კინოხელოვნება

ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე

30 ივლისი, 2012 • • 1981
ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე

მხატვრული ფილმი, რომელიც მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსის თემაზეა გადაღებული, რეჟისორის პირველი ნამუშევარია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ვენეციის კინოფესტივალზე მოხვდა.

 

“ფილმში ნაჩვენები არიან კონკურსანტი ქალები, რომლებსაც განსხვავებული ისტორია, სოციალური სტატუსი და მიზეზი აქვთ კონკურსში მონაწილეობის. თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინი მათი წარმოდგენებიდან განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდებიან,” – ამბობს რეჟისორი რუსუდან ჭყონია.

 

ვენეციის კინოფესტივალს რემდენიმე ავტონომიური სექცია აქვს, ერთ-ერთი მათგანია “ვენეციის დღეები”. “ვენეციის დღეების” ფარგლებში 12 ძირითადი ფილმი ირჩევა, რომელთა შორის მოხვდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი.

 

“Keep Smiling” – რუსუდან ჭყონიას სადებიუტო ფილმი არ მხატვრულ კინოში, თუმცა დებიუტია მხატვრ. თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში და მისი დასრულების შემდგომ რეჟისორს გადაღებული აქვს 2 დოკუმენტური და ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, თუმცა ყველაზე წარმატებული რეჟისორისთვის ბოლო ნამუშევარი გამოდგა.

 

ფილმი სამი ქვეყნის: საქართველოს, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის გადაღებები საქართველოში შპს “ქართული კინოს განვითარების ცენტრის” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

 

რუსუდან ჭყონია ფილმის რეჟისორი, პროდუსერი და სცენარის ავტორიცაა. როგორც თავად ამბობს, ფილმმა ვენეციამდე მისაღწევად საკმაოდ რთული გზა გაიარა.

 

“ფილმის გადაღება მიმდინარეობდა მოზარდმაყურებელთა თეატრში, თეატრის დატვირთული გრაფიკის გამო გადაღებებს ღამის 11 საათზე ვიწყებდით. მე უჰონორაროდ ვმუშაობდი, ასევე, შედარებით მცირე იყო მსახიობების ჰონორარიც. ნახევარი ანაზღაურებით იმუშავეს ასევე მემონტაჟეებმა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს შრომა წარმატებული გამოდგა,” – ამბობს რუსუდან ჭყონია.

 

მხატვრულ ფილმში ცნობილი და დებიუტანტი ქართველების ნახვაა შესაძლებელი: ია სუხიტაშვილი, ნანა შონია, ოლიკო ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ია ნინიძე, ნანა ჩიჩუა, გია როინიშვილი და სადებიუტო როლით ბექა ელბაქიძე.

 

ვენეციის კინოფესტივალი 30 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრამდე გასტანს. რეჟისორი რუსუდან ჭყონია იმედოვნებს, რომ მსოფლიო პრემიერის შემდგომ ფილმის ჩვენება საქართველოში შემოდგომაზე ან ზამთარში მოხერხდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი