კინოხელოვნება

სად არის ქართული ანიმაციური კინო

26 ივნისი, 2014 • • 2931
სად არის ქართული ანიმაციური კინო

ქალბატონო ქეთევან, რა ხდება თანამედროვე ქართულ ანიმაციაში, არსებობს თუ არა ის და რა ფორმით?

 

ამ შეკითხვაზე მწვავედ გიპასუხებთ, მინდა, რომ მაყურებელმა იცოდეს რა პრობლემები დგას ჩვენ წინაშე. 1929 წლიდან დღემდე 400–მდე ანიმაციური სურათია შექმნილი. თუმცა არ არსებობს ტექნოლოგიურად აღჭურვილი ერთიანი ფილმსაცავი, 1990 წლამდე წარმოებული ანიმაციური პროდუქციის თითქმის სრული მოცულობა ინახება რუსეთის არქივში, ხოლო საქართველოში მხოლოდ 70 სურათის ასლია, ისიც ისეთ მდგომარეობაში, რომ შეუძლებელია მათი აღდგენა. საჭიროა სახელმწიფო დონეზე მოგვარდეს ეს პრობლემა და გადმოიწეროს ყველა ის ფილმი, რომელიც ინახება რუსეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ქართული ანიმაციის ისტორიას. 1993 წლის შემდეგ შექმნილი პროდუქცია კი ინახება ავტორებთან თუ სტუდიებში, უნდა მოხდეს საუკეთესო ფილმების აღდგენა. საჭიროა ქართული ანიმაციის საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილი მასალების შეგროვება და დაცვა ერთიან ფონდში.

 

აუცილებელია შეიქმნას სტუდია, სადაც პროფესიონალებთან ერთად მუშაობას შეძლებენ დებიუტანტები, რაც კვლავ აღადგენს შემომქმედებით ხაზს, მოხდება გამოცდილების გაზიარება და ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას. ამავე დროს ამ თანამედროვე სტუდიით ისარგებლებენ უცხოელი რეჟისორებიც, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ანიმატორების დასაქმებას, ინტეგრაციას მსოფლიო სივრცეში, გაიზრდება ერთობლივი პროდუქციების წილი. დაცული იქნება საავტორო უფლებები.

 

აუცილებელია მოწესრიგდეს ქართული ანიმაციური ფილმების ტელევიზიით ჩვენების საკითხიც. ფაქტობრივად იმის გამო, რომ ქართული ანიმაციური ფილმები აღსადგენია და გადასატანია თანამედროვე ციფრულ მატარებელზე, არ ხდება მათი ჩვენება, შესაბამისად ბავშვები და მოზარდები ქართული ანიმაციის ისტორიას არ იცნობენ. ეს არის პრობლემების მწირი ჩამონათვალი, სწორედ ამის გამოა, რომ თანამედროვე ფილმები არ აღწევს მაყურებლამდე.

 

ხართ საქმის კურსში რა იქმნება უმაღლესი სასწავლებლების კინოსახელოსნოში, სად საქმდებიან ქართველი ანიმატორები, რამდენად მაღალი ხარისხის განათლებას იღებენ?

 

დღეს არ არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც ხდება ანიმაციის წარმოებისათვის ყველა საჭირო სპეციალისტის მომზადება. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არის ანიმაციის რეჟისორის სპეციალობა, ხოლო სამხატვრო აკადემიაში – ანიმატორის. მთელი რიგი დამხმარე სპეციალისტების სწავლება არ ხდება, არ არსებობს სწავლების პროფესიული სტანდარტიც, თუმცა არსებობს შესაბამისი პროექტი.
აუცილებელია საგანმანათლებლო ქსელის შექმნა. შესაძლოა მოხდეს ონლაინკურსების ორგანიზებაც. სახელმწიფო ჩარევის გარეშე ამგვარი კურსი საკმაოდ ძვირია, ხოლო სახელმწიფოს ჩარევით შესაძლოა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. საჭიროა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სადაც პროფესიონალებს, კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა. ცალკე გრანტები უნდა გამოიყოს სახელმძღვანელოების შესაქმნელად, ასევე, უნდა მოხდეს გარკვეულ წიგნებზე საავტორო უფლების შესყიდვა და მათი თარგმნა და გამოცემა, თუნდაც გამოცემის გარეშე, ელექტრონული სახით გამოშვება.

 

საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პროდიუსერების აღზრდას (უცხოეთშიც) და მათი დახმარებით ეროვნული ანიმაციური კინოს საერთაშორისო კინოპროცესში ჩართვას, ხელი შეეწყოს სხვადასხვა ფონდებთან ურთიერთობას დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

რა არის დღეს ქართული ანიმაციური კინოს მთავარი პრობლემა და როგორ ხედავთ თქვენ, როგორც ანიმატორთა გილდიის ხელმძღვანელი ამ პრობლემის მოგვარების გზებს?

 

ანიმაციაში გაერთიანებულია ყველა ხელოვნება: მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, თეატრი… შედეგად ეროვნული ანიმაციის რთული სინთეზური და მაღალტექნოლოგიური ხელოვნების განვითარება წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების დონეს. მთავრობის სიუხვის დადასტურებაა დამოკიდებულება მისი ხალხისა და კულტურული ტრადიციების მიმართ. საჭიროა ხელისუფლებამ გაცილებით მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ეროვნულ ანიმაციას და ჩადოს ინვესტიცია ამ დარგის კვლავ გასავითარებლად, არ შეიძლება მხოლოდ ერთი პრობლემის გადაჭრით ეშველოს დარგს.

 

მართალია, კინოცენტრი კონკურსის საფუძველზე ახდენს ანიმაციის დაფინანსებას, მაგრამ ეს არის მიზერული თანხა, რაც რეალურად ერთი სრულფასოვანი ფილმის გადასაღებადაც არ არის საკმარისი, არათუ ამ თანხის დანაწილება რამდენიმე რეჟისორზე.

 

მაგალითად, წელს გამოცხადებული ბიუჯეტი იყო 150000 ლარი და ეს თანხა განაწილდა ორ ფილმზე – ლადო სულაქველიძის “ფრანი” და დათო კიკნაველიძის “ჯინო”. დაუფინანსებელი დარჩა რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, თანხა არ იყო საკმარისი.
წელს პირველად ჩატარდა ანიმაციური პროექტების განვითარების კონკურსი, სადაც დაფინანსდა ექვსი ავტორი და მე ვიტყოდი, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა, თუმცა როგორც აღვნიშნე, ფილმწარმოების კონკურსზე მხოლოდ ორი ფილმის დაფინანსება მოხერხდა.
ტელევიზიებმა უნდა გამოიჩინონ მეტი ინტერესი ეროვნული ანიმაციის მიმართ, თუმცა ავტორისთვის ჰონორარის გადახდას ურჩევნიათ ხშირად ამავე ფასად უფრო მოცულობითი, მდარე ხარისხის უცხოური სერიალი იყიდონ, რომლებიც მრავლადაა ჩვენს ტელეეკრანებზე.

ქეთევან ჯანელიძე
ქეთევან ჯანელიძე

 

ქართულ ანიმაციურ კინოს, რამდენადაც ვიცით, 80 წელზე მეტი ისტორია აქვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, არის დათო თაყაიშვილის “ჭირის” წარმატება კანის კინოფესტივალზე, რომელმაც 1984 წელს გრან-პრი მიიღო. გარდა ამისა, რომელ ფილმებს გაიხსენებდით?

 

შეიძლება ითქვას, 1982 წელს ქართული ანიმაციის ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო – მოვიდნენ ახალგაზრდა რეჟისორები – დათო თაყაიშვილი, დათო სიხარულიძე, ლადო სულაქველიძე, ლევან ჭყონია, რეზო გვარლიანი. ისინი საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ანიმაციის კურსდამთავრებულნი იყვნენ. მათ შეძლეს ახალ საფეხურზე აეყვანათ ქართული ანიმაციური ხელოვნება. როგორც აღნიშნეთ, “ჭირს” დიდი წარმატება ჰქონდა კანის ფესტივალზე, ამას მოყვა ფილმები “ბაბილინა” და “ლეკვი” (ოჯახი), რომლებიც მაყურებელს უყვარს იმ საოცარი სითბოსთვის, რომლითაც გაჯერებულია ორივე სურათი. ძალიან საინტერესო იყო ჯგუფის წევრის ლადო სულაქველიძის, “მიწა თავისას მოითხოვს” (1983 წ.). ფილმი წარდგენილი და დაჯილდოებულია არაერთ ფესტივალზე, “დიდი ტალღა და პატარა ტალღა” (1984 წ.), არ შეიძლება განსაკუთრებით არ აღინიშნოს ლადო სულაქველიძის თოჯუნური ფილმი “მოდის” (1988 წ.) და დავით სიხარულიძის “გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი” (1985 წ.).

 

ძველი ფილმებიდან კი აუცილებლად გავიხსენებდი ბახანოვის “რანინას”, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ზუსტად გადმოსცემს ქართულ ხასიათს, ჩვენს რეალობას. არ შეიძლება პატივი არ მივაგოთ ვლადიმერ მუჯირს, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ქართული ანიმაციის შექმნას და შეიძლება ითქვას, შეეწირა კიდეც ამ საქმეს.

 

ანიმატორთა გილდიაზე მინდა ვისაუბროთ. რამდენ ანიმატორს აერთიანებს ეს გილდია, რა ტიპის საქმიანობას ეწევით და რა არის თქვენი გაერთიანების მიზეზი?

 

საქართველოს ანიმატორთა გილდია 2010 წელს შეიქმნა, გილდიაში გაერთიანებული არიან ქართული ანიმაციის წამყვანი სპეციალისტები: ლადო სულაქველიძე, დავით სიხარულიძე, ნანა სამანიშვილი, შადიმან ჭავჭავაძე, ილო დოიაშვილი (სამწუხაროდ, შადიმანი და ილო აღარ არიან ცოცხლები) მალხაზ კუხიანიძე, სანდრო ქათამაშვილი და სხვანი. ჩვენი მიზანი იყო ერთობლივად გვეფიქრა იმ პრობლემებზე, რაც დგას ჩვენ წინაშე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ფინანსური შესაძლებლობები არ გაგვაჩნია, რომ მატერიალური დახმარება გავუწიოთ ამ სფეროს, თუმცა ეს არის მუდმივი შეხვედრები და მსჯელობა პრობლემატიკაზე. სწორედ ჩვენი და კინოცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩაეყარა საფუძველი კარგ წამოწყებას, რომ გარდა ფილმწარმოებისა, ფინანსდება ანიმაციური პროექტების განვითარების პროცესიც, რაც საშუალებას აძლევს ავტორებს, არა მხოლოდ საქართველოში ეძებონ დამფინანსებელი, არამედ განვითარებული პროექტები წარადგინონ უცხოურ ფონდებთან და პოტენციურ დამფინანსებლებთან.

 

სექტემბრიდან იგეგმება გილდიასთან არსებული სასწავლო სტუდიის ამოქმედება, რაც საშუალებას მისცემს მოზარდებს უკეთ გაეცნონ ამ ხელოვნებას და შეისწავლონ ანიმაციის საიდუმლოებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი