ხელოვნება

კულტურა მშპ-სა და ციფრებში

31 იანვარი, 2017 • 2687
კულტურა მშპ-სა და ციფრებში

საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში კულტურის წილი 0.56%-ია – ამ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს კულტურის განვითარებისთვის საბაზისო მნიშვნელობა აქვს – ამტკიცებენ ავტორები, რომელთაც საქართველოს კულტურის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოამზადეს.

დაახლოებით 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა “კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის”, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პროექტის, “კრეატიული ევროპის” ფარგლებში ჩატარდა.

კვლევის შუალედური შედეგის პრეზენტიაცაზე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ექსპერტმა,  რაგნარ სილმა განაცხადა, რომ ამ კვლევით მათ არავითარი ახალი ინფორმაცია არ მოუგროვებიათ, უბრალოდ, ერთად მოუყარეს თავი ყველა იმ მონაცემს, რომელიც კულტურის სფეროსთან დაკავშირებით არსებობს, ამ ინფორმაციის მთავარი წყარო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურია.

პროგრამის “ინდიკატორები კულტურის განვითარებისთვის” და პროგრამის საერთაშორისო მრჩეველი საიმონ ელისი ამბობს, რომ ასეთი კვლევა საჭიროა იმისათვის, რომ განისაზღვროს კულტურის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მთავარია, ამ მონაცემებს როგორ დააკავშირებს მთავრობა, რომელიც ახორციელებს კულტურის პოლიტიკას.

ავტორების თქმით, კვლევის ფარგლებში სწავლობენ კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკის 7 მნიშვნელოვან განზომილებაში: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა.

ავტორების თქმით, იუნესკოს კულტურის განვითარების მაჩვენებლები საშუალებას იძლევა, შეიქმნას კულტურის ფართო კონტექსტუალური სტრუქტურა სტანდარტული სტატისტიკური მაჩვენებლების და სიების გამოყენებით. კულტურის განვითარების მაჩვენებლები ხელს უწყობს ქვეყნებს:

[checklist]

  • შეიქმნას ძირითადი მაჩვენებლების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს კულტურის ადგილს ეკონომიკასა და საზოგადოებაში
  • მიიღონ საერთო წარმოდგენა კულტურის სფეროში საქმიანობის თაობაზე ინფორმაციისა და სტატისტიკურ მონაცემთა ხელმისაწვდომობის შესახებ.
  • უზრუნველყონ საბაზო მონაცემები განსახილველად და პოლიტიკის შესამუშავებლად.

[/checklist]

საიმონ ელისის თქმით, კულტურის სტატისტიკა არის ნათელ და ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც შეიძლება გაიზომოს, ასევე, მოხმობილია ფაქტები, რომელზეც შეთანხმება ყველას შეუძლია.

ეკონომიკა

კვლევაში მოხმობილია საქსტატის 2014 წლის მონაცემები, რომლის მიხედვით, მშპ-ს სულ მცირე 0.56%-ს შეადგენს კულტურა, რაც სამუშაო ძალის 5% -ს უდრის, თუმცა ეს ციფრები დასაზუსტებელია და უფრო დეტალურ შესწავლას მოითხოვს, ამბობენ ავტორები.

“საქსტატს ამჟამად არ აქვს უფრო დეტალურად, საჭიროებისამებრ მოგროვებული ინფორმაცია. იმედი გვაქვს, მომავალში კულტურის სამინისტრო მიმართავს საქსტატს, რომ შეისწავლოს კულტურისა და ეკონომიკის მიმართება უფრო დეტალურად”, – წერია კვლევაში.

ავტორების ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საქართველომ შეიმუშავა კულტურის პოლიტიკა 2025 წლიდან და უფრო მეტი უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ გაიზარდოს კულტურისგან მიღებული შემოსავლები.

კულტურული აქტივობების წვლილი მშპ-ში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მაჩვენებელია ეკონომიკაზე მათი გავლენის შეფასებისას . რომელსაც კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები  დიდ როლს ასრულებს პროდუქციის წარმოებასა და ეკონომიკურ ზრდაში, წერენ მკვლევრები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კულტურის სფეროს პოტენციალს შეეხება, ეს ტურიზმია, -კულტურული ტურიზმი, რომელიც კულტურასთან ყველაზე მეტადაა დაკავშირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, ავტორებისთვის მაინც შეუძლებელი გახდა დაედგინათ ტურიზმში კულტურული ტურიზმის წილი. თავად ტურიზმი კი  მშპ-ს 6.73%-ს შეადგენდა 2015 წელს.

საქსტატის ცნობით, 2015 წელს კულტურის სფეროში დასაქმებამ შეადგინა საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის 5.2% – 95 555 სამუშაო ადგილი დარეგისტრირებულია კულტურის დარგში, თუმცა ოფიციალური მონაცემები არ მოიცავს კერძო სექტორსა და არაოფიციალურ სამუშაო ადგილებს.

კულტურის სფეროში დასაქმებულია კაცების 4.8% და ქალების 5.6%, ხოლო მთლიანად კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების 54% არის ქალი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი შემოსავლის 1.1% დახარჯეს კულტურულ ღონისძიებებზე 2015 წელს.

“შედეგი აჩვენებს, რომ 1.1% დანახარჯი არაა ძალიან მაღალი. ასევე, ძნელია დაადგინო, დანახარჯი შეეხებოდა ადგილობრივ კულტურულ პროდუქტსა და სერვისებს, თუ უცხოურს. კულტურაზე დახარჯული თანხები სასოფლო ადგილებში უფრო დაბალია (0.7%), ვიდრე  საქალაქო სივრცეში (1.5%).

[blue_box]განათლება[/blue_box]

სწავლა-განათლება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც კულტურული იდენტობა თაობიდან თაობას გადაეცემა, აღნიშნავენ ავტორები.

2015 წელს 74 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა 124 233 სტუდენტი, აქედან 2.72% სწავლობდა სახელოვნებო განათლების დარგში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტრომ მათ არ მისცა ინფორმაცია, რამდენწლიანი განათლება აქვთ მიღებული 17-22 წლის ადამიანებს და ამავე ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს შორის რამდენია ისეთი, რომელსაც არ მიუღია ოთხწლიან განათლებაზე მეტი.

[red_box]მართვა[/red_box]

კვლევის მიხედვით, საქართველოს შედეგი 1-დან 0.68 მიუთითებს იმაზე, რომ კულტურის სფერო ძლიერი ნორმატიული ჩარჩოს პირობებში ვითარდება. საქართველოს სხვადასხვა მთავრობის პერიოდში 25 წლის მანძილზე არაერთი მცდელობა იყო საერთაშორისო სამართლებრივი აქტების რატიფიკაციისა, რამაც გავლენა იქონია კულტურის სფეროზე, კულტურულ უფლებებსა და მრავალფეროვნებაზე.

თუმცა ყველა რეფორმა არაა ბოლომდე დასრულებული, აღნიშნავენ ავტორები.

საქართველოში კულტურის პოლიტიკისა და ინსტიტუციური სტრუქტურების ქულა შეადგენს 0.85-ს 1 ქულიდან.

[yellow_box]კულტურა და საზოგადეობის მონაწილეობა[/yellow_box]

2015 წელს კავკასიის ბარომეტრის მიერ გამოკითხულთა 15%-მა მიუთითა, რომ მათ მონაწილეობა მიუღიათ მინიმუმ ერთ კულტურულ ღონისძიებაში ბოლო 6 თვის განმავლობაში.

15%-იანი შედეგი მიუთითებს კულტურული მონაწილეობის დაბალ ხარისხზე და შიდა აუდიტორიის სტაბილურ მოცულობაზე. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა აუდიტორიის გაფართოება, კულტურის პროფესიული მენეჯმენტი და მარკეტინგული ინსტრუმენტები, წერია კვლევაში.

“ეს პროგრამა, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ისტორიულია. ჩვენ გვექნება გაზომვადი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს კულტურა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგრად განვითარებაში და არა მხოლოდ პირად შეგრძნებებზე და სხვადასხვა სახის მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ გაზომვად მონაცემებზე დაყრდნობით დავადგენთ, თუ რა გავლენა აქვს კულტურას ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში”, – ამბობს კულტურის მინსტრი მიხეილ გიორგაძე.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი დადებითად აფასებს კვლევის ჩატარებას და მიესალმება იმ ტენდენციას, რომ შეისწავლებოდეს ქართული კულტურის პოტენციალი ციფრებში.

“ეს არის საფუძველი იმისა, რომ კულტურა განვითარდეს. თუ არ იცი, ზოგადად სურათი არ გაქვს შექმნილი, თუ რა მიმართულებებია, ის ყველაფერი, რაც ქმნის ლოგიკურ განვითარებას, არა სტიქიურ განვითარებას, როგორც აქამდე ხდებოდა კულტურის სფეროში, ამის საფუძველი არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც, სამწუხაროდ, მანამდე არ გვქონია”, – ამბობს მაკა დვალიშვილი.

მაკა დვალიშვილის აზრით, თუ სახელმწიფოს ინტერესები იქნება,  უფრო დეტალურად იკვლიონ კულტურის სფერო, მაშინ ფინანსების გამოყოფაც ამ მიზნისთვის შესაძლებელი იქნება.

მაკა დვალიშვილი ამბობს, რომ დღესდღეობით ძირითადი აქცენტი კეთდება კულტურის მემკვიდრეობის დაცვაზე, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით მუშაობა არის აუცილებელი.

“თუ ეს გადატრიალება მოხდება, კულტურის ეკონომიკა თუ გახდება კულტურის პოლიტიკის მთავარი მიმართულება, მაშინ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე”, – ამბობს მაკა დვალიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი