კინოხელოვნება

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ლოკარნოში ოთხი პრიზი მიიღეს

16 აგვისტო, 2013 • 1155
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ლოკარნოში ოთხი პრიზი მიიღეს

ეროვნულ კინოცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ნანა ჯანელიძემ, კინოცენტრის დირექტორმა, განაცხადა, რომ ლოკარნოს კინოფესტივალზე ხუთი ქართული პროექტი იყო წარდგენილი. მათგან სამმა ოთხი პრიზი მიიღო. 

 

“კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი აღმოჩნდა წარმატებული საერთაშორსო ასპარეზზე. ხუთი პროექტიდან სამმა აიღო პრიზი და ფაქტობრივად ოთხი პრიზი მიიღო. ალექსანდრე კვატაშიძის პროექტმა აიღო ორი პრიზი,”- განაცხადა ნანა ჯანელიძემ. 

 

შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში გამართულ კინოფესტივალის კომერციულ პროგრამაში “Open Doors” ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური კინოს პროექტმა “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი””Open Doors”-ს წარმოების პრემია 20 ათასი შვეიცარიული ფრანკი და Arte Open Doors-ის პრემია 6 ათასი ევრო მიიღო. 

 

ნინო გოგუასა და ნათია გულიაშვილის პროექტმა “მადონა” 15 ათასი შვეიცარიული ფრანკი “Open Doors” პოსტ-პროდუქციის პრემიის სახით მიიღო. 

 

რუსუდან პირველისა და ალექსანდრე ჩხაიძის პროექტმა “ძილის გაკვეთილები” 7 ათასი ევრო საფრანგეთის ეროვნული კინოცენტისგან მიიღო. 

 

“ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ გამოჩნდნენ ახალი ვარსკვლავები, ახალი რეჟისორები, სრულიად ახალგაზრდები. ახალგარზდებმა ისწავლეს ახლებურად ფილმების პრეზენტაცია და წარდგენა. მათი თემები ევროპისთვის აღმოჩნდა საინტერესო,”-აღნიშნა ნანა ჯანელიძემ. 

 

რუსუდან პირველის, რეჟისორისა და პროდიუსერის, თქმით, აპრილში საქართველოს ეროვნული კინოცენტრისგან 400 ათასი ლარი მიიღო გრანტის სახით. მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ძილის გაკვეთილები” “არის ფილმი სიყვარულზე, რომელსაც ფონად ადევს ახალგაზრდა ბიჭების ცოტა ავარდნილი საქციელები”, განუცხადა მან ნეტგაზეთს. 

 

“ეს იყო ჩვენი პირველი მცდელობა, გავსულიყავით და წარგვედგინა ჩვენი პროექტი არაქართული აუდიტორიის წინაშე. ძალიან ამაღელვებელი იყო ჟიურისთან შეხვედრა იმიტომ, რომ სერიოზული პროფესიონალები იყვნენ ჟიურიში,”- იხსენებს ლოკარნოში განცდილ ემოციებს რუსუდან პირველი. 

 

რუსუდან პირველის თქმით, საფრანგეთის კინოცენტრის პრიზი პროექტის განვითარებისთვის გადმოეცათ.

 

ასევე, მათ საშუალება ეძლევათ, საფრანგეთის კინოცენტრის დაფინანსების მოპოვებისთვის თავიანთი პროექტი კიდევ ერთხელ შეიტანონ საფარანგეთის კინოცენტრში: “აგრეთვე, ჩვენ ვექცევით მათი ყურადღების ცენტრში და ვალდებულება გვაქვს მზა ფილმი ვაჩვენოთ.”

 

საერთაშორისო კინოფესტივალი ლოკარნოში გრძელდება და იგი 17 აგვისტოს დასრულდება. ნანა ჯანელიძის თქმით, ქართული კინოპროექტები ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექსიაში “Open Doors” წელს პირველად მონაწილეობდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი