ახალი ამბები

„ევროპული საქართველო“ გრიგორიადისის და აკოფაშვილის საქმეების ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას ითხოვს

21 აპრილი, 2023 • 939
„ევროპული საქართველო“ გრიგორიადისის და აკოფაშვილის საქმეების ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ უერთდება ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეების ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიერ განხილვის მოთხოვნას.

პარტიის წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ბრალდებულების საქმეები უნდა განიხილოს არა სანქცირებულმა სასამართლომ, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

„ეს შესაძლებლობას გააჩენს, რომ 21 წლის ახალგაზრდების პოლიტიკური მოტივით სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავირიდოთ“, — განაცხადა ნონიაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ იზიარებს ინიციატივას, რომ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების მუხლებზე გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მანამდე კი ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლდეს გირაოთი.

„იმ დროს, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ქართული მართლმსაჯულება, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდამჭერს, აშშ-ს სანქცირებული ჰყავს სასამართლო კლანის მოსამართლე წევრები, არსებითად
მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არა ერთ ან ორ მუხლზე, არამედ მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსზე უნდა გავრცელდეს, რაც სამომავლო პერსპექტივაში ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს“, —
თქვა გიორგი ნონიაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც იმ დანაშაულთა წრის გაზრდას ითვალისწინებს, სადაც გამოყენებულ იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

კანონპროექტის ავტორი „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩიაა.

7-9 მარტის აქციებზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი ითხოვენ, მათი საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. სწორედ 353-ე პრიმა მუხლია ერთ-ერთი, რომლის დამატებასაც ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად საქმეებზე იაგო ხვიჩიას კანონპროექტი. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახიც ითხოვს, რომ პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები მიიღოს.

თორნიკე აკოფაშვილი 8 მარტს აქციაზე დააკავეს და 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თორნიკე აკოფაშვილსაც ბრალი 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის მსგავსად, თორნიკე აკოფაშვილიც ითხოვს, რომ პარლამენტმა იმ დანაშაულთა წრე გაზარდოს, სადაც გამოყენებულ იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი