სამართალი

მსჯავრდებულმა მოწმეებმა სასამართლოს ჩვენებები მისცეს

10 ნოემბერი, 2011 • 1175
მსჯავრდებულმა მოწმეებმა სასამართლოს ჩვენებები მისცეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რევაზ დემეტრაშვილის საქმეზე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა.

ლევან კიკაბიძემ, გიორგი ოთარაშვილმა და ალექსადრე რევაზიშვილმა სასამართლო პროცესზე გაიხსენეს, თუ როგორ დაგეგმეს ძმებმა გვრიტიშვილებმა ვაზგენ მინასიანის გატაცება და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა.

სამივე მოწმე ნარკოტიკების შეძენა–შენახვისთვის იხდის სასჯელს. სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე, მათ მინასიანების ოჯახში ჩადენილ დანაშაულთან კავშირი იმის გამო აღიარეს, რომ ნარკოტიკების შენახვისთვის დაკისრებული სასჯელი შეუმსუბუქდებოდათ. გიორგი ოთარაშვილს უკვე შეუმცირდა სასჯელი 18–დან 6 წლამდე პატიმრობით.

ოთარაშვილის თქმით, მათ მინასიანების ოჯახი იმიტომ ამოხოცეს, რომ ვაზგენ მინასიანის გატაცების გამო შურისძების საფრთხე იგრძნეს, თითქოს ვაზგენის მამა, ნეშან მინასიანი მეზობლებში ამბობდა, რომ იცოდა გამტაცებლების ვინაობა და მათზე შურისძიებას გეგმავდა.

დაკითხული მოწმეების თქმით, რევაზ დემეტრაშვილის ფუნქცია მინასიანების საქმეში იყო ის, რომ მათ სახლში საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა მკვლელები და თავადვე წამოიყვანა უკან. ასევე, დანაშაულის ჩადენის პერიოდში დემეტრაშვილი, როგორც ყოფილი პოლიციელი, რომელიც სარგებლობდა გარკვეული პროვილეგიებით, აკონტროლებდა მინასიანების სახლის გარე პერიმეტრს.

ამ ვერსიას არ ეთანხმებიან დემეტრაშვილს ადვოკატები – დათუნა მოდებაძე და გიორგი ტურაზაშვილი. ადვოკატების შეკითხვებმა ერთ–ერთი მოწმის – ლევან კიკაბიძის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც სასამართლო ჩვენებებიდან გაირკვა, კიკაბიძესა და რევაზიშვილს საქმეში ინფორმატორის როლი ჰქონდათ დაკისრებული.

ერთსაათიანი შესვენების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დღის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი