ხელოვნება

ქართული თოჯინები ნიუ იორკში

5 მაისი, 2015 • • 1867
ქართული თოჯინები ნიუ იორკში

თეატრის ხელმძღვანელის თემურ ბადრიაშვილის თქმით, ქართველი ემიგრანტებისთვის თოჯინების თეატრის ახალი და ექსპერიმენტული სპექტაკლის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ჩამოტანის მიზეზი  ემიგრანტების რეალობასთან თემატური და ემოციური სიახლოვე გახლდათ. 

 

“ი. გოგებაშვილის ეს ნაწარმოები ყველასათვის ნაცნობია და ორმაგად საინტერესო იქნებოდა მისი თოჯინური ვერსიის ხილვა”, – განაცხადა თემურ ბადრიაშვილმა, – “თოჯინების თეატრს საინტერესო ისტორია აქვს. ის 1934 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი მიქელაძის მიერ დაარსდა. შექმნის დღიდან იქ არაერთი მნიშვნელოვანი და საეტაპო სპექტაკლი დაიდგა. ამჟამად ჩვენი თეატრი დიდი დატვირთვით მუშაობს. გვაქვს როგორც ძალიან პატარა ასაკის ბავშვებისათვის გათვლილი წარმოდგენები, ასევე, ვცდილობთ, რომ შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებიც მოვიზიდოთ. თოჯინების თეატრის ე.წ. სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს სპექტაკლი „ბატის ჭუკი“, რომელიც წლების განმავლობაში მაყურებელს არ კარგავს და ყველაზე მოთხოვნად სპექტაკლად ითვლება. რეჟისორის, ნიკოლოზ საბაშვილის საინტერესო გადაწყვეტა ის გახლავთ, რომ სცენაზე თავად იაკობ გოგებაშვილი (მის როლს თოჯინების თეატრის მსახიობი – მალხაზ გაბუნია ასრულებს) ჩნდება. ეს გახლავთ ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც სპექტაკლში ადამიანს ასახიერებს,  დანარჩენ პერსონაჟებს თოჯინები აცოცხლებენ, მუსიკალური გაფორმება კი წარმოდგენას განსაკუთრებულ ემოციურობას სძენს”. 

სპექტაკლის ნახვა მატყრებელს უსასყიდლოდ შეეძლო.


“ეს გახლავთ სამინისტროს საჩუქარი ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან შორს ცხოვრობენ და  ყველაფერი „ჩვენი“ ენატრებათ. ამიტომ წარმოუდგენელი იყო, რომ სპექტაკლი ჩამოგვეტანა და ქართველი ემიგრანტებისათვის ბილეთების ყიდვა  შეგვეთავაზებინა. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამ საჩუქარს. ეს ჩვენი თეატრის საზღვარგარეთ პირველი მასშტაბური გასტროლი იყო.  წარმოდგენებს განსაკუთრებული ემოციაც ახლდა, რადგანაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ემიგრანტებს შევხვედროდით. ვამაყობთ იმით, რომ შევძელით სიხარული მიგვენიჭებინა პატარებისთვის და მათი მშობლებისთვისაც. ეს იქნება დაუვიწყარი დღეები ჩვენი თეატრისათვის და, იმედი მაქვს, ქართველი ემიგრანტებისთვისაც”, – განაცხადა თემურ ბადრიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი