ახალი ამბები

სარჯველაძე ნაფიც მსაჯულებზე: არასწორია, როდესაც ინსტიტუტებს ინდივიდუალურ შემთხვევებს ვარგებთ

21 აპრილი, 2023 •
სარჯველაძე ნაფიც მსაჯულებზე: არასწორია, როდესაც ინსტიტუტებს ინდივიდუალურ შემთხვევებს ვარგებთ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მიიჩევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფლებამოსილების გაფართოებაზე მსჯელობას მასშტაბური ანალიზი სჭირდება. დეპუტატის აზრით, მსგავსი მნიშვნელობის ინსტიტუტის კონკრეტულ შემთხვევებზე მორგება „კარგი პრაქტიკა არ არის“.

სარჯველაძე აცხადებს, რომ „გირჩმა“ კანონპროექტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებაზე პარლამენტში შეიტანა 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ და პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც აღნიშნა, რომ ინიციატივა ამ საქმეს უკავშირებოდა:

„ასე ემოციურად საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ძალიან სერიოზულ თემებს უკავშირდება, მე მგონია, რომ არ შეიძლება. სერიოზულ თემებს უკავშირდება იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების პერსპექტივები, რა თქმა უნდა, მოითხოვს არა მხოლოდ გრიგორიადისის საქმის პრიზმაში დანახვას ამ საკითხის, არამედ მოითხოვს მასშტაბურად გაანალიზებას.

გრიგორიადისის შემთხვევის შემდეგ დააინიციირა გირჩმა და, როდესაც ბიუროზე ეს წარმოადგინეს, იქ გაკეთდა განცხადება, რომ სწორედ გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინეს. მე კი, როგორც იურისტს და დეპუტატს, არ მგონია, ეს მაინცდამაინც კარგი პრაქტიკა იყოს, როდესაც ერთ ინდივიდუალურ შემთხვევას ვარგებთ ხოლმე ძალიან სერიოზულ ინსტიტუტებს. ეს რეალურად ამახინჯებს სამართლებრივ სისტემას“, — აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

8-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი და კიდევ ერთი ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილი ითხოვენ, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიხილოს. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 21 აპრილს, პარლამენტთან გააკეთეს.

ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოთხოვნის უფლება არ ვრცელდება იმ მუხლებით ბრალდებულებისთვის, რომლებსაც გრიგორიადისს და აკოფაშვილს პროკურატურა ედავება. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა მიიღოს “გირჩის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც იმ დანაშაულთა წრის გაზრდას ითვალისწინებს, სადაც გამოყენებული იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

კერძოდ, იაგო ხვიჩია ითხოვს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად საქმეებს დაემატოს ის დანაშაულებიც, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353-ე პრიმა მუხლები.

აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც, სადაც განმარტებულია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩართვა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია და არსებითია, რომ “მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში კორუმპირებული მოსამართლეები საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ”

პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე.

ამასთან, პეტიციის მოთხოვნაა, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გირაოთი გათავისუფლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი