სამართალი

ცოტნე გამსახურდია პატრიარქის თხოვნით გაათავისუფლეს

24 ოქტომბერი, 2012 • • 3304
ცოტნე გამსახურდია პატრიარქის თხოვნით გაათავისუფლეს

როგორც გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი პრეზიდენტის შვილი პატრიარქის თხოვნის შედეგად შეიწყალა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ცოტნე გამსახურდიამ პირველად კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოინახულა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამ შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ქეთი ბექაური ავრცელებს. იგი ასევე წერს, რომ ცოტნე გამსახურდია საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. ცნობილია, რომ ციხეში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ერთ–ერთ ბოლო პროცესზე თბილისის სააპელაციო სასამრთლოში ცოტნე გამსახურდია ხერხემლის პრობლემის გამო ვერ ჯდებოდა და 2.5 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს და მას იარაღის უკანონოდ ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალი წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 9 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, ციხის სავადმყოფოში ყოფნისას, მას ბრალად სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება წაუყენეს, რაშიც სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო და საერთო ჯამში მას 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი პრეტენზიები ცოტნე გამსახურდიას მიმართ ამით არ მთავრდება. მის წინააღმდეგ საქმე ორი – 314–ე და 315–ე მუხლით არის აღძრული, რაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალიწინებულ საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

 

რაც შეეხება ქრთამის შეთავაზების ბრალდებას, თბილისი საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორ შოთა რიჟამაძის საბრალდებო დასკვნის არგუმენტები და დაადგინა, რომ ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელ ხვიჩა ბასოშვილს  ციხის გარეთ წერილის არალეგალურად გატანის სანაცვლოდ 500 ლარი 2010 წლის 7 ივნისს შესთავაზა.  ამ დროისათვის გამსახურდიას უკვე მისჯილი ჰქონდა ცხრაწლიანი პატიმრობა, თუმცა, ადვოკატის თქმით, ეს საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი