “მოსამართლეთა ერთობა” გამოდის ინიციატივით, რომ 3 წლის განმავლობაში მოსამართლეთა შეფასება დამოუკიდებელმა ორგანომ განახორციელოს, რომელიც ასევე მოსამართლეებისგან იქნება შემდგარი. თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, რადგან “მოსამართლეთა ერთობა” დამატებითი დისკუსიის გამართვას ამ საკითხზე უახლოეს მომავალში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი