სამართალი

ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ისმჯელა

18 დეკემბერი, 2012 • 1140
ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ისმჯელა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჯანდაცვის კომიტეტმა შენიშვნები გაითვალისწინა, რის გამოც უმცირესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს:

“პირველი ჩანაწერი იყო ისეთი ფორმით მოცემული, რომ მონოპოლურ–ექსკლუზიურ უფლებებს აძლევდა კერძო სტრუქტურას, მაგალითად, დამსაქმებელთა ასოციაციას და გაერთიანებულ პროფკავშირს. ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ არ შეიძლება კანონპროექტმა ჩააყენოს ვიღაცა მონოპოლისტურ მდგომარეობაში. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ იქ ფორმულირება უნდა შეცვლილიყო და ნაცვლად იმისა, რომ ჩაწერილიყო პირადი პროფკავშირები და პირადი დამსაქმებელთა ასოციაცია, ჩაიწერება დამსაქმებელთა გაერთიანებები და პროფესიული გაერთიანებები. ანუ ნებისმეირ დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს სოციალურ დიალოგში.”

 

კომიტეტმა შენიშვნები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებშიც:

“სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე ცვლილებები გაითვალისწინა ჯანდაცვის კომიტეტმა. იქ იყო ჩანაწერი, რომელიც აჩენდა საფრთხეს, რომ დამქირავებელი შეიძლებოდა ორი წლით მოხვედრილიყო ციხეში, თუ ის თანამშრომელს გაათავისუფლებდა.  წინა კომიტეტზეც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მოხდა რედაქციული გაერთიანება და ჩვენი აზრით, დღეს წარმოდგენილი ვარიანტი ბევრად უკეთესი იყო. წინა კანონპროექტის მიხედვით, თუ დამქირავებელი უკანონოდ გაათავისუფლებდა დასაქმებულს, შეიძლებოდა ორი წლით მოხვედრილიყო ციხეში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რომ ეს ამოეღოთ და იქნება ამოღებული და დარჩა ჩანაწერი, რომ თუ ადამიანს დამსაქმებელი აიძულებს, რომ დაწეროს განცხადება და სამსახურიდან წავიდეს, რისი პრობლემაც დღესაც დგას, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, მხოლოდ ეს იქნება დასჯადი ქმედება,” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონპოექტს, მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა და მისი განხილვა მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება.

 

უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, კომიტეტზე წარმოდგენილი დემონოპოლიზაციის კანონპროექტი ბევრი საფრთხის შემცველი იყო, რის გამოც მათ მოითხოვეს ექსპერტების მონაწილეობა ამ კანონპროექტის განხილვაში, რათა ყველა დეტალი კარგად გაირკვეს.

 

“დემონოპოლიზაციის კანონს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, რამდენიმემ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, რის გამოც ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა კანონპროექტმა და საკითხი მომდევნო სხდომისთვის გადაიდო,”– განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საპარლამენტო უმცირესობას:

“დემონოპოლიზაციის კანონი გულისხმობს მონოპოლიური ვერტიკალების დაშლას და, ეტყობა, ეს საშიშროებას უქმნის უმცირესობის წარმომადგენლებს და იმ კომპანიის ლობისტებს, ვისაც ეს საფრთხეს უქმნის.”

დემონოპოლიზაციის კანონპროექტის და სამსახურის იძულების წესით დატოვების კრიმინალიზების კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილია, თუმცა იმ მიზეზით, რომ მეორე კომიტეტის სხდომაზე აგვიანდებოდა, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი