სამართალი

OCCRP-ის მიერ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული მასალა გამოძიების პერსპექტივის გარეშე

4 აპრილი, 2016 • 1963
OCCRP-ის მიერ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული მასალა გამოძიების პერსპექტივის გარეშე

Organized Crime and Corruption Reporting Project-ის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილზე მედიაში გამოქვეყნებულ საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გამოძიება არ დაუწყია.

საიას იურისტი გოგა ხატიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ იმ ტიპის დანაშაული, რასაც  სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლი ითვალისწინებს (ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა), სავარაუდოდ ვინმეს რომც ჩაედინა 2013 წელს, დღეისათვის მასზე ხანდაზმულობის ვადა, 2 წელი გასულია და სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ვეღარ დადგება, თუმცა საგამოძიებო სამსახურში გამოძიების არდაწყების მიზეზად ეს ფაქტორი არ დაუსახელბიათ:

“მიზეზი გითხრათ, სიუჟეტში გასულ ინფორმაციაზე რატომ არ დაიწყო გამოძიება?! არ ჩათვალა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობამ საკმარისად და პანაცეად ის აზრი, რაც გამოთქმული იყო და ის ფაქტები”, – გვითხრეს საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში.

ნეტგაზეთმა ასევე იკითხა, მასალები შეისწავლეს და ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ უნდა დაეწყოთ გამოძიება,  თუ  გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ დოკუმენტებს არ გაცნობიან. ამაზე პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ მოიკითხავდნენ, რის შემდეგაც ასეთი პასუხი მივიღეთ:

“არ არის დაწყებული გამოძიება, არ ჩავთვალეთ საჭიროდ რაიმე სახის რეაგირება ამ ისტორიაზე”.

დაიწყო თუ არა გამოძიება, ამ შეკითხვით ნეტგაზეთმა მთავარ პროკურატურასაც მიმართა. უწყებაში პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა ის ჯერჯერობით არ მიგვიღია.

Panama papers-ის სახელით გუშინ ,საქართველოს დროით 22:00 საათზე არაერთ ქვეყანაში გამოქვეყნდა ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების შესახებ მონაცემები. ჟურნალისტებმა, დეივ ბლოსმა და ნინო ბაქრაძემ გამოაქვეყნეს სტატია სახელწოდებით “ივანიშვილის პასპორტის ძიებაში”, რომელიც ეხება ექსპრემიერის კავშირებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს “ლინდენ მენეჯმენტთან.”

“2012-2013 წლებში, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მან ორჯერ შეავსო წლიური დეკლარაცია. ამ 72-გვერდიან დოკუმენტებში მოცემულია მისი და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიების დასახელებები, მოძრავი და უძრავი ქონება, ფულადი აქტივები. მაგრამ დეკლარაციებში ნახსენები არ არის მისი ბიზნესიმპერიის ერთი ნაწილი: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს “ლინდენ მენეჯმენტი”, – ვკითხულობთ სტატიაში.

პუბლიკაციის მიხედვით, 2011 წლის მიმოწერიდან გახდა ცნობილი, რომ შპს “ლინდენ მენეჯმენტის” სარგებლის მნახველი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია.

“შპს “ლინდენ მენეჯმენტი” საინტერესო კომპანიაა, რადგან იმ ქსელის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ამერიკულ ფარმაცევტულ კორპორაცია “რაპტორში” წილებს ფლობს. ივანიშვილმა 2016 წლის თებერვალში 100 მილიონი დოლარი სწორედ “რაპტორთან” დაკავშირებული საბანკო ანგარიშიდან დაკარგა. “ლინდენ მენეჯმენტისგან” განსხვავებით, ივანიშვილმა 2012 და 2013 წლებში შევსებულ დეკლარაციებში მიუთითა, რომ ფარმაცევტულ კომპანია “რაპტორში” წილს ფლობდა”.

“ჩვენ შპს “ლინდენ მენეჯმენტის” შესახებ კითხვებით მივმართეთ ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიელ ადვოკატს (რომელიც მის ინტერესებს იცავს ბანკ Credit Suisse-ს წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში). გვაინტერესებდა, რა მიზნით შეიქმნა შპს “ლინდენ მენეჯმენტი, რა ტიპის საქმიანობას ეწევა და რატომ გაჭიანურდა “მოსაქ ფონსეკას” ოფისისთვის ბიძინა ივანშვილის პასპორტის ასლის მიწოდება. ამ კითხვებზე პასუხები მისგან ვერ მივიღეთ”, – წერენ სტატიის ავტორები.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი და ფარმაცევტული კორპორაცია “რაპტორის” წილის მფლობელია, სტატიაში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო ვალდებული [2012 და 2013 წლების ] დეკლარაციაში ლინდენ მენეჯმენტის შესახებ მიეთითებინა, რადგან კანონი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ არ გულისხმობს ტერმინს “ბენეფიციური ფლობა.” “აქედან გამომდინარე, დეკლარაციაში არის ასახული მხოლოდ ის საწარმოები, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრები პირდაპირ მონაწილეობენ. არც ერთ სხვა კომპანიაში, მათ შორის თქვენ მიერ ხსენებულ კომპანიებში, არც ბატონი ბიძინა და არც მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ. ბატონი ბიძინას 2012 და 2013 წლის დეკლარაციები არის შევსებული საქართველოს კანონის სრულ შესაბამისობაში,” – ამბობს ბაჩიაშვილი.

სტატიის მიხედვით, თემურ ჩიხრაძე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე კი აცხადებს, რომ თანამდებობის პირმა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიუთითოს ყოველწლიურ დეკლარაციებში.

“თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა შეიტანოს მონაცემები იმ კომპანიის შესახებ, რომლიდანაც ის იღებს სარგებელს სადეკლარაციო პერიოდში; არ აქვს მნიშვნელობა, სად არის კომპანია რეგისტრირებული, საქართველოში, თუ ოფშორულ ზონაში. თუ ის მონაწილეობს რაიმე ფორმით კომპანიაში (სარგებლის მნახველი მესაკუთრე, დამფუძნებელი), მან ეს უნდა მიუთითოს დეკლარაციაში. თუ თანამდებობის პირი არ მიუთითებს დეკლარაციაში სრულად თავის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, მაშინ ასეთი ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.”

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვევებული განმარტებას აკეთებს საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი დემნა ლობჟანიძე, რომელიც დღეს ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირი ვალდებული არაა დეკლარაციაში სამეწარემო საქმიანობის გრაფაში აღნუსხოს ის კომპანია, რომლის ბენეფიციური მფლობელიცაა:

“დეკლარაციის შევსებისას სხვადასხვა მოთხოვნა არსებობს, მათ შორის  არის გვერდი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, სადაც თანამდებობის პირმა უნდა ასახოს ინფორმაცია იმ საწარმოების შესახებ, რომელთა სადამფუძნებლო დოკუმენტებში ფიქსირდება  თვითონ, ან მისი ოჯახის წევრები არიან დამფუძნებელბი, ან აქციონერები, ან დირექტორები და მესამე პირებთან წარმოადგენენ კომპანიას. იქ აისახება [შემდეგი სახის] ინფორმაცია: საწარმოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, მარეგსიტრირებელი ორგანო, იურიდიული ფორმა, საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. ეს არის ის შემთხვევა, როცა პირი არის ან საწარმოს დამფუძნებელი, ან პარტნიორი, ან აქციონერი”.

“[ბენეფიციარი მფლობელი?] კანონი ასეთ ფორმას არ იცნობს. დეკლარაციაში ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის”, – ამბობს ლობჟანიძე.

კითხვას, რატომ განსხვავდება მისი და ბიუროს სამსახურის მოადგილის გუშინდელი კომენტარი ამ თემაზე, ლობჟანიძე ამბობს, რომ თემურ ჩიხრაძე პირის მიერ მიღებულ შემოსავალზე ლაპარაკობს. ლობჟანიძის თქმით, თუ პირი სარგებელს იღებს ნებისმიერი საქმიანობის შედეგად, მათ შორის ბენეფიციური ფლობის შედეგად, ეს ინფორმაციაც უნდა ასახაოს, თუმცა არა სამეწარემეო საქმიანობისთვის გათვალისიწნებულ, არამედ დეკლარაციის სხვა გრაფაში: “წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე”

“აქ ლაპარაკი არის სარგებელზე, შემოსავალზე. სარგებელს ადამიანი შეიძლება იღებდეს საწარმოდან, ნივთის გასხვისებით თუ თავისი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად. ეს უნდა მოხვდეს [დეკლარაციაში ოღონდ] სხვა გვერდზე – იქ არც საწარმო იქნება მითითებული და არც მისი დეტალები. დეკლარაციაში ბოლოდან მეორე გვერდია ნებისმიეირი სხვა შემოსავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 1500 ლარს”, – ამბობს იგი.

ლობჟანიძის თქმით, იგი ზოგადად საუბრობს და კომენტარს ვერ გააკეთებს, რამდენად სწორად იყო შევსებული კონკრეტული დეკლარაცია, რადგან დღეისათვის ბიუროს ამის გადამოწმების უფლებამოსილება და ბერკეტები არ გააჩნია.

საპირისპირო მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კომპანიაში ბენეფიციარული ფლობის შესახებ მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს, ეთანხმებიან იურისტები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა: სულხან სალაძე საიადან და ერეკლე ურუშაძე ” საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან”.

“ჩვენ გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაცია დეტალურად არ შეგვისწავლია და ცალსახად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ რელაურად, თუკი ამ კომპანიაში ივანიშვილის ინტერესი იკვეთება, თუკი ის ან მისი ოჯახის წევრები რამენაირად მონაწილეობდნენ, იყვნენ მფლობელები, თანამფლობელები, იღებდნენ თუ არა შემოსავალს იქიდან ნებისმიერი სახით და მათი კავშირი იკვეთება კომპანიასთან, ეს მითითებული უნდა ყოფილიყო ქონებრივ დეკლარაციაშიც”, – ამბობს ერეკლე ურუშაძე და აგრძელებს:

“ჩვენს კანონმდებლობაში ეს ორაზროვნება 2017 წლიდან უკვე საერთოდ აღმოიფხვრება, რადგან თანამდებობის პირებს უკვე ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოეთხოვებათ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მონაწილეობის მითითება კომპანიებში. მაგრამ ამის გარეშეც ცხადია, კანონის სულისკვეთება სწორედ იმას გულისხმობს, რომ თუკი რაიმე ფორმით დაკავშირებულია თანამდებობის პირი კომპანიასთან, ან სარგებელს იღებს ის, ან მისი ოჯახის წევრი, ეს კომპანია მითითებული უნდა იყოს ქონებრივ დეკლარაციაში. სხვა მხრივ, უბრალოდ, იკარგება აზრი და ვერ მივაღწევთ იმ მიზანს, რის გამოც ეს ქონებრივი დეკალარციების სისტემა არსებობს”, – აცხადებს ურუშაძე.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განმარტავს იმ ინფორმაციას, რომელიც თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას უნდა მიუთითოს.

“ი” ქვეპუნქტის მიხედვით, პირმა დეკლარაციის შევსებისას სხვა დანარჩენთან ერთად ამ ტიპის ინფორმაციაც უნდა გააცნოს საზოგადოებას: “საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის , მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა – სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე პირის ვინაობა, საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, მონაწილეობის ფორმა, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, საწარმოს იურიდიული მისამართი, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთი, საანგარიშო პერიოდში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი”.

სულხან სალაძის აზრით, ის ინფორმაცია, რომელზეც დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის სტატიაშია საუბარი, ამ ჩანაწერის მიხედვით ქონებრივი მდგომარეობის დეკალრაციაში უნდა ასახულიყო:

“კანონი არ აკეთებს დათქმას საწარმოს საქმიანობასთან მიმართებაში, პირის მონაწილეობა ბენეფიციარული ხასიათისაა თუ სტანდარტული. კანონში მსგავსი დათქმა არ არის, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი მოიაზრებს ნებისმიეირ ტიპის საქმიანობას და არ მიჯნავს ერთმანეთისაგან მსგავსი ტიპის კომპონენტებს”, – ამბობს სალაძე.

რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც პირი ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებასაც მას კანონი ავალდებულებდა, დეკალრაციაში არ უთითებს, ერეკლე ურუშაძე განმარტავს, რომ უნდა დადგინდეს, პირი მას განზრახ მალავს, თუ შეცდომის ან დაუდევრობის გამო. თუ აღმოჩნდება, რომ პირი ინფორმაციას განზრახ მალავს, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება სსკ-ს 355-ე მუხლის მიხედვით, რომელშიც ვკითხულობთ:

“ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე”.

ერეკლე ურუშაძის თქმით, თუ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საბაბი იქნება პროკურატურისთვის, ან სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებისთვის, გამოძიება დაიწყება და დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას.  თუ ჰქონდა, სახეზეა თუ არა ინფორმაციის განზრახ დამალვა.  თუ აღმოჩნდება, რომ პირს ინფორმაცია განზრახ არ დაუმალავს, კანონის არსებული რედაქციიდან გამომდინარე, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუმცა ეს ყველაფერი 2017 წლიდან შეიცვლება, რადგან ძალაში ახალი ცვლილებები შედის. თუმცა საიას იურისტი გოგა ხატიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ამ ტიპის დანაშაულზე ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, გამოძიების დაწყებას აზრი არ აქვს.

სულხან სალაძის თქმით, გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქონებრივი დეკლრაციების სისტემის უმთავრეს პრობლემაში:

“პირველი და მთავარი პრობლემა, რაც ამ კონკრეტულმა საქმემაც აჩვენა, მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში დღემდე არ არის ეფექტური სისტემა, რომელიც თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში ასახულ მონაცემების მონიტორინგს უზრუნველყოფს და ჩვენ გვექნება ინფორმაცია, როგორ ასახევენ კონკრეტული პირები ქონებრივ მდგომარეობას. ეს ნორმა კანონში გათვალისწინებულია, თუმცა მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ის ამ დრომდე მოქმედი არ არის. შესაბამისად, დამოკიდებული ვართ მხოლოდ თანამდებობის პირების კეთილ ნებაზე, რამდენად ობიექტურად ასახევენ ისინი დეკლრაციაში ქონებრივ მდგომარეობას”, – ამბობს სალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი