სამართალი

რობაქიძის საქმეში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს

8 ივლისი, 2013 • • 1392
რობაქიძის საქმეში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს

დღეს, სასამართლო პროცესზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქმის არსებით განხილვაზე ყველა მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი, რომელიც დაცვის და ბრალდების მხარემ წარმოადგინა. 

 

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარე მტკიცებულების სახით იმ ვიდეომასალასაც წარმოადგენს, რომელიც ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა. ფირზე აღბეჭდილია 2004 წლის 24 ნომბერს ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ფაქტი. ამ ფირის ავთენტურობის საკითხი ბრალდების მხარის მტკიცებით სადავოა, ხოლო დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ფირი ავთენტურია და საქმის არსებით განხილვაზე სასამართლომ, როგორც მტკიცებულება, ამიტომ დაუშვა.

 

გურამ დონაძის ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, მოსამართლემ დასაშვებათ სცნო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება: “მათ შორის ის ვიდეოფირიც, სადაც 2014 წლის 24 ოქტომბერს მომხდარი გარემოებებია აღბეჭდილი. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა აშშ–ში და რუსეთის ფედერაციაში. ასევე, იუსტიციის სამინისტროს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ეს მასალა ავთენტურია და და ამიტომაც დაუშვა სასამართლომ საქმის არსებით განხილვაზე.”

 

პროკურორი ნათია სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოს ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებული კადრები  მტკიცებულებად არ უნდა ეცნო: “სასამართლომ არ  გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ძალიან დასაბუთებული შუამდგომლობა არა მარტო ირაკლი ფირცხალავას მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირთან დაკავშირებით, არამედ აღნიშნული ვიდეოფირის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებისას ადგილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევას, მაგრამ ვინაიდან ეს ბრალდებულების მდგომარეობას არ აუარესებდა, ამიტომ ისინი დაუშვებლად არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა მიმაჩნია, რომ სასამართლოს ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი, რომ არა მარტო ფირცხალავას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ვიდეოფირი, არამედ ამ ვიდეოფირის საშუალებით გაკეთებული ასლები არ ეცნო მტკიცებულებად. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, თუმცა ამის შეფასების საფუძველი და გასაჩივრების უფლება ბრალდების მხარეს არ გააჩნია.” 

 

ნათია სონღულაშვილის განცხადებით, გარდა ამ მტკიცებულებისა, ბრალდების მხარე სხვა საკითხებსაც ხდიდა სადავოს, რომელიც დაცვის მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი: “არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარვადგინეთ. საქმე 14 ტომია. არც ერთი ფურცელი და არც ერთი მოწმე სასამართლოს დაუშვებლად არ უცვნია. შესაბამისად, ბრალდების მხარე საქმის არსებით განხილვაზე საკმაოდ მყარი არგუმენტებით წარსდგება.”

 

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ აღნიშნული საქმე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუმცა ყველა ბრალდებული, რომელიც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდა, იყო კატეგორიულად წინააღმდეგი: “ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა მათი პოზიციით არის განპირობებული და გადამწყვეტი, ამიტომ სასამართლო დაეთანხმა ბრალდებულების პოზიციას და საქმე აღარ გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და საქმეს განიხილავს ერთი მოსამართლე.”

 

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულის ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, საქმის არსებითი განხილვისას მის მიერ მოპოვებული ვიდეოფირი დაცვის მხარის ერთ–ერთი უმთავრესი მტკიცებულება იქნება: “ეს ფირი პროკურატურამ წარადგინა მტკიცებულებად. ექვსი თვის განმავლობაში თვითონ პროკურატურა ამ ფირზე აწარმოებდა ექსპერტიზას. ჩემთვის გაუგებარია, მათ მიერ წარმოდგენილი ფირი და ექსპერტიზის დასკვნები რატომ არ უნდა მიეღო მტკიცებულებად სასამართლოს.”

 

ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, ბრალდებულების უმრავლესობამ უარი განაცხადა სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და, შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებაზე. რაც შეეხება ნაფიც მცაჯულთა მიერ საქმის განხილვაზე, ფირცხალავა ამბობს, რომ ბრალდებულებს ცხრა წლის განმავლობაში გავრცელებული ინფორამციის გამო საზოგადოება არ ენდობა: “ცხრა წლის განმავლობაში იმდენად მოიწამლა ხალხი ცრუ ბრალდებებით და ცრუ ჩვენებებით, მე არ მგონია, რომ ვიპოვოთ დღეს 12 მიუკერძოებელი მოქალაქე, რომელსაც 9 წელიწადი საქართველოში არ უცხოვრია და რა ინფორმაციაც მოედინებოდა ტელევიზიებიდან, არ აქვს მოსმენილი.”

 

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული გურამ დონაძე, პროკურორს არ ენდობა: “ქალბატონი პროკური იყო სოდის ზედამხედველი პროკურორი და მე, როგორც მოქალაქე, ამ ადამინებს ვურჩევდი, ნაფიცმა მსაჯულებმა მოითხოვონ იმ ადამინების საქმეების განხილვა, რომლებიც ქალბატონ პროკურორს უჩივიან.”

 

გურამ დონაძის განცახდებით, მან თავად იმიტომ თქვა საქმის ნაფიც მსაჯულებისათვის გადაცემაზე, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ თავად ხელისუფლებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს: “რომელ ნაფიც მსაჯულს უნდა ანდონ საქმე, როცა მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა ადამიანების მოწამვლა. პროკურატურამ ყველაფერი სცადა იმისთვის, რომ სასამართლოს მტკიცებულებად არ მიეღო ფირი, რომელიც თავად შემოიტანეს სასამართლოში. FBI–მ ფირი გაასუფთავა და ყველაფერი გამოჩნდა. არსად არ წერია, რომ ამ წუთიდან იმ წუთამდე არის რაღაც მანიპულაციები განხორციელებული. მტკიცებულებად პროკურატურამ წარმოადგინა ნანა ლეჟავას ფილმი. თუმცა პროკუარტურამ არ გამოძია მისი წარმომავლობა, რა მასალებზე აეწყო, ვინ ახმოვანებს და ვისი ხმით არის გადადებული კადრები და რა სიყალბეებია ჩადენილი. დღეს საზოგადოებამ იცის სიმართლე და ჩვენ მიერ წარმოდგენილი ფირის სანდოობა დასტურდება და დღეს ის სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად.”      

 

2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები: გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ბუტა რობაქიძე.

 

აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე. ამ დანაშაულისათვის ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისათვის. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა ამ საქმის გამოძიება და რამდენიმე პირს წაეყენა სხვადასხვა მუხლით ბრალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი