რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ლაკაევი აფხაზეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. საქართველოში კი ლაკაევის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლითაა აღძრული. ერთი შეეხება იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ხოლო მეორე- პოლიციელის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ან მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას პოლიციელის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი, რაც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
იურისტი გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ როდესაც პირს ბრალი ედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულში და ამავე დროს მის ექსტრადირებას რომელიმე სხვა ქვეყანა ითხოვს, სახელმწიფოს შეუძლია ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის აგებინოს პასუხი და შემდეგ იმსჯელოს ექსტრადირების საკითხზე. თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საქმე არა რუსეთის, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს შეეხება, რაც სიტუაციას ცვლის:
“თუკი პიროვნებამ დანაშაულებრივი ქმედება მართლაც ჩაიდინა და ეს მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს არ არის რუსეთის ტერიტორიაზე, გამომდინარე აქედან, სამართლებრივად რუსეთს ექსტრადირების მოთხოვნის უფლებამოსილება ვერანაირად ვერ წარმოეშვება”, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთი საქართველოს მიმართავს თხოვნით, გადასცეს რუსეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ამ ინფორმაციას სააგენტო რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, მზადდება შესაბამისი თხოვნა, რათა მოხდეს ლაკაევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება. ლაკაევი რუსეთში უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებისთვისაა ნასამართლევი.







