სამართალი

ყოფილი ჩინოვნიკები ‘ნაციონალი’ დეპუტატის წინააღმდეგ

31 ოქტომბერი, 2012 • 2055
ყოფილი ჩინოვნიკები ‘ნაციონალი’ დეპუტატის წინააღმდეგ

წერილის ავტორია ერთ-ერთი მთავარი მოწმე და დაზარალებულიც, წერილი კი აჭარაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსული მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა, რასაც  ჩინოვნიკის სატელევიზიო სიუჟეტად ქცეული დაკავება მოჰყვა.

 

„დათა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა,“ –  ამ ფრაზის ავტორი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად პარლამენტარი კახა ბუცხრიკიძეა. ასეთი შინაარსის ცნობა ახალაიამ ბუცხრიკიძისაგან შემდგომში ბრალდებული ჩინოვნიკის, ავთანდილ აბაშიძის სამუშაო კაბინეტიდან მიიღო. 

 

„წარმატებული ოპერაციის“ შედეგად 2005 წლის  31 მაისს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილად ცნეს და დააკავეს.  

 

7  წლის შემდეგ ავთანდილ აბაშიძე და თემურ ხოზრევანიძე ითხოვენ, რომ საქმე ძიებაში დაბრუნდეს. ავთანდილ აბაშიძე აცხადებს, რომ მას ორი მიზანი აქვს: ღირსების რეაბილიტაცია და პროვოკაციის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ავთანდილ აბაშიძეს ასეთ პირებად ამ მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ხულოს ყოფილი გამგებელი თემურ ბოლქვაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძე მიაჩნია. 

 

ოფიციალური ვერსიით ავთანდილ აბაშიძე  და თემურ ხოზრევანიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კაბინეტში 500 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

 

საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ დიდაჭარაში მცხოვრები მოქალაქე მ.ხ. ჩინოვნიკს ქრთამს სთავაზობდა იმის სანაცვლოდ, რომ მონაცემთა ბაზაში განხორციელებულიყო ცვლილება, კერძოდ, მეწყრით დაზარალებულთა მესამე კატეგორიის სიიდან პირველ კატეგორიაში გადაეყვანათ. გამოძიების ვერსიით, აბაშიძის კაბინეტიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 5 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელიც  სპეციალური ხსნარით იყო დამუშავებული.

 

მომხდარის ავთო აბაშიძისეული ვერსია კი ასეთი იყო: „ეს ახალგაზრდა ქალბატონი შემოვიდა კაბინეტში, ეკომიგრანტთა სია მომიტანა და მითხრა, რომ ეკომიგრანტებმა ჩემთან საჩუქრის მიზნით გამოატანეს ფული. მე ვუთხარი, რომ მეორედ ასეთ რაღაცაზე ჩემთან არ მოსულიყო და კატეგორიულად ვუბრძანე, კაბინეტი დაეტოვებინა. 10 წუთის შემდეგ შემოვიდა დეპარტამენტის უფროსი თ. ხოზრევანიძე და მითხრა, რომ ეს საბუთები  მ.ხ.-მ გადმოსაცემად გამომატანაო. მე ვუყვირე, რომ კაბინეტიდან ახლახანს გავაგდე-მეთქი და საბუთებს შორის შევნიშნეთ დოლარის კუპიურები“ (ამონარიდი ოფიციალური ჩვენების ტექსტიდან).

 

თემურ  ხოზრევანიძის ოფიციალური  ჩვენებიდან: „დერეფანში აბაშიძის კაბინეტთან წინ გადამიდგა მ.ხ., რომელმაც ხელში სიები შემომაჩეჩა და მთხოვა, აბაშიძისთვის გადამეცა. გაუხსნელად შევუტანე ა. აბაშიძეს, შევნიშნეთ სიებში ჩაწყობილი კუპიურები. აბაშიძემ მკაცრი ტონით მითხრა დავდევნებოდი და დამებრუნებინა მის მიერ გადმოცემული ფული, ლიფტით ჩავედი ფოიეში  და ვკითხე ისეთი გარეგნობის ქალი თუ გავიდა გარეთ-მეთქი, მითხრეს, რომ მსგავსი არავინ დაუნახავთ…  შევედი აბაშიძის კაბინეტში, რომ მომეხსენებინა – ვერ ვიპოვე-მეთქი. კაბინეტში შესვლის დროს უცნობმა პირმა სახელი და გვარი მკითხა, ამ დროს შემოცვივდნენ  უცხო პირები, უხეშად გვექცეოდნენ და გვითხრეს, დაკავებულები ხართო. ჩვენ მოვითხოვეთ ადვოკატები.“

 

დაკავების ოქმს დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი თემურ ხოზრევანიძე და ავთანდილ აბაშიძე ხელს არ აწერენ.

 

საქმეში ფიგურირებს მთავარი მოწმისა და დაზარალებულის მ.ხ.-ს წერილი დავით ახალაიას მიმართ, რომელიც მაშინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე იყო. ამონარიდი წერილიდან: „ვარ სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახი, ვექვემდებარები სხვა ოჯახთან ერთად ჩასახლებას, სიები შედგენილია… ვირიცხები მესამე კატეგორიაში. პირველ კატეგორიას აქვს  პრივილეგია – პირველ რიგში, ექვემდებარება ჩასახლებას, მე შევხვდი ავთანდილს  და ვთხოვე გადავეყვანე პირველ კატეგორიაში, მაგრამ ამისთვის მომთხოვა 100 აშშ დოლარი…“ –  ვკითხულობთ მოწმის ჩვენებაში.

 

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მთავარი მოწმის ჩვენება შეიცავს რიგ უზუსტობებს. კერძოდ: 1. მოწმის ოჯახი დიდაჭარაში მეწყერსაშიშ ზონაში არ ცხოვრობს; 2. მისი სახელი და გვარი ვერც მესამე კატეგორიის დაზარალებულთა სიაში აღმოაჩინეს. 

 

გარდა ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულია ნებართვა, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარული და აუდიო-ვიდეოჩანაწერის განხორციელების, მაგრამ საქმის დეტალებში სპეცოპერაციის ამსახველი ფირის ორიგინალი არ იძებნება. ვიდეოფირის  ორიგინალი  რომ არ  არსებობს, ამას  მოწმობს ისიც, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ჯ. კიკნაძე მიმართავს ოფიციალური წერილით საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს კახა ბუცხრიკიძეს, გადაუგზავნოს ოპერაციის ამსახველი ვიდეოფირის ორიგინალი და მიუთითებს, რომ 2005 წელს გაგზავნილი ვიდეოფირი არ წარმოადგენს ორიგინალს. ჩანაწერი რომ დამონტაჟებულია და ფირი მოსასმენად არ ვარგა, ეს ექსპერტიზის დასკვნაშიცაა აღნიშნული.

 

ავთანდილ აბაშიძეს აქვს ეჭვი, რომ ფირი, რომელზედაც ასახულია, როგორ გააგდო მან ქრთამის შემთავაზებელი კაბინეტიდან, სწორედ ბუცხრიკიძის  მითითებით გაანადგურეს.

 

კახა ბუცხრიკიძე ახლა პარლამენტში თერჯოლის მაჟორიტარია. მას 1997-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, 2006-2008 წლებში კი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუცხრიკიძის იდენტიფიცირება შეძლეს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისას და ასევე, პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალაში. თავად ბუცხრიკიძე ამას სიცრუეს უწოდებს: “სიცრუეა, რომ თითქოს ციხის ვიდეოს კადრებში ვმონაწილეობდი”.

 

ავთანდილ აბაშიძე აცხადებს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ასევე, ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ ბოლქვაძეც, აბაშიძის თქმით, ბოლქვაძე მოწმის „დავერბოვკებით“ იყო დაკავებული.

 

„იმ პერიოდში უშიშროებაში ვმუშაობდი. იმ დღეს შემთხვევით ავღმოჩნდი უშიშროებაში და აქედან გამომდინარე, მივიღე მონაწილეობა სპეცოპერაციაში, თუმცა სპეცოპერაციის წევრი არ ვიყავი,” – ამბობს თემურ ბოლქვაძე „ბათუმელებთან” საუბარში. ის უარყოფს ბრალდებას მ.ხ.-ს „დავერბოვკებასთან“ დაკავშირებით.  

 

„გადახედონ საქმეს, კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით. მე საეჭვოს ვერაფერს ვხედავ მაგ საქმესთან დაკავშირებით,“ – განაცხადა დეპუტატმა კახა ბუცხრკიძემ “ბათუმელებთან” საუბარში.

 

ავთანდილ აბაშიძესა და თემურ  ხოზრევანიძეს, დაკავებიდან მალე ბათუმის საქალაქო სასამართლომ  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვინაიდან აბაშიძის ჯანმრთელობა გაუარესებული იყო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პროცესი საავადმყოფოს პალატაში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილება მედიკოსების აქციის ფონზე მიმდინარეობდა, აბაშიძის დაკავებას მაშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც აპროტესტებდნენ.  

 

მაშინ აჭარის უმაღლესი  სასამართლოს  მოსამართლემ ნუგზარ მგელაძემ  წარმოდგენილი მტიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია და ორივე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

ყოფილი მოსამართლე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი ამ გადაწყვეტილების გამო აჭარის მაშინდელი პროკურორი, კახა მაისურაძე, მასთან კაბინეტში მივიდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა. მალე  მგელაძეს მოსამართლის სტატუსი შეუჩერდა. 

 

საქმის ძიება ერთ წელსა და 6 თვეს გაგრძელდა. გამოძიების მასალებიდან გამომდინარე, აბაშიძე და ხოზრევანიძე  გამართლებას და რეაბილიტაციას ელოდნენ, მაგრამ ხოზრევანიძე ამბობს, რომ მათი გამართლების წინააღმდეგი ზურაბ ადეიშვილი  წავიდა. ბოლოს საქმე საპროცესო გარიგებით  დასრულდა, თუმცა ყოფილ ჩინოვნიკებს თანხა არ გადაუხდიათ და ისინი არც პატიმრობაში დაუბრუნებიათ. ავთანდილ აბაშიძის ადვოკატის, მიხეილ გორგილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს  ბრალდება შეეცვალა და დანაშაული დაკვალიფიცირდა, როგორც დანაშაულის  შეუტყობინებლობა.

 

ავთანდილ აბაშიძე და თემურ ხოზრევანიძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ელოდებიან, ისინი ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური რეაბილიტაცია და საქმეში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის დაყენების საკითხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი