ახალი ამბებისამართალი

ალიბეგაშვილი ვერ აკონკრეტებს, რომელი კანონით არ უშვებს სხდომაზე მოქალაქეებსა და დეპუტატებს

10 ოქტომბერი, 2017 • 3916
ალიბეგაშვილი ვერ აკონკრეტებს, რომელი კანონით არ უშვებს სხდომაზე მოქალაქეებსა და დეპუტატებს

ნეტგაზეთმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რომელ კანონონს დაეყრდნო, როდესაც მედიისთვის ღია დატოვა საკრებულოს სხდომა, ხოლო მოქალაქეებისთვის და პარლამენტარებისთვის დახურა, რაც გიორგი ალიბეგაშვილმა ვერ დააკონკრეტა.

“თქვენ არაერთგზის ხართ მოსწრებული ბოლო დღეებში, როდესაც მათ დააანონსეს, რომ მათი მიზანი არის საკრებულოს სხდომის ჩაშლა. ამ განცხადებებს აკეთებენ პირდაპირ, დაუფარავად მოსახლეობის თვალწინ. ჩვენ არავის მივცემთ კანონის დარღვევის უფლებას. ვიმოქმედებთ კანონის და საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით,” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, თუმცა ჟურნალისტების კითხვებს მან აღარ უპასუხა და არ ვიცით, რომელ კანონზე საუბრობდა.

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 87-ე მუხლის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის, აგრეთვე მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს.
  • გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს (დეპუტატს) უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი საკითხი უნდა განიხილონ, პოლიციის კორდონი დგას. საკრებულოს თავმდჯომარის ბრძანებით, სხდომაზე არ უშვებენ მოქალაქეებსა და ოპოზიციონერ პარლამენტის დეპუტატებს, თუმცა საკრებულოს შენობის შიგნით დაუდგენელი პირები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფარულად უღებენ.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს. სხდომის პარალელურად აქციის გამართვა იგეგმება 14:00 საათზე. ევროპული საქართველოს პარლამენტის წევრები აპირებდნენ, რომ დასწრებოდნენ სხდომას სათათბირო უფლებით, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საკრებულოს წევრებისა და მედიის წარმომადგენლების გარდა, სხდომას არავინ დაესწრება, რადგან ოპოზიციას საკრებულოს სხდომის ჩაშლა სურს.

საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით, უნდა განიხილოს 40 საკითხი, აქედან ორი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გადაცემას კერძო კომპანიისთვის 1 ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი