ბათუმის კინოფესტივალზე ანჟეი ვაიდას ახალ ფილმს აჩვენებენ

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ანჟეი ვაიდას ბოლო ფილმს “ვალენსა. იმედის ადამიანი” (Wałęsa. Człowiek z nadziei) აჩვენებენ. კინოფესტივალის მონაწილე ფილმებისა და ჟიურის წევრების შესახებ ეროვნულ კინოცენტრში ისაუბრეს. 

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი რიგით მესამე ფესტივალი იქნება, რომელზეც კინომოყვარულებს დიდი პოლონელი რეჟისორის ახალი ფილმის “ვალენსა. იმედის ადამიანი” ნახვა შეეძლებათ. ფილმს, რომელიც პოლონეთის პირველი პრეზიდენტის შესახებაა, ბათუმამდე,  ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალებზე აჩვენებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა დღეს, ვენეციის კინოფესტივალზე, ადგილობრივი დორით 21:45 საათზე გაიმართება.

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში 2 საათზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ფესტივალის ორგანიზატორებმა თავიანთ გეგმებზე ისაუბრეს. პრესკონფერენციაზე მყოფმა პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩეშკოვსკიმ განაცხადა, რომ ბათუმის კინოფესტივალი, რომელსაც პოლონეთის საელჩო მხარს დაარსებიდანვე უჭერს, პოლონეთსა და საქართველოს კულტურის სფეროში თანამშრომლობის მაგალითია.  

 

“პოლონური ფილმები ყოველ წელს ამ კინოფესტივალის მონაწილეა. განსაკუთრებულია ანჟეი ვაიდას ბოლო ფილმის ჩვენება. ბათუმში ამ ფილმის მსოფლიოში მესამე ჩვენება მოეწყობა. კინოჩვენების გარდა ფესტივალთან თანავმშრომლობთ და ვახორციელებთ პროექტს “პოლონეთი საქართველოსთვის და საქართველო პოლონეთისთვის”, რომელიც ქართული და პოლონური ფილმების ერთობლივ ჩვენებაზეა მიმართული,”- განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართელოში

ანჟეი ჩესკოვსკის თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, დიდ ეკრანებზე პოლონურ ფილმებს უჩვენებენ. ბათუმის კინოფესტივალის პროგრამის შესახებ ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა ისაუბრა. მისი თქმით, საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქართულ-თურქული თანამშრომლობის პლატფორმა 19-20 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიება, რომელშიც ქართველებთან ერთად სტამბოლის კინოფესტივალის წარმომადგენლები და თურქეთის მთავრობის დელეგაციის წევრები არიან ჩართული, თურქ და ქართველ პროდუსერებსა და რეჟისორებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

 

“ვორქშოფის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი ფილმების პროექტების განვითარება და ფინანსების მოძიება, რაც აქაური რეჟისორებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. თურქეთი მეზობელი ქვეყანაა და კინემატოგრაფი საკმაოდ კარგად ვითარდება. ფინანსირების შედარებით მეტი საშუალებებიც აქვს. ჩვენზე ადრე დაიწყეს კოპროდუქცია ევროპასთან. დაინტერესებაც იყო მათი მხრიდან და მხოლოდ მეზობლობის გამო არ შეგვირჩევია, ცხადია”- განაცხადა ზვიად ელიზიანმა. 

ელიზიანის თქმით, შესაძლებელია, რომ ამგვარი სექცია ბათუმის კინოფესტივალზე ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს. თუმცა წელს ამ ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართება და მას გაცნობითი ხასიათი ექნება. ელიზიანის თქმით, ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ როგორი ფორმატი ექნება ქართულ-თურქულ კოპროდუქციას. 

ეროვნული კინოცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობით Film London-ის სამდღიანმი ტრენინგ პროგრამა (Microwave’s Microschool International Georgia) შეიქმნა, რომლის ფარგლებში 6 პროექტია შერჩეული. ტრენინგების, მასტერკლასებისა და ინდივიდუალური სესიების ციკლი წინასწარ შერჩეული მცირებიუჯეტიანი ფილმის პროექტებისთვისაა.

წელს 6 პროექტია: 1. “სხვისი სახლი” -პროდუსერი: ზურაბ მაღალაშვილი; სცენარის ავტორი, რეჟისორი: რუსუდან გლურჯიძე, 2. “ინტერვალი”- პროდუსერები: ნინო ჭავძჭანიძე, ნიკა გუგუშვილი; სცენარისტი: ვაკო კირკიტაძე, 3. “ძილის გაკვეთილები” – პროდუსერი: რუსუდან პირველი; სცენარისტები: ალექსანდრე ჩხაიძე, რუსუდან პირველი. 4. “ცივი ჰაერის სიმხურვალე”- პროდუსერი: ვლადიმერ კაჭარავა; სცენარისტები: ირაკლი სოლომანაშვილი, ბესო სოლომანაშვილი. 5. “ხვალ”- პროდუსერი, სცენარისტი: ქეთი მაჭავარიანი; სცენარისტი: ნესტან კვინიკაძე. 6. Maisonette (დიდი ბრიტანეთი) – სცენარისტი, რეჟისორი: მაურის კალდერა; პროდიუსერი: ემილ მორგან.

კინოფესტივალის განმავლობაში დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი გაიმართება. ოთხ ჯგუფს, რომელიც 3–4 წევრისგან შედგება, პრაქტიკული ხასიათის ტრენინგები ჩაუტარდება დოკუმენტურ კინოში. ვორქშოფის დასრულების შემდეგ მონაწილეები 10- წუთიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. 

ვორქშოფის ფარგლებში ღია ტრენინგს გამართავს მარინა რაზბეჟკინა, ცნობილი რუსი კინოდოკუმენტალისტი და მოსკოვის დოკუმენტური კინოს ხელმძღანელი. სამდღიანი ტრენინგის ბოლოს მარინა რაზბეჟკინა რეჟისორებსა და სტუდენტებს პირისპირ შეხვდება

 

ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 44 მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები შესაბამის სექციებშია წარდგენილი. 

მხატვრული ფილმების სექციის ჟიურიში მარლენ ხუციევი, იეშიმ უსტაოღლუ, ჯიმ სტარკი, ვიესლავ სანიევსკი, ლელა ოჩიაური შედიან. დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრები ანჟეი ფიდიკი, ანტონ მაზუროვი, ემელ ჩელები, რუბენ გევორქიანცი, თინათინ გურჩიანი არიან. 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრები კი: ალექსანდრე რეხვიაშვილი, მეჰმეთ ალი არსლან, რაფი მოვსესიან, მარგარიტა კასიმოვა და ბაადურ წულაძე. 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ქალაქ ბათუმში 15-22 სექტემბერს იმართება. წელს ღონისძიება სამ ადგილას -კინოთეატრ “აპოლოში,” სასტუმრო “რესიდონის” საკონფერენციო დარბაზსა და ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი წელს მერვედ იმართება. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ მეფარიშვილი