სამართალი

ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურორისა და ადვოკატის შესავალი სიტყვები მოისმინეს

9 ნოემბერი, 2011 • 3999
ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურორისა და ადვოკატის შესავალი სიტყვები მოისმინეს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის პირველი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი პროკურორისა და ბრალდებულის ადვოკატის ემოციური გამოსვლებით დაიწყო. ისინი ნაფიც მსაჯულთა დარწმუნებას, საქმის გარემოებების გარდა, ემოციურ ფაქტორებზე ხაზგასმითაც ცდილობენ.

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობის თანამონაწილეობაში ბრალდებული რევაზ დემეტრაშვილის საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს, 7 ქალისა და 5 მამაკაცის შემადგენლობით. 12 ნაფიცი და სამი სათადარიგო მსაჯული 7 ნოემბერს შეირჩა, თუმცა მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია:  ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

პროცესი დღეს, დილის 10 საათზე, დაიწყო. მას 150–მდე ადამიანი ესწრება და 20–ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს.

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე მხარეეებსა და მსაჯულებს საკუთრი უფლება–მოვალეობები გააცნო.

ნაფიცი მსაჯულები მინასიანების ოჯახში 1994 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავენ. რევაზ დემეტრაშვილს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, 2011 წლის შემოდგომაზე დააკავეს, ბრალად ედება მინასიანების ოჯახის 3 წევრის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობასა და ყაჩაღობაში თანამონაწიელობა. ის დანაშაულს არ აღიარებს.

“მინოსიანების ოჯახის გენოციდი” – ასე უწოდა პროკურორმა ნათია მოგელაძემ დანაშაულს, რომელიც 1994 წელს მოხდა მინასიანების ოჯახში.

„ძალიან ვღელავ, როგორც პროკურორი, როგორც დედა. ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რადგან დღეს არის ისტორიული პროცესი, ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი შემზარავი დანაშაულის საქმე. მკლველობის რიტუალი შეიძლება ეწოდოს იმას, რაც მოხდა მინასიანების ოჯახში 1994 წლის თებერვალში. როგორც ეს 1937 წელს ხდებოდა, ისე დახვრიტეს მინასიანები საკუთარი ოჯახის თვალწინ,“ – განაცხადა მოგელაძემ.

პროკურორის სიტყვით გამოსვლის პარალელურად სასამართლო დარბაზის მონიტორზე ნაჩვენები იყო სლაიდები, რომელიც შედგებოდა დანაშაულის ადგილზე გადაღებული ფოტომოსალისგან. ფოტომოსალა გაფორმებული იყო სისხლის სპეცეფექტებით.

ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ პროკურორის გამოსვლა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტის გამოსვლას შეადარა:

“შთამბეჭდავი იყო, ძალიან შთამბეჭდავი იყო! ისეთი განცდა დამეუფლა, რომ “კურიერის” ჟურნალისტს ვუსმენდი. “კურიერმა” გააკეთა სიუჟეტი, სადაც ასეთი პათოსით საუბრობდა ჟურნალისტი და იმ დროს აღკვეთის ღონისძიებაც კი არ ჰქონდა შეფარდებული დემეტრაშვილს, როცა გამოაცხადა, რომ ეს ასე მოხდა”, – განაცხადა მოდებაძემ.

მოდებაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ დემეტრაშვილის შვილები ყოველდღე იმ განცდით მიდიან სკოლაში, რომ მათ მამა შინ დახვდებათ და “თვალცრემლიან ბავშებს დედა ატყუებს, რომ მამა სამსახურშია”. ადვოკატმა მოუწოდა ნაფიც მსაჯულებს, რომ არ “დაუშვან ის, რომ უდანაშუალო ადამიანები დაისაჯონ”.

პროკურორისა და ადვოკატის სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ნინო სანდოძემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა. სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება და უკვე მხარეები მტკიცებულებების წარმოდგენას შეუდგებიან.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თბილისში, 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. მთელი საქართველოს მასშტაბით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. კანონით, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულთა საქმეს განიხილავენ და იმასაც იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მოვალეობაა, რომელიც საარჩევნო სიაშია დარეგისტრირებული. პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ მას შეზღუდული აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას პირი ვერ შეასრულებს, თუ ის არის  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, გამომძიებელი, პოლიციელი, ირიცხება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირი, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი.

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ნაფიცი მსაჯული, ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.

გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულობისთვის თავის არიდება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე, თუ პირი ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ და არის 70 წელს გადაცილებული.

კანონით, ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანს ნაფიცი მსაჯულობის გამო გაცდენილი სამუშაოსთვის ანაზღაურება არ დაექვითება.

მასალების გადაბეჭდვის წესი