საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე 10 თვეა, არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამსახურში არ აბრუნებს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ლია გაბიძაშვილს. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ლია გაბიძაშვილმა სამინისტროსგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 26 ნოემბერს შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება სკოლის ყოფილი დირექტორის, ლია გაბიძაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ლია გაბიძაშვილი აღდგენილ იქნას ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორად იმ დროიდან, რა დროიდანაც მას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. განათლების სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ, 2011 წლის მაისის გადაწყვეტილებით, საქმე წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, მოგებულიც ლია გაბიძაშვილი დარჩა, თუმცა ეს სკოლის დირექტორზე ვერ აისახა – ის კვლავ უმუშევარია.
ლია გაბიძაშვილმა დირექტორთა კონკურსში 2007 წელს მიიღო მონაწილეობა. ლოტოტრონით შემთხვევევითი შერჩევის შედეგად კი ბოლნისის რაიონში, სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანული სკოლაში მოხვდა, რის შემდეგაც სკოლის სამეურვეო საბჭომ ლია გაბიძაშვილს ხელშეკრულება 2007 წლის 5 ოქტომბერს გაუფორმა. იგივე სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორს ხელშეკრულება, ცალმხრივად, 2008 წლის 18 იანვარს გაუუქმა.
ლია გაბიძაშვილის თქმით, მას სკოლაში მისვლის პირველივე თვეებიდანვე შეექმნა პრობლემები სკოლის სამეურვეო საბჭოსთან. მისი აზრით, ეს გამოწვეული იყო მის მიერ სკოლაში არსებული სხვადასხვა უკანონობის გამოვლენითა და წესრიგის დამყარებით, რამაც გაანაწყენა სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები.
2009 წლის თებერვალში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ნიკა გვარამიასადმი გაგზვნილ წერილში ლია გაბიძაშვილი წერს, რომ მან აზერბაიჯანულ სკოლაში გახსნა ქართული კლასები აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის, გარდა ამისა, სკოლის ყოფილი დირექტორი შუქურ ისმაილოვი ამხილა ყალბი ატესტატისა და მოსწავლის ცნობის გაცემაში, რის გამოც ისმაილოვს პასუხისმგებლობა დააკისრეს. ლია გაბიძაშვილისვე თქმით, მან შეამცირა სკოლის ადმინისტრაციული ხარჯები, დახურა ფიზკულტურის ფორმალური წრეები. ნახიდურის სკოლის ყოფილი დირექტორი იხსენებს, რომ მან დახურა სკოლაში გახსნილი ”ჩაიხანა”, სადაც სკოლის მამაკაცი თანამშრომლები თამაშობდნენ ნარდს და მირთმევდნენ ჩაის, ასევე, გაამკაცრა მასწავლებელთა აღრიცხვა.
”რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულმა ჩემმა ქმედებებმა ეს ადამიანები გაანაწყენა და გადაწყვიტეს ჩემი დისკრედიტაცია,” – ამბობს ლია გაბიძაშვილი. ამტკიცებს, რომ მასსა და სკოლის სამეურვეო საბჭოს შორის ურთიერთობას ბოლნისის რესურს-ცენტრის ყოფილი უფროსი შორენა გაბრიჭიძეც ძაბავდა.
ნახიდურის სამეურვეო საბჭოს მიერ 2008 წლის 18 იანვარს ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ ლია გაბიძაშვილმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ლია გაბიძაშვილი კვლავ დაბრუნდა დირექტორის პოსტზე.
ნახიდურის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ სკოლაში ახალი სამეურვეო საბჭო უნდა არჩეულიყო, მაგრამ ეს არ მომხდარა. იგივე სამეურვეო საბჭომ ლია გაბიძაშვილს ხელშეკრულება ხელმეორედ 2008 წლის 26 ივლისს გაუწყვიტა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კი, განათლების სამინისტრომ ლია გაბიძაშვილს ხელშეკრულება 2008 წლის 10 სექტემბერს გაუწყვიტა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სამეურვეო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებაც გააუქმა 2009 წლის 9 თებერვალს, თუმცა სასამართლომ სკოლის ყოფილ დირექტორს უარი უთხრა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე.
ამის შემდეგ ლია გაბიძაშვილმა სამსახურში აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო კიდეც. 2011 წლის მაისში კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკამყოფილა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი და საქმეში საბოლოო გამარჯვებულად ლია გაბიძაშვილი დარჩა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლია გაბიძაშვილი სამსახურში 2007 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით უნდა აღდგენილიყო. იმდროინდელი ხელშეკრულების მიხედვით კი, გაბიძაშვილს ნახიდურის საჯარო სკოლაში 2013 წლამდე უნდა ემუშავა. ფაქტობრივად კი, გამოვიდა, რომ სასამართლოში წარმოებული მრავალწლიანი დავის გამო 2009 წლის თებერვლიდან დღემდე უმუშევარია.
ლია გაბიძაშვილის ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარს აღწევდა, შესაბამისად, მას განაცდურის სახით 30 ათას ლარზე მეტი აქვს მისაღები. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სასამართლოსთვის გნაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს და ამას უახლოეს მომავალში აუცილებლად იზამს.
”განაცდურს არ დავეძებდი. სამინისტროს ვეხვეწებოდი, ოღონდ სამსახურში დამაბრუნეთ და სასამართლო დავას შევწყვეტ, არც განაცდურს მოვითხოვ-მეთქი, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ელემენტარულად, თავმოყვარეობა მელახება, როცა ჩემი ცოდნითა და განათლებით ვერც ერთ სკოლაში ვერ დავიწყე მუშაობა,” – უთხრა ლია გაბიძაშვილმა ”ნეტგაზეთს” და მარნეულის სკოლაში მუშაობის დაწყების წარუმატებელი მცდელობაც გაიხსენა.
სამსახურში აღდგენისა და განაცდურზე უარის თქმის მზაობაზე ლია გაბიძაშვილი მინისტრ დიმიტრი შაშკინისთვის 2010 წლის აპრილში გაგზავნილ წერილშიც წერს.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსულებას გაბიძაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან 2011 წლის მაისიდან უშედეგოდ ელოდება, სამინისტროში კი ყოველ ჯერზე სხვადასხვა დეპარტამენტებში გზავნიან და საბოლოო პასუხს არ ეუბნებიან, თუ როდის შეძლებს კუთვნილ სამსახურში, ნახადურის საჯარო სკოლაში მუშაობის გაგრძელებას. ლია გაბიძაშვილმა აღსრულების ბიუროსაც მიმართა, მაგრამ შედეგი ვერც ამან გამოიღო.
საქართველოს განათლების სისტემაზე გულაცრუებული ფილოლოგი, ლია გაბიძაშვილი ამბობს, რომ დარჩენილ საბოლოო სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, ”სხვა გამოსავლის” მოძებნას დაიწყებს. ”სხვა გამოსავალი” კი ლია გაბიძაშვილისთვის საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაა.
”ოჯახი მყავს სარჩენი. მე იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ წლობით უმუშევარი ვიყო,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ლია გაბიძაშვილმა.
ჩვენ ორი დღის მანძილზე ვცდილობდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაგვერკვია, რატომ არ ასრულებს სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას და რატომ არ აბრუნებს სამსახურში ლია გაბიძაშვილს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პოტრჟებსკაიამ ”ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და ტელეფონს მუდმივად თიშავდა.