სამართალი

კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით ყოფილმა მოსამართლემ პარლამენტს მიმართა

2 დეკემბერი, 2013 • • 2170
კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით ყოფილმა მოსამართლემ პარლამენტს მიმართა

ლალი ლაზარაშვილი კუბლაშვილს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში ჩარევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კუბლაშვილმა ის 2010 წელს იძულებული გახადა, განცხადება დაეწერა და თანამდებობა დაეტოვებინა.

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

“ყველაფერი დაიწყო იმით, რომ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში მეც ვიყავი, ერთ–ერთი შრომითი დავა დასაქმებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა. იმ პერიოდში შრომის დავები ძალიან პრობლემური იყო, მაშინ ამგვარი ინტერპრეტაცია იყო, რომ დამსაქმებელს შეუძლია ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, დაუსაბუთებლად გაათავისუფლოს დასაქმებული. ჩვენი გადაწყვეტილების გამო, ბატონმა კონსტანტინემ დაგვიბარა გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეები და სამოქალაქო პალატის სხვა წევრები მის კაბინეტში და მოგვთხოვა ანგარიში ამ კონკრეტულ საქმეზე. მისი საუბარი წარიმართა იმ ტონალობაში, ჩვენ როგორ გავბედეთ, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ განვმარტეთ ეს ნორმა. მან მოგვთხოვა გაგვეჩერებინა მსგავსი საქმეების განხილვა”, – აცხადებს ლალი ლაზარაშვილი. მისი თქმით, ამ ფაქტს მოჰყვა მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება, ასევე, მუქარა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის, ვასილ როინიშვილის მხრიდან, რომელიც მისგან სამსახურის დატოვებას მოითხოვდა.

“როდესაც ამას ვერ მიაღწიეს, მოიფიქრეს და სრულიად მოულოდნელად მოიწვიეს პლენუმი, სადაც ბატონი კოტე გამოვიდა ინიციატივით, რომ მე გადავეყვანე სისხლის სამართლის პალატაში. მიუხედავად იმისა, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი, პლენუმმა გადამიყვანა სისხლის სამართლის პალატაში. ამით დაირღვა კონსტიტუცია, რადგან მოსამართლე კი არა, ნებისმიერი რიგითი თანამშრომელი რომ იყოს, მისი თანხმობის გარეშე ვერც სამსახურში მიიღებს ვინმე და ვერც გადაიყვანს თანამდებობაზე. ეს იყო 2010 წლის 12 ნოემბერს, იმავე დღეს მე დავწერე განცხადება, რადგან შემექმნა ძალიან რეალური საფრთხის შეგრძნება და ასევე, მე ვერ შევძლებდი რეალური მართლმსაჯულების განხორციელებას სისხლის სამართლის პალატაში. 12 ნოემბერსვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მე შემიწყვიტა მოსამართლის უფლებამოსილება”, – აცხადებს ლალი ლაზარაშვილი.

მისი თქმით, მან მიმართა იუსტიციის ახალ უმაღლეს საბჭოს, თუმცა საბჭო ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული და მისი საკითხი არ დაკმაყოფილდა:

 

“მაშინ ვერაფერს ვიზამდი, ამიტომ ახლა მივმართე იუსტიციის ახალ უმაღლეს საბჭოს, თუმცა ჩემი თხოვნა ძველი 6 წევრის აცილებაზე მათ არაფრად ჩააგდეს. მე იუსტიციის საბჭოსგან ვერ დავინახე, რომ ბატონ კოტეს და  სხვა წევრებს უნდათ დამოუკიდებელი სასამართოს შექმნა და ძველი შეცდომების გამოსწორება, მათ მხოლოდ უნდათ ძველი შეცდომების გამართლება. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პარლამენტისთვის მიმემართა. 21 ნოემბერს მივმართე პარლამენტს და ველოდები ინფორმაციას მათგან, ამ საკითხს კარგი შესწავლა სჭირდება და ის დარღვევები, რაზეც მე ვსაუბრობ, სრულ საფუძველს იძლევა, რომ დადგეს კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი”, – აცხადებს ყოფილი მოსამართლე.

ლალი ლაზარაშვილის საქმეს დღეს კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” გამოეხმაურა.

“ლაზარაშვილის საქმის განხილვამ გამოავლინა, რომ საბჭოს მუშაობა დიდწილად წევრთა სუბიექტურ, არათანმიმდევრულ ინტერპრეტაციებსა და ურთიერთშეთანხმებებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სახიფათოა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

 

 

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მისი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე, ეფექტურად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებისა და ბერკეტების გამოყენება და ჯანსაღი, პოლიტიკური თუ ვიწრო ჯგუფური ინტერესებისგან დისტანცირებული, პრინციპული მიდგომებით განახორციელოს კანონით დაკისრებული ფუნქციები.

 

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა კონსტანტინე კუბლაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა როგორც უზენაეს სასამართლოში ხდება ხოლმე, ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი