საზოგადოებასამართალი

კერძო დეტექტივი – დაუსჯელი და უკონტროლო თვალთვალი

8 აგვისტო, 2016 • 9258
კერძო დეტექტივი – დაუსჯელი და უკონტროლო თვალთვალი

ეჭვობთ, რომ ქმარი ან ცოლი გღალატობთ? ამას კერძო დეტექტივი ერთკვირიან ვადაში 1500 ლარად გაგირკვევთ, იმის მიუხედავად, რომ მათი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული და მოიცავს ფარულ თვალთვალს, ფოტო-ვიდეოსგადაღებას და ა.შ.

როგორ ახერხებენ დეტექტივები მუშაობას და ირღვევა თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იმ “გამოსაძიებელი ობიექტის” მიმართ?

საქართველოში რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც კერძო დეტექტივის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, მათი პოვნა ონლაინ, მარტივი საძიებო სისტემის მეშვეობითაც შეიძლება. მითითებული აქვთ, როგორც საკონტაქტო ინფორმაცია, ისე კომპანიის მისამართიც. “ნეტგაზეთი” 6 ასეთ კომპანიას დაუკავშირდა. უმეტესობამ საკუთარ საქმიანობაზე მედიით საუბარი არ ისურვა. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათი საქმიანობის სფერო მხოლოდ ბიზნესთან დაკავშირებულ საქმეებს უკავშირდება და პირადი ცხოვრების შესახებ საქმეებს ხელს არ ჰკიდებენ. ამ კომპანიების უმეტესობას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც იმ მომსახურეობის დეტალურად ნახვა შეიძლება, რომლებსაც ისინი პოტენციურ კლიენტებს თავაზობენ.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, თქვენ შეგიძლიათ კომპანიის თანამშრომელი დეტექტივები დაიქირავოთ კერძო გამოძიებისთვის, პარტნიორის საიმედოობის დასადგენად, მოზარდებზე მეთვალყურეობისა და მათი ნეგატიური ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ძიძებზე მეთვალყურეობის გასაწევად და სხვა. თუმცა იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც “ნეტგაზეთს” ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ღალატის დადგენის შემთხვევები ყველაზე მეტია.

“კერძო დეტექტივი ქალები” FPI-ის დირექტორი ნინო გაბადაძე ამბობს, რომ კვირაში ორჯერ მაინც მიმართავენ ღალატის ფაქტის დასადგენად. ასეთი მიმართვის ავტორები, როგორც ნინო გვეუბნება, ძირითადად ქალები არიან.  ღალატის ფაქტის დადასტურება მალე ხდება, ამისთვის დაახლოებით 5-7 სამუშაო დღეა საჭირო. ერთი, 8 საათიანი სამუშაო დღე დამკვეთს ორასი ლარი უჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხის გარკვევა დაინტერესებულ პირს 1500 ლარის ფარგლებში შეუძლია. თუმცა შესაძლოა საქმეზე ორი დეტექტივის დაქირავება გახდეს საჭირო, შესაბამისად, ფასი იზრდება.

ღალატის ფაქტის დადგენის გარდა, პოპულარობით სარგებლობს შვილების კონტროლის სერვისის გამოყენებაც, რომლის ფარგლებში კერძო დეტექტივები ადგენენ, ვისთან ურთიერთობს დამკვეთის შვილი, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკებს, ან ჩართულია თუ არა აზარტულ თამაშებში. ამ სერვისს იყენებენ როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი შვილების შემთხვევაში.

15883

კომპანიის “კერძო დეტექტივი ქალები” დირექტორი ნინო გაბადაძე გვეუბნება, რომ არის ისეთი შემთხვევბი, როდესაც დედამთილი და რძალი მიდიან მათთან, რათა რძალმა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით იმ კითხვებს უპასუხოს, რომლებიც დედამთილს აინტერესებს, ძირითადად ეს კითხვები ეხება იმას, თუ რა მორალური კატეგორიები აქვს რძალს, მათ შორის კითხვა ეხება იმასაც, ჰყოლია თუ არა რძალს სხვა პარტნიორი:

“ხდება რძლის წარსულის შემოწმება, რას ფიქრობს მის ოჯახზე, ვადგენთ კითხვარს. ვინც მოჰყავთ შესამოწმებლად ის ინფორმირებულია ამის შესახებ, წინასწარ ეცნობა შეკითხვებს და ხელწერილით გვიდასტურებს, რომ თანახმაა პროცედურა გაიაროს. ამ მომსახურეობის ღირებულება 100 დოლარია”- გვეუბნება ნინო.

დეტექტივების მიერ ინფორმაციის მოპოვების გზები და მათი კანონიერება

კერძო დეტექტივები დავალების შესასრულებლად იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა თვალთვალი, ადევნება, ფოტო-ვიდეოგადაღება. იმ კომპანიის წარმომადგნელები, რომლებიც “ნეტგაზეთს” ესაუბრნენ, აცხადებენ, რომ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ დამკვეთი და გამოსაძიებელი ობიექტი ერთმანეთთან რეგისტრებულ ქორწინებაში არიან, ანუ მათი ერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, ან დგინდება ნათესაური კავშირი (შვილზე თვალთვალის შემთხვევაში).

კომპანია “ჰაბლის” დირექტორი პაატა ხვედელიძე გვიხსნის, რომ კანონს ერთმნიშვნელოვნად  არ აქვს განსაზღვრული და გამიჯნული ერთმანეთისაგან  პირადი ცხოვრება და ოჯახური საიდუმლო:

“კანონმდებელმა თავიდანვე არ გამიჯნა, რა არის პირადი ცხოვრება და რა არის ოჯახური საიდუმლო, შეიძლება თუ არა მეუღლეს მეუღლისგან გააჩნდეს საიდუმლო, არის თუ არა მეუღლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი და აქვს თუ არა უფლება, ცოლმა იცოდეს ქმარი სად დადის? ეს გამიჯნული არაა და ვერ გაიმიჯნება იმიტომ, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ასეთ რამეს. ოჯახური საიდუმლო ნიშნავს, რომ ეს ყველას საიდუმლოა, რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ პირადი ცხოვრება ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს”,- ამბობს პაატა ხვედელიძე

იგი ასევე განმარტავს, რომ როცა საქმის დასრულების შემდეგ მესამე პირზე გადიან, ანუ იმ ადამიანზე, რომელიც დამკვეთის ქმრის/ცოლის პარტნიორია, მის შესახებ ინფორმაციას დამკვეთს არ აწვდიან, ხოლო ფოტოებზე, რომლებსაც, როგორც ღალატის დამადასტურებელ მტკიცებულებას, გადასცემენ დამკვეთს, მესამე პირის სახე დაშტრიხული ან დაბლარულია:

“იმიტომ, რომ ეს ოჯახური საიდუმლოს ფარგლებს სცილდება და გადადის სხვის პირად ცხოვრებაზე, ამიტომ მესამე პირზე ინფორმაციის მიწოდება კანონდარღვევა იქნება”- ამბობს პაატა.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი შორენა ლოლაძე ამბობს, რომ კომპანიების ამგვარი დამოკიდებულება მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას.

“იქ ფაქტი, რომ ცოლს აქვს უფლება, მის ქმარზე იცოდეს ყველაფერი, ემყარება მხოლოდ მორალურ-ეთიკურ საწყისებს, თუმცა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ოფიციალური ქორწინება არ ნიშნავს, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ, თქვენი მეუღლის პერსონალური ინფორმაცია და მისი პირადი ცხოვრება გაააკონტროლოთ მისი თანხმობის გარეშე. ნებისმიერ ადამიანს თავისი კანონიერი უფლებები გააჩნია. ამიტომ მე რომ ვიღაცის ცოლი ვარ ან ჩემი ქმარია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ  ადამიანს აქვს ჩემს პირად სივრცეში ჩარევის უფლება. ეს ცალსახაა”,- ამბობს ლოლაძე.

კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც ღალატის დადასტურებისთვის იყენებენ, საცხოვრებელ სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერების დაყენებაა. როგორც კომპანია “ჰაბლის” დირექტორი განმარტავს, ასეთ შემთხვევაში ის საცხოვრებელი სახლი, სადაც სათვალთვალო კამერები ყენდება, აუცილებელი დამკვეთის საკუთრებაში, ან მის ნაწილობრივ მფლობელობაში მაინც უნდა იყოს:

“არც ამ შემთხვევაში არის კანონდარღვევა იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აკრძალული არსადაა, ვერავინ დაუშლის მესაკუთრეს, მის საკუთრებაში მყოფ კერძო ქონებაში, სადაც და როგორც უნდა კამერები დაამონტაჟოს”,- ამბობს პაატა ხვედელიძე.

იგი ასევე განმარტავს, რომ მათი საქმიანობა ამ შემთხვევაში მხოლოდ აპარატურის მონტაჟით, მისი მიყიდვით ან მიქირავებით შემოიფარგლება. მათ არ აქვთ წვდომა იმ მასალასთან, რომელიც ვიდოეკამერებმა ჩაიწერეს და არც ამ მასალას ამუშავებენ. კამერების გადაცემის შემდეგ კომპანია დამკვეთთან ხელშეკრულებასთან ერთად დებს ხელწერილსაც, რომ ამ წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია არ იქნება  გამოყენებული კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი შორენა ლოლაძე განმარტავს, ზოგადად მესაკუთრეს უფლება აქვს, საკუთარ ფართში დაამონტაჟოს ფოტო-ვიდეოკამერა, თუმცა მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ შელახოს სხვისი კანონიერი ინტერესები.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მეუღლეები ცხოვრობენ ერთად და მხოლოდ მესაკუთრის ინიციატივით ხდება კამერის დამონტაჟება, საჭიროა მეორე მეუღლის ინფორმირებაც, რადგან შესაძლოა ვიდეოთვალთვალის გამო შეილახოს ამ პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოება”,- ამბობს იურისტი.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში, როცა კომპანიები მხოლოდ აპარატურის მონტაჟით კავდებიან, კომპანიის მოქმედების კვალიფიკაცია პროკურატურის კომპეტენციაა:

“თუმცა, ფაქტი ერთია, რომ კანონსაწინააღმდეგო დავალების შესრულება უკვე წარმოშობს სამართლებრივად გარკვეულ პასუხიმგებლობას და თუ ვიტყვით იმას, რომ ქმარი დაცული უნდა იყოს ცოლის თუ ოჯახის სხვა წევრებისგან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისგან, ბუნებრივია, ამ კომპანიის მხრიდან ხელის შეწყობაც კანონდარღვევა იქნება”,- ამბობს ლოლაძე.

33963

კერძო დეტექტივების საქმიანობა კანონმდებლობის მიღმა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კერძო დეტექტივების საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე საქმე შეისწავლა. ირკვევა, რომ აქტები, რომლებიც ამგვარი კომპანიების საქმიანობას არეგულირებენ, საერთოდ არ არსებობს.  ასეთ აქტებში იგულისხმება ისეთი დოკუმენტები, რომლებიც ლიცენზიის გაცემის წესს, პირობებს ან ვადას დაადგენს:

“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო დეტექტივების მუშაობა არის კანონმდებლობით აბსოლუტურად მოუწესრიგებელი. ადმინისტრაციული წესით ამის რეგულირება არ ხდება. არც ისეთი ორგანო არსებობს, რომელიც აკონტროლებს, მაგალითად, ამ ტიპის დაწესებულებების მუშაობის კანონიერებას და ა.შ. იმ ფარგლებში, რომ რეგულაციები არ არსებობს და სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომ დასაშვებია ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ აკრძალული არ არის, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ტიპის საქმიანობას შედეგად მოჰყვეს კერძო ფიზიკური თუ იურიდიული პირების უფლებების დარღვევა”,- ამბობს შორენა ლოლაძე.

იმის გამო, რომ კერძო დეტექტივების საქმიანობა დარეგულირებული არ არის, ასევე არ ხდება იმის კონტროლი, თუ როგორ ხდება მოპოვებული ინფორმაციის შენახვა ან განადგურება. “ნეტგაზეთმა” შეკითხვით მიმართა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს – განუხორციელებია თუ არა კონტროლი იმაზე, თუ როგორ ამუშავებენ და ინახავენ პირის შესახებ პირად ინფორმაციას ის კომპანიები, რომლებიც კერძო დეტექტივების გამოყენებით მოიპოვებენ ამგვარ ინფორმაციას. ინსპექტორის აპარატში გვიპასუხეს, რომ მათთვის დეტექტივების საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეებს განცხადებით არ მიუმართავთ, თუმცა ინსპექტორმა 2015 წელს საკუთარი ინიციატივით  ჩაატარა მხოლოდ ერთი კერძო დეტექტივის მიერ მონაცემთა შეგროვებისა და შემდგომი დამუშავების პროცესის ინსპექტირება. როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, ამ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დეტექტივი ფიზიკური პირებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით იყენებდა მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს და აღნიშნულ საქმეზე კანონდარღვევა არ გამოვლენილა

მასალების გადაბეჭდვის წესი