ახალი ამბები

ოფშორულმა კომპანიამ 3 წელი გაატარა ივანიშვილის პასპორტის ძიებაში

3 აპრილი, 2016 •
ოფშორულმა კომპანიამ 3 წელი გაატარა ივანიშვილის პასპორტის ძიებაში

ოფშორული კომპანია 3 წლის მანძილზე ცდილობდა ბიძინა ივანიშვილისგან პასპორტის ასლი მიეღო.


ნინო ბაქრაძე და დევიდ ბლოსი

Organized Crime and Corruption Reporting Project


თბილისი, საქართველო — ბიძინა ივანიშვილის ქონება სეიფში არ არის დამალული.

არც ის ხერხებია სრულიად დაფარული, თუ რა გზით და სად აბანდებს, ან ინახავს ფულს საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე. 

2012-2013 წლებში, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მან ორჯერ შეავსო წლიური დეკლარაცია. ამ 72-გვერდიან დოკუმენტებში მოცემულია მისი და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიების დასახელებები, მოძრავი და უძრავი ქონება, ფულადი აქტივები. 

მაგრამ დეკლარაციებში ნახსენები არ არის მისი ბიზნესიმპერიის ერთი ნაწილი: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს “ლინდენ მენეჯმენტი.” ბიძინა ივანიშვილი თითქმის ოთხი წლის მანძილზე თავის წარმომადგენლებს ნებას არ აძლევდა, მისი ქართული პასპორტის ასლი და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან “მოსაქ ფონსეკასთვის” გაეგზავნათ. 

“მოსაქ ფონსეკა” პანამაში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ოფშორულ ზონებში მომსახურებას სთავაზობს. სწორედ მათ დაარეგისტრირეს შპს “ლინდენ მენეჯმენტი” ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში 2006 წელს.

“მოსაქ ფონსეკას” 2011 წელს ივანიშვილის პასპორტი და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნის საპასუხოდ სჭირდებოდა; 2012 წელს კი- უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

ის, რომ ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები უარს ამბობდნენ პასპორტის ასლის მათთვის მიწოდებაზე, დასტურდება 2011-2015 წლებში “მოსაქ ფონსეკას” ოფისებს შორის მიმდინარე მიმოწერითა და მეილებზე მიმაგრებული დოკუმენტებით. მიმოწერა და თანდართული მასალები გერმანულ გაზეთს Süddeutsche Zeitung -ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. გაზეთმა ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა 110-ზე მეტი მედიასაშუალებისთვის 82 ქვეყნიდან, მათ შორის პროექტისთვის “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევა.” 

ამბავი ბიძინა ივანიშვილის პასპორტის ასლის ირგვლივ 2011 წლის 21 ნოემბერს დაიწყო, მაშინ, როცა “მოსაქ ფონსეკამ” მიიღო წერილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური საგამოძიებო სამსახურიდან. წერილში ეწერა, რომ “მოსაქ ფონსეკას” 7 დღის ვადაში საგამოძიებო სამსახურისთვის უნდა მიეწოდებინა შპს “ლინდენ მენეჯმენტის” შესახებ სრული ინფორმაცია: დირექტორების, მფლობელებისა და წილის მმართველების სახელები; ცნობები საბანკო ანგარიშებისა და აქტივების შესახებ; “ლინდენ მენეჯმენტთან” დაკავშირებული სხვა კომპანიების შესახებ მონაცემები და თავად “მოსაქ ფონსეკას” ჩანაწერები შპს “ლინდენ მენეჯმენტის” შესახებ.

ამ მოთხოვნიდან სამი კვირის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ შპს “ლინდენ მენეჯმენტის” სარგებლის მნახველი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია. ეს ინფორმაცია “მოსაქ ფონსეკას” სინგაპურის ოფისმა მიაწოდა პანამაში არსებულ ცენტრალურ ოფისს. სწორედ სინგაპურში მდებარე ფილიალი განკარგავს “ლინდენ მენეჯმენტის” ანგარიშებს. საბოლოოდ საგამოძიებო სამსახურის კვლევას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

“მოსაქ ფონსეკამ” ივანიშვილის პასპორტის ასლის ძიება 2012 წელს კვლავ განაახლა. პანამისა და სინგაპურის ოფისებს შორის გამართულ მიმოწერაში ვპოულობთ სინგაპურის ოფისის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვას, “რა მოხდებოდა, თუკი პასპორტის ასლს ვერ მოიპოვებდნენ.” “მოსაქ ფონსეკას” ცენტრალურმა ოფისმა კითხვას ასე უპასუხა: “იმ შემთხვევაში, თუ ამ კომპანიის შესახებ გამოძიება დაიწყება და ჩვენ არ გვექნება ინფორმაცია კომპანიაზე, დაგვეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს კომპანიის შესახებ ზემოთ ხსენებული დოკუმენტაცია.”

საბოლოოდ კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის პასპორტის ასლი ხანგრძლივი მცდელობის შედეგად 2015 წლის 19 აგვისტოს მიიღო. მაგრამ ცნობა ივანიშვილის საცხოვრებელი ადგილიდან (2015 წლის 23 სექტემბრის მონაცემებით) მაინც ვერ მოიპოვეს. 

შპს “ლინდენ მენეჯმენტი” საინტერესო კომპანიაა, რადგან იმ ქსელის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ამერიკულ ფარმაცევტულ კორპორაცია “რაპტორში” წილებს ფლობს. ივანიშვილმა 2016 წლის თებერვალში 100 მილიონი დოლარი სწორედ “რაპტორთან” დაკავშირებული საბანკო ანგარიშიდან დაკარგა. “ლინდენ მენეჯმენტისგან” განსხვავებით, ივანიშვილმა 2012 და 2013 წლებში შევსებულ დეკლარაციებში მიუთითა, რომ ფარმაცევტულ კომპანია “რაპტორში” წილს ფლობდა.

ივანიშვილი თავისი ოფშორული კომპანიებითა და დაახლოებული პირებით ფარმაცევტულ კორპორაცია “რაპტორში” დღეისთვის 20%-მდე წილს ფლობს.

12959574_1327789963917506_1256103794_o-2

“რაპტორი” აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის წილებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს. კომპანიას ფინანსური პრობლემები 2015 წელს, მას შემდეგ შეექმნა, რაც ბავშვებში ღვიძლის დაავადებისთვის განკუთვნილი მედიკამენტის კლინიკური კვლევა მათთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა.

ივანიშვილმა იმ ანგარიშიდან, რომელიც “რაპტორის” აქტივებსაც შეიცავდა, 100 მილიონი დოლარი თებერვალში დაკარგა. მან შვეიცარიის სასამართლოში საჩივარი შვეიცარული ბანკის Credit Suiss-ის წინააღმდეგ უკვე შეიტანა იმ მოტივით, რომ ბანკის თანამშრომელმა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე განკარგა კაპიტალი. კერძოდ, მან ივანიშვილის ანგარიშიდან თანხა გადაიტანა გაზპრომთან დაკავშირებული ორი რუსი ბიზნესმენის ანგარიშებზე მათი დანაკარგების დასაფარად.

ივანიშვილისთვის, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დააგროვა, ეს არცთუ ისე დიდი დანაკარგია. ჟურნალ “ფორბსის” მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონებამ ბოლო წელს 400 მილიონი დოლარით დაიკლო და ამჟამად 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჩვენ შპს “ლინდენ მენეჯმენტის” შესახებ კითხვებით მივმართეთ ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიელ ადვოკატს (რომელიც მის ინტერესებს იცავს ბანკ Credit Suisse-ს წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში), გვაინტერესებდა, რა მიზნით შეიქმნა შპს “ლინდენ მენეჯმენტი, რა ტიპის საქმიანობას ეწევა და რატომ გაჭიანურდა “მოსაქ ფონსეკას” ოფისისთვის ბიძინა ივანშვილის პასპორტის ასლის მიწოდება. ამ კითხვებზე პასუხები მისგან ვერ მივიღეთ.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი და ფარმაცევტული კორპორაცია რაპტორის წილის მფლობელია, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო ვალდებული დეკლარაციაში ლინდენ მენეჯმენტის შესახებ მიეთითებინა, რადგან კანონი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ არ გულისხმობს ტერმინს “ბენეფიციური ფლობა.” “აქედან გამომდინარე, დეკლარაციაში არის ასახული მხოლოდ ის საწარმოები, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრები პირდაპირ მონაწილეობენ. არც ერთ სხვა კომპანიაში, მათ შორის თქვენ მიერ ხსენებულ კომპანიებში არც ბატონი ბიძინა და არც მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ. ბატონი ბიძინას 2012 და 2013 წლის დეკლარაციები არის შევსებული საქართველოს კანონის სრულ შესაბამისობაში,” – ამბობს ბაჩიაშვილი.

თემურ ჩიხრაძე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე კი აცხადებს, რომ თანამდებობის პირმა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიუთითოს ყოველწლიურ დეკლარაციებში. “თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა შეიტანოს მონაცმეები იმ კომპანიის შესახებ, რომლიდანაც ის იღებს სარგებელს სადეკლარაციო პერიოდში; არ აქვს მნიშვნელობა, სად არის კომპანია რეგისტრირებული, საქართველოში, თუ ოფშორულ ზონაში. თუ ის მონაწილეობს რაიმე ფორმით კომპანიაში (სარგებლის მნახველი მესაკუთრე, დამფუძნებელი), მან ეს უნდა მიუთითოს დეკლარაციაში. თუ თანამდებობის პირი არ მიუთითებს დეკლარაციაში სრულად თავის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, მაშინ ასეთი ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი