ხელოვნება

ლაშა ბუღაძის პიესა “როიალ ქორთ თეატრის” სცენაზე დაიდგა

12 ივნისი, 2013 • 1743
ლაშა ბუღაძის პიესა “როიალ ქორთ თეატრის” სცენაზე დაიდგა

11–15 ივნისს “როიალ ქორთ თეატრის” სცენაზე ლაშა ბუღაძის პიესა “პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა” საპრემიერო ჩვენებები იქნება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ვიკი ფეზერსთოუნი.

პიესა “როიალ ქორთ თეატრის” ექვსკვირიან საზაფხულო ფესტივალზე “Open Court” წარმოდგენილია. ლაშა ბუღაძემ პიესა ბრიტანეთის საბჭოსა და “როიალ ქორთ თეატრის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაწერა, ხოლო თარგმნა ქართველოლოგმა, მწერალმა და მთარგმნელმა – დონალდ რეიფილდმა.

 

ლაშა ბუღაძის პიესა არა მხოლოდ ფესტივალში მონაწილეობს, არამედ თეატრის რეპერტუარშიც შევიდა.

 

„პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ აბსურდის კომედიაა, რომელიც ადამიანურ სისუსტეებსა და ძალაუფლებაზეა. იგი ერთადერთი პიესაა, რომელიც “როიალ ქორთ თეატრმა” თავისი რეპერტუარისთვის ქართველი და უკრაინელი დრამატურგების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილ 12 ნამუშევარს შორის შეარჩია,”– ნათქვამია ბრიტანეთის საბჭოს განცხადებაში.

 

ბრიტანეთის საბჭოდან ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შესარჩევი პერიოდი 2013 წლის 11–16 მარტს მიმდინარეობდა. ლონდონში “შორთ ლისტში” შეტანილი 4 ავტორის პიესებს მსახიობები კითხულობდნენ:

 

“ეს კითხვები რომ დასრულდა, გამორჩეულად მოეწონათ ლაშასი და მოუვიდათ თავში, რომ ეს პიესა დაედგათ და რეპერტუარში შეეტანათ.”

 

ლაშა ბუღაძისთვის ბრიტანულ თეატრალურ დაჯილდოებებში ეს პირველი წარმატება არ არის. 2011 წელს მან “ბიბისის” რადიოთეატრების კონკურსში პიესით “ნავიგატორი” გაიმარჯვა.


ლაშა ბუღაძე ლონდონის პრემიერას ესწრება, იგი ესწრებოდა რეპეტიციებსაც. წარმოდგენებზე დასწრებას  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ნაწილობრივ აფინანსებს. იგი საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება.

12 ივნისს პრემიერას ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან და ბრიტანული თეატრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშივილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში თამარ კაპანაძე დაესწრებიან.

ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროექტები საქართველოში ხელოვნების ხუთ ძირითად სექტორს მოიცავს. ესენია: თეატრი, კინო, მუსიკა, ლიტერატურა და ვიზუალური ხელოვნება. ჩვენ ვმუშაობთ საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ხელოვანებთან და სააგენტოებთან, სხვადასხვა ფორმით და მიმართულებით. ფართო აუდიტორიას ვაცნობთ საუკეთესო თანამედროვე ბრიტანულ ხელოვნებას. ყველა ჩვენი პროექტი ქართველ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება.

როიალ ქორთ თეატრი 1956 წელს დაარსდა, პირველივე სეზონზე თეატრის სცენაზე დაიდგა ჯონ ოსბორნის პიესა „მოიხედე მრისხანების ჟამს“, რომელმაც სრულიად გარდაქმნა ბრიტანული თეატრი და საფუძველი ჩაუყარა დრამატურგთა ახალი თაობის შექმნას, რომელთაც „გაბრაზებულ ახალგაზრდებს“ უწოდებენ.

1990-იანი წლებიდან როიალ ქორთი მაქსიმალურად უწყობს ხელს ახალი დრამატურგიის განვითარებას. მარკ რავენჰილი, სარა ქეინი, მარტინ მაკდონა, რომელთა ხელოვნებამ გავლენა იქონია თანამედროვე ევროპულ თეატრზე, გავლენა იქონია თანამედროვე ევროპულ თეატრზე, თეატრალურმა სამყარომ სწორედ როიალ ქორთის მეშვეობით გაიცნო. როიალ ქორთ თეატრის რეჟისორები თანამშრომლობენ თანამედროვე ბრიტანელ დრამატურგებთან, მათ შორის არიან რობერტ ბოლტი და ჰაროლდ პინტერი, ქერილ ჩერჩილი და დევიდ ჰეარი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ექსპერიმენტები ვერბატიმის თეატრის სფეროში სწორედ როიალ ქორთში განხორციელდა 1980-იანი წლების ბოლოს.

როიალ ქორთი თავდაპირველად შეიქმნა როგორც რეპერტუარული თეატრი თანამედროვე და კლასიკური დრამატურგიის სპეციალიზაციით. ბოლო ათი წლის განმავლობაში ძირითადად მუშაობს ინოვაციურ, თანამედროვე დრამატურგებთან. ერთი სეზონის განმავლობაში როიალ ქორთი ახალი და თანამედროვე ნამუშევრების 10-15 პრემიერას მართავს.

პიესებს როიალ ქორთისთვის რეგულარულად სამოცამდე დრამატურგი წერს, მაშინ, როცა თეატრის ლიტერატურული ნაწილი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამოგზავნილ 300-ზე მეტ პიესას განიხილავს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში როიალ ქორთ თეატრი საერთაშორისო რეზიდენტურის პროექტებს ახორციელებს და საწყისი ეტაპიდანვე ერთვება შერჩეული დრამატურგების მიერ პიესების დახვეწის პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი