ბაჩო ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ აღნიშნული პირების დაკითხვა მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მოითხოვა. 

პროკურატურა არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას. პროკურორების თქმით, აღნიშნულ საჯარო პირებს შეუძლიათ ნებისმიერ სახის განცხადების გაკეთება და ამას საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დაცვის მხარე ასევე ითხოვს, რომ წულუკიანისა და კბილაშვილის გარდა საქმეს დაერთოს ბიძინა ივანიშვილის და მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, BBC–ს მიერ ბაჩანა ახალაიას შესახებ მომზადებული ფილმი და ნატოს გენერალური მდივანის მიერ ახალაიას დაკავების შემდეგ გაკეთებული განცხადება.

პროცესზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა ბაჩო ახალაიამ. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მიუთითა პროკურორების გამოსვლის დასრულებას დალოდებოდა, მან პასტა და ფურცელი მოითხოვა. ბადრაგის უფროსმა მას პასტის და ფურცლის გამოყენების უფლება არ მისცა, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ ამის ნება დართო:

“სასაცილოა ეს ყველაფერი. ვითხოვე სიტყვა და არ მომცეს, პასტა და ფურცელი ვითხოვე და არ მომეცით, იმათ [პროკურორებს] კი ყველაფრის უფლება აქვთ. მათ უბრალოდ უნდათ საქმეს წამების კვალიფიკაცია მისცენ. მე რომ იუსტიციის მინისტრი ვყოფილიყავი, ამათ ყველას გავათავისუფლებდი. გასაგებია, რომ პოლიტიკური შეკვეთაა, მაგრამ აქ ეს ადამიანები წამების ფაქტებს ხელოვნურად ქმნიან”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ. მისი თქმით, პროკურატურამ არ იცის ჯარის სპეციფიკა:

“გინდათ კალანდაძეს კითხეთ, როგორ ხდება ამერიკაში, ჯარს ხანდახან საჭმელს შორიდან აყურებინებენ და არ აჭმევენ, ეს არ არის წამება, რასაც თქვენ წამებად თვლით”, – აღნიშნა ახალაიამ. მან პროკურორებს მიმართა, დაესახელებინათ, თუ არსებობდა საქმეში რაიმე მტკიცებულება გარდა მოწმეების ჩვენებებისა, თუმცა პროკურორებს პასუხი არ გაუციათ. ახალაიამ აღნიშნა, რომ ბევრად მეტი მტკიცებულება იქნებოდა საქმეში, მისთვის თავისუფლად ჩართვის საშუალება რომ მიეცათ.

ბაჩო ახალაიას და სხვა პირების სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე განახლდება. პროცესზე სხვადასხვა შუამდგომლობების მოსმენა და დებულებების წარდგინება მოხდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *