საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.
ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა მისცა.
ირაკლი სესიაშვილი საქმეში “სპეცკავშირმშენის” კონტექსტში ფიგურირებს. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ავთანდილ ჭოლოკავა აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს უფასოდ სთავაზობდა იმ მომსახურებას, რაც მას სილქნეტთან რამდენიმე მილიონი დაუჯდა, თუმცა უწყების მაღალჩინოსნებმა მისი წინადადება არ გაითვალისწინეს. ჭოლოკავას ინფორმაციით, სწორედ სესიაშვილმა უზრუნველყო მისი თავდაცვის მინისტრთან და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან შეხვედრა.
“ჩემი ფუნქცია არ არის პირის სანდოობასა და საიმედოებაში გარკვევა. ჩემი ფუნქცია არ არის, რომ დავადგინო თითოეული მოქალაქის [რომელსაც ვხვდები] ნასამართლეობა, სანდოობა/საიმედოობა. მე როდესაც იდეა მომიტანა ბატონმა ავთომ, ეს იდეა გადავეცი კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც შეეძლო ასეთი პროექტის რეალიზება და რომელსაც გააჩნდა ყველა საშუალება და მეტიც, ვადლებულება, რომ დაედგინა სანდოობა/საიმედოობა, ნასამართლეობა და ა.შ”, – ასე უპასუხა სესიაშვილმა დაცვის მხარის შეკითხვას, იცოდა თუ არა მან, რომ ჭოლოკავა წინა ხელისუფლების პირობებში გასამართლებული იყო ფულის გათეთრების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობებისას.
“მე ვლობირებდი ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რომელიც მოემსახურებოდა ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, მით უმეტეს, შეთავაზება იყო, რომ უფასოდ გაკეთდებოდა. თუ ვინმეს ჩემი რაღაც დამატებით ინტერესში დადანაშაულება სურს, ის უბრალოდ უსინდისოა”, – განაცხადა სესიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჭოლოკავას გარდა სასამართლოსთვის ჩვენება აქვს მიცემული სპეცკავშირმშენის კიდევ ერთ წარმომადგენელს, გურია შენგელიას, ვისი განმარტებითაც 2013 წელს მათ დაუკავშირდა ყოფილი “აიეტის”, ამჟამად სუპერ ტვ-ის [საკაბელო ტელევიზიის კომპანია] წარმომადგენელი გოჩა ვაშაძე, რომელსაც სურდა საქართველოს ტერიტორიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით დაქსელვა. მაგისტრალი უნდა დაწყებულიყო ლარსიდან, თბილისის გავლით გასულიყო რუსთავზე, სადაც ორად გაიყოფოდა, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით. მაგისტრალი საქართველოს მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან ჩერდებოდა. ეტაპობრივად იგეგმებოდა საქართველოს სხვა ტერიტორიის დაქსელვაც.
ამის შემდეგ, შენგელიას განმარტებით, მისი უფროსი, სპეცკავშირმშენის ხელმძღვანელი ავთანდილ ჭოლოკავა შეხვდა თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილს და თავისი იდეა გააცნო, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: თუ თავდაცვის სამინისტროს დახმარებით საჭირო ტერიტორიაზე მაგისტრალის გაყვანის ნებართვებს მოიპოვებდნენ, სუპერ ტვ მზად იყო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალიდან თავდაცვის უწყებისთვის სრულიად უსასყიდლოდ იმდენი წვერი დაეთმო, რამდენიც ამ უკანასკნელს დასჭირდებოდა. თუმცა, მოწმის განმარტებით, მას სუპერ ტვ-სთან წვერების კონკრეტულ რაოდენობასა და დეტალებზე არ უსაუბრია.
ამის შემდეგ, მოწმის ჩვენებით, ავთანდილ ჭოლოკავამ მას უთხრა, რომ სესიაშვილთან ერთად [რომელსაც იდეა მოეწონა] თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდა და ეს ინიციატივა პირადად გააცნო, ასევე იდეა დაუტოვა წერილობითი ფორმითაც. მისივე თქმით, ჭოლოკავამ უთხრა, რომ იგი გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ კაიშაურსაც შეხვდა.
მოწმემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ჭოლოკავას ზემოხსენებულ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა გენშტაბის ხელმძღვანელ ვახტანგ კაპანაძესთანაც.
შენგელიას განცხადებით, ზემოხსენებულ შეხვედრებზე საუბრებიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ თავდაცვის უწყება ზემოხსენებულ იდეას მოიწონებდა და ეს “ქვეყნისთვის მნიშნელოვანი” საქმე განხორციელდებოდა, თუმცა სამინისტროდან გამოხმაურება იგვიანებდა, ბოლოს კი მიუვიდათ საიდუმლო წერილი იმის შესახებ, რომ სამინისტრო 8-წვერიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენისთვის აცხადებდა კონკურსს და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით “სპეცკავშირმშენსაც” იწვევდა.
დაცვის მხარემ სხდომაზე მოწმის ნებართვით გამოაქვეყნა ძიებისთვის მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება, სადაც შენგელია კომპანია სუპერ ტვ-ის საერთოდ არ ახსენებს. როდესაც ადვოკატები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ახსენა სასამართლომდე სუპერ ტვ, შენგელიამ უპასუხა, რომ მხოლოდ იმ შეკითხვებს გასცა პასუხი, რაც პროკურატურას ჰქონდა და სპონსორის საკითხით პროკურატურა თავის დროზე არ დაინტერესებულა.
საქმეში დევს სპეცკავშირმშენის წერილი და მემორანდუმი ზემოხსენებული პროექტის განსახორციელებლად, თუმცა არც ერთი მათგანი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში არ დარეგისტრირებულა. მოწმის თქმით, ჭოლოკავამ მას უთხრა, რომ წერილი პირადად ალასანიას დაუტოვა. დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ის, რომ სუპერ ტვ-იც მონაწილეობდა პროცესში, არც ამ წერილსა და მემორანდუმში წერია.
დაცვის მხარის შეკითხვას, რა გარანტია ჰქონდა, პროექტი ნამდვილად განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებამ საქმეში ვერც სპეცკავშირმშენისა და ვერც სუპერ ტვ-ის ოფიციალური მიმოწერა წარმოადგინა და ამ ტიპის გადაწყვეტილების საფუძველი მხოლოდ შენგელია-ვაშაძის საუბარი იყო, მოწმემ უპასუხა: “არანორმალურები ხომ არ იყვნენ ისინი, ვინც მას ეს შესთავაზეს.” ესეც რომ არა, მოწმის თქმით, პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო არაფერს კარგავდა.
როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, სპეცკავშირმშენს დაშვება ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო პროექტების განხორციელებაზე, თუმცა მან არ იცის, სარგებლობდა თუ არა იმავე უფლებით სუპერ ტვ, რომლის შუამავლობასაც თავდაცვის სამინისტროსთან კისრულობდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული ოტპიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტი საიდუმლო უნდა ყოფილიყო, დაცვის მხარემ მოწმეს ჰკითხა, როგორ აპირებდა სპეცკავშრმშენის გუნდი მაგისტრალისთვის საჭირო მარშრუტებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან თუ კერძო პირებთან მოლაპარაკებას, მოწმემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ისინი თავდაცვის უწყებასთან ერთად გადაწყვეტდნენ, თუ ვინ მიმართავდა, მაგალითად, მუნიციაპლიტეტს ან მიწის კერძო მესაკუთრეს წერილობით მათ საკუთრებაში მაგისტრალის გაყვანის თაობაზე. თუმცა შემდეგ დააზუსტა, რომ მოლაპარაკებებს სპეცკავშირმშენი აწარმოებდა, თან ისე, რომ არ დაასახელებდა თავდაცვის სამინისტროს ინტერესს.
მაშინ როგორ მიიღებდა ბენეფიტებს სპეცკავშირმშენი, თუ თავდაცვის სამინისტრო ნებართვების მიღებაში არ დაეხმარებოდა? – მოწმემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს იტყოდა, რომ ეს ზოგადად სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე იყო. დაცვის მხარის განცხადებით კი, მას ამის გაკეთება ისედაც შეეძლო თავდაცვის სამინისტროს სახელის გამოყენების გარეშე. ასევე მათ აინტერესებდათ, რატომ სურდა სუპერ ტვ-ისა და სპეცკავშირმშენს მაგისტრალის მაინცდამაინც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განხორციელება და მას შემდეგ, რაც პროექტი ჩაიშალა, რატომ არ მივიდნენ წინადადებებით სხვა უწყებებთან, მაგალითად, შსს-თან.
სასამართლოზე ასევე დაისვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ სად იქნებოდა მაგისტრალის კვების წყარო- რუსეთში თუ საქართველოში? მოწმის ინფორმაციით, კვების წყარო თბილისში იქნებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ არ იცის, სამომავლოდ იგეგმებოდა თუ არა მაგისტრალზე მეზობელი ქვეყნებიდან ოპერატორების მიერთება. ეს კითხვა მას ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაუსვა, რომელსაც აინტერესებდა, რა საჭირო იყო მაგისტრალის ლარსამდე მიყვანა, თუ პროექტის ავტორმა წინასწარვე არ იცოდა, რომ სამომავლოდ რუსეთთან დაკავშირება დასჭირდებოდა.
პროკურატურის ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებული ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვაზე, თუმცა “შემდგომში ამ შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიასთან, სს „სილქნეტთან“ ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ ამ მაგისტრალში არსებული კაბელის განსაზღვრული რაოდენობის წვერების შეძენაზე, რაც არსობრივად ცვლის საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის რეალურ ობიექტს”.
მოწმე შენგელიას განცხადებითაც, საიდუმლოს შესყიდვის პირობების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სწორედ მაგისტრალის შეძენა ჰქონდა განზრახული. სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მას სთხოვა თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებიდან წაეკითხა, კონკრეტულად რომელი წინადადება გულისხმობდა იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი მაგისტრალის შექმნა სურდა და არა კაბელის. მოწმემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ჩანაწერი კაბელი ამ შემთხვევაში მაგისტრალს გულისხმობდა.