ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებაზე ხვიჩიამ კანონპროექტი დააინიცირა

21 აპრილი, 2023 • 1008
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებაზე ხვიჩიამ კანონპროექტი დააინიცირა

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც იმ დანაშაულთა წრის გაზრდას ითვალისწინებს, სადაც გამოყენებულ იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

კანონპროექტის ავტორი „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩიაა.

დღეს არსებული კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ დანაშაულების წრე, რომელთა შემთხვევაში შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა ისნტიტუტის გამოყენება.

იაგო ხვიჩია კი ითხოვს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად საქმეებს დაემატოს ის დანაშაულებიც, რომელსაც ითვალისწნებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353-ე პრიმა მუხლები.

353-ე მუხლი გულისმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 353-ე პრიმა გულიხსმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე 18 აპრილს გავიდა.

იაგო ხვიჩია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, განმარტებით ბარათში კი მიზეზად აშშ-ის მიერ ქართველ მოსამართლეთა სანქცირებას ასახელბდა. თუმცა ბიურომ ხვიჩიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, იაგო ხვიჩიამ ბიუროზე კანონპროექტის განხილვისას იმ კონტექსტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 7-8 მარტის აქციების გამო შეიქმნა.

“ვინაიდან ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ სასამართლოს რეპუტაციასაც პრობლემა აქვს, თუნდაც ამერიკული სანქციების გამო. ჩვენი ინიციატივაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ამ პერიოდში პოლიციასთან კონტაქტის გამო იქნებიან პასუხისმგებლობის ქვეშ, ზედმეტი მითქმა-მოთქმის თავიდან ასარიდებლად ჰქონდეთ უფლება, მათი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ვინაიდან კონტექსტუალურად ახლა არის აქტუალური, ამიტომაც ვიფიქრეთ მისი ამ ფორმით შემოტანა“, – განაცხადა ხვიჩიამ ბიუროზე.


ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვას ითხოვს ლაზარე გრიგორიადისის ოჯახიც. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას  რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. სწორედ 353-ე პრიმა მუხლია ერთ-ერთი, რომლის დამატებასაც ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად საქმეებზე იაგო ხვიჩიას კანონპროექტი. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახიც ითხოვს, რომ პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები მიიღოს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენებას ითხოვს თორნიკე აკოფაშვილიც, რომელიც 8 მარტს აქციაზე დააკავეს და 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თორნიკე აკოფაშვილსაც ბრალი 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის მსგავსად, თორნიკე აკოფაშვილიც ითხოვს, რომ პარლამენტმა იმ დანაშაულთა წრე გაზარდოს, სადაც გამოყენებულ იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი