სამართალი

ვიდეოთვალთვალი თბილისში

4 ოქტომბერი, 2011 • 2303
ვიდეოთვალთვალი თბილისში

გამსახურდიას სკვერი
გამსახურდიას სკვერი

უსაფრთხოების მიზნით თბილისის რამდენიმე პარკში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა, თუმცა გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე.

ვაკის პარკში, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღსა და გამსახურდიას სახელობის პარკში კამერები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ბაღებში სეირნობენ, ცნობილი არ არის, რომ მათ აკვირდებიან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნათია კაპანაძის, თქმით, პარკებსა და სკვერებში სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით გადაღებისას ასახული იქნება ადამიანის პირადი ცხოვრების გარკვეული ნაწილი:

„ადამიანის პირდი ცხოვრება გარკვეულ ზონებად იყოფა, ეს ჩვენი კანონმდებლობით განმარტებული არ არის და ამიტომ ვეყრდნობით ხოლმე ევროსასამართლოს სტანდარტებს. საჯარო ადგილას ადამიანის ყოფნისას მისი პირადი სივრცე შემოსაზღვრულია საზოგადოებით და საჯარო ხდება. სახლში, სასტუმროს ნომერში, ასევე პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ ადგილებში გადაღება, რა თქმა უნდა, აკრძალულია. მაგრამ სხვა შემთხვევაში, ბარებში, რესტორნებსა ან სკვერებში ვიდეოკონტროლი არ ჩაითვლება დარღვევად. როცა ადამიანი არის საჯარო ადგილას, გარკვეულწილად საზოგადოებრივი ნორმების შესაბამისად უნდა მოიქცეს. ამ შემთხვევაში ერთმანეთს საჯარო და კერძო ინტერესები  უპირისპირდება:  საჯარო ინტერესი არის ის, რომ პარკებსა და სკვერებში იყოს უსაფრთხოება. საზოგადო ინტერესი გადაწონის კერძო ინტერესს. ამრიგად, საჯარო ადგილებში ვიდეოკამერებით გადაღება არ ჩაითვლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევად.”

თუმცა ნათია კაპანაძე ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მიუთითებს: „იქ, სადაც ხდება ადამიანის ქცევის გადაღება და ვიდეოჩაწერა, აუცილებელია თვალსაჩინო ადგილას იყოს სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნები. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მისი ქცევა იწერება. ეს არის არის ზოგადი სტანდარტი.“

ვაკის პარკის დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ამ პარკში სულ 12 კამერა დამონტაჟდა. კამერების საშუალებით მთელი ვაკის პარკის ტერიტორიის გაკონტროლებაა შესაძლებელი. ვიდეოგადაღების გამაფრთხილებელი წარწერები აქ არ არის. დაცვის წარმომადგენლის თქმით, გამაფრთხილებელი ნიშნები ცოტა ხანში დამზადდება და გაიკვრება.

ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღი ერთ-ერთია, სადაც  ვიდეოთვალთვალი 24 საათის განმავლობაში ხორციელდება. ბაღის დაცვის წარმომადგენლის თქმით, კამერები დაახლოებით 2 კვირაა, რაც დაამონტაჟეს. ამან მოვალეობის შესრულება გაუადვილა: “ღამით აღარ გვჭირდება სიარული, კამერებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება პარკში.”

(ჯანსუღ კახიძის სახელობის) ბაღში მყოფი ნოდარ ჩხეიძე ამბობს, რომ სკვერებში იშვიათად დადის, ინფორმაცია კამერების დამონტაჟების შესახებ კი ტელევიზორში მოისმინა. თუმცა, აქამდე არ შეუმჩნევია ეს კამერები: ”აი, ახლა რომ გავიხედე პირდაპირ, დავინახე. ჩემთვის სულერთია, განხორციელდება თუ არა ვიდეოთვალთვალი პარკებში, მაგრამ სხვას შეიძლება დისკომფორტს უქმნიდეს, მაგალითად, წყვილს.”

მარიამ ქვათაძემ არ იცის, რომ პარკებში ვიდეოთვალთვალი ხორციელდება. მისი თქმით, არასასიამოვნოა, როცა სკვერში მჯდომს გითვალთვალებენ: ”თუნდაც უბრალოდ ბავშვს ვასეირნებდე, რატომ უნდა მითვალთვალებდნენ? აქ ხომ დაცვა დადის, თუ შეამჩნევს რამე საეჭვოს, გადამცემით სხვებს შეატყობინებს. რა საჭიროა კამერები?”

ვიდეოთვალთვალი გარდა პარკებისა, აფთიაქებში, კაზინოებში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, სლოტკლუბებში, მაღაზიებში, საავტომობილო გზებსა  და სკოლებში  ხორციელდება.

ვიდეოკამერები დამონტაჟებულია ასევე ბევრ ბარსა და რესტორანში. აბაშიძის 14 ნომერში მდებარე კაფე-ბარი ”კანაპე”-ს თანამშრომლების განცხადებით, ვიდეოკამერა უსაფრთოხების მიზნით აქვთ დამონტაჟებული. კამერის ობიექტივში  მხოლოდ სალარო და კაფე-ბარში შემოსასვლელი ჩანს. ბარის შიდა პერიმეტრის გადაღება ამ კამერით არ ხდება. მათი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა პატრულს ამოუღია  კამერიდან ვიდეოჩანაწერი.

“ნეტგაზეთმა” თბილისის ბევრი კაფე და რესტორანი მოიარა. ზოგიერთ კაფეში არა აქვთ ვიდეოკამერები დამონტაჟებული, რადგან, მენეჯერების თქმით, უსაფრთხოების დაცვას ამის გარეშეც ახერხებენ. თუმცა არის ისეთიც, სადაც მომხმარებელებს კამერების მეშვეობით აკვირდებიან, თანაც ისე, რომ მოქალაქეებმა ამის შესახებ არაფერი იციან.

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბარის მეპატრონე ამბობს, რომ მის ბარში უკვე 4 წელია, რაც კამერებია დამონტაჟებული: “24 საათი ვერ ვიქნები აქ და ვერ გავაკონტროლებ სიტუაციას. ამიტომ გადავწყვიტე ვიდეოკამერების დამონტაჟება.“

ამ ბარში ორი კამერაა, ერთი სალაროს უღებს, მეორე კი დარბაზს. ისინი იმდენად პატარებია, რომ მათი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ბარის მეპატრონე ამბობს, რომ სანამ კამერებს დააყენებდა, ხშირად თანამშრომელთა მხრიდან ქურდობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. თუმცა, კამერები არა მარტო პერსონალის, არამედ დარბაზის გასაკონტროლებლად დაამონტაჟა:

„კიდევ მინდა ორი კამერის შეძენა, ბარის ტერიტორია მთლიანად რომ გამოჩნდეს. როცა აქ არ ვარ, სულ ვუყურებ, რა ხდება ჩემს ბარში. ვიდეოს დაჩქარებული რეჟიმის საშუალებით ამის გაკეთება ადვილია: 5წთ-ში შემიძლია ვნახო ერთი საათის ჩანაწერი.“

ბარის მეპატრონე ამბობს, რომ თუკი ბარში განათავსებს ვიდეოთვალთვალის გამაფრთხილებელ ნიშანს, ამან შეიძლება მისი კლიენტის დაკარგვა გამოიწვიოს:

„ბევრი აქ საყვარელთან ერთად მოდის, ან არაფხიზელ მდგომარეობაში, ზოგიერთ ადამიანს კი გადაღების კომპლექსი აქვს. ამიტომ მინდა ვიდეოგადაღება სხვების შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს.“

რა შეუძლიათ გააკეთონ მოქალაქეებს ამის წინააღმდეგ? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნათია კაპანაძის თქმით, მოქალაქემ უნდა მოთხოვოს მერიას გამაფრთხილებელი წარწერის გაკვრა. თუ მერია ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მას შეუძლია მოითხოვოს ვიდეოკონტროლის განხორციელების აკრძალვა.

საიას იურისტ თამარ კორძაიას თქმით, თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უკანონოდ დამუშავდა, მას შეუძლია იჩივლოს სასამართლოში და მოითხოვოს ამ მონაცემების განადგურება. ხოლო თუ ზიანი მიადგა,  ამ ზიანის ანაზღაურება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ კორძაიას განცხადებით, ისეთი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა პარკში გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, შეიძლება გამოყენოს შსს-მ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურებისთვის. მაგალითად, თუ მოხდა ჩხუბი ან ქურდობა.  თუმცა,  მისი თქმით, ცალსახაა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ მათი დაკვირვება და გადაღება ხდება.

ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულება ვალდებულა  განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი