სამართალი

“პოლიციის უფროსი არაადამიანურად მომექცა”

9 აპრილი, 2014 • • 2330
“პოლიციის უფროსი არაადამიანურად მომექცა”

გიორგი გიორგაძეს განზრახ მკვლელობისთვის ასამართლებდნენ, მაგრამ გასულ კვირას ის მოსამართლემ გაამართლა. დაკავების ოქმის მიხედვით, გიორგი გიორგაძე აღიარებდა განზრახ მკვლელობის მცდელობას, მაგრამ ბრალდებულმა სასამართლოში სრულიად განსხვავებული რამ თქვა. მან მოსამართლეს აუხსნა, რომ დაკავების დროს სცემეს და ამიტომ აღიარა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.

 

მოსამართლემ გიორგი გიორგაძე გაამართლა. დაისჯება თუ არა ქობულეთის პოლიციის ყოფილი უფროსი იმის გამო, რომ ბრალდებული დაკავების დროს სცემეს? – გიორგი გიორგაძეს ამის იმედი აქვს და იჩივლა კიდეც პროკურატურაში. საჩივარში ის აღწერს, როგორ სცემა დავით დვალიშვილმა:

 

„გაცნობებთ, რომ ქობულეთის პოლიციის უფროსი დავით დვალიშვილი მომექცა არაადამიანურად, მლანძღავდა, მაგინებდა ოჯახის წევრების მისამართით და მაიძულებდა მეღიარებინა დანაშაული, რასაც ვერ გავუძელი და ვაღიარე კიდეც ის, რაც არ გამიკეთებია… თავს ვთვლი ფიზიკურად და სულიერად შეურაცხყოფილად, დამცირებულად, რომელსაც მაღიარებინეს ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენია – ადამიანების დაჭრა. გთხოვთ, ობიექტურად გამოიძიოთ ჩემდამი განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლის ფაქტები“.

 

ეს წერილი გიორგი გიორგაძემ სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებიდან აჭარის პროკურორს გასული წლის 12 აგვისტოს ანუ ჯერ კიდევ მაშინ გაუგზავნა, როცა მკვლელობის მცდელობასა და ხულიგნობაში იყო ბრალდებული.

 

მისმა ადვოკატმა პროკურატურაში გაგზავნილ საჩივარს თან დაურთო ბრალდებულთან გასაუბრების ოქმი. ოქმში წერია, რომ გიორგი გიორგაძე ქობულეთში რესტორან „ზევას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს დააკავეს. პოლიციელებმა მას ჰკითხეს, რატომ დაჭრა ორი მოქალაქე. დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ გიორგაძის შელაპარაკება უცნობ მამაკაცებთან რესტორანში მუსიკის გამორთვის დროს დაიწყო, რაც რესტორნის ეზოში გინებითა და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

 

გიორგაძე ირწმუნება, რომ ჩხუბის დროს ორი მოქალაქის მძიმედ დაჭრის შესახებ პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიტყო. მისი თქმით, დაკითხვის დროს პოლიციის შენობაში ის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანებმა სცემეს. ცემის მიზეზი, როგორც გიორგაძე ჰყვება, პოლიციისთვის სასურველი ჩვენების მიღება იყო. ბრალდებული წერს, რომ მოგვიანებით, როცა მასთან ადვოკატი მივიდა, მისი დახმარებით ამოიცნო ადამიანი, რომელმაც ის სცემა – “ეს ქობულეთის პოლიციის უფროსი დავით დვალიშვილი იყო”.

 

„ბათუმელებთან“ საუბარში ადვოკატი თენგიზ კახიძე ამბობს, რომ დაკავებულის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, პოლიციის უფროსი მისი თანდასწრებითაც აგრძელებდა, რაც ადვოკატსა და პოლიციის მაღალჩინოსანს შორის შელაპარაკებაში გადაიზარდა. ადვოკატის თქმით, ქობულეთის პოლიციის უფროსი დაკავებულს „მკვლელს“ უწოდებდა.

 

„ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩემი თანდასწრებით პოლიციის მაღალჩინოსანი არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას – ის კოლექტივისა და ჩემი თანდასწრებით დაკავებულს უწოდებდა კაცის მკვლელს…“

 

2013 წლის 12 სექტემბერს ადვოკატმა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გიორგი პერანიძისგან ოფიციალური წერილი მიიღო. ამ წერილით დასტურდება, რომ გიორგი გიორგაძის მიერ „განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ აჭარის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება“.

 

ქობულეთის პოლიციის უფროსი აჭარის მთავარ სამმართველოში უბნის რწმუნებულების ხელმძღვანელად 16 თებერვალს, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად დავით თამაზაშვილის დანიშვნისთანავე გადაიყვანეს.

 

„გამოძიება მიმდინარეობს და ასეთ დროს ადამიანს აწინაურებენ. ვფიქრობ, ინფორმაცია არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამიტომ მივმართავ შს სამინისტროს, ბატონ თამაზაშვილს, გაათავისუფლოს დავით დვალიშვილი სამსახურიდან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თენგიზ კახიძე.

 

„ბათუმელები“ დავით დვალიშვილს დაუკავშირდა. ის კომენტარის გაკეთებას მხოლოდ პრესსამსახურთან შეთანხმების შემდეგ შეგვპირდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა სალომე წერეთელმა კი განმარტა, რომ “პოლიციელები კომენტარს არ აკეთებენ”.ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს პოზიციას უწყების პრესსამსახური ასე აყალიბებს:

 

„პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ. სხვა კითხვებს ვერ ვუპასუხებთ“.

 

რაც შეეხება პატიმარ გიორგი გიორგაძეს, – ის განზრახ მკვლელობის ნაწილში გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გაამართლა. პატიმრობა მას ჩხუბის გამო, ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯეს. მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლომ მხოლოდ პატიმრის ის ჩვენება გაიზიარა, რომელიც სასამართლო პროცესზე თქვა.

 

რა ეტაპზეა პოლიციელების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება? – პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი