ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8 პროცენტამდე ზრდის

17 თებერვალი, 2011 • • 1130
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 თებერვალს გადაწყვეტილება მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

2011 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. იანვარში სამომხმარებლო ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, აუცილებელია, სწორად  შეფასდეს ინფლაციის მიზეზები და მისი გავლენა მომავალი ფასების დონეზე საშუალოვადიან პერიოდში.  საქართველოში, ისევე როგორც რეგიონის ყველა ქვეყანაში, აღნიშნული მაღალი ინფლაცია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგომატარებლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მკვეთრი მატების შედეგია. მონეტარული ინსტრუმენტებით მისი თავიდან აცილება მხოლოდ ეკონომიკის მკვეთრი შემცირების პირობებშია შესაძლებელი. ამ ტიპის (ეგზოგენურ) ფაქტორებს ინფლაციაზე დროებითი გავლენა აქვს და მასზე რეაგირებას ცენტრალური ბანკები, (რადგან მსგავსი ინფლაციის შემცირების საზოგადოებრივი დანახარჯი აღემატება მის სარგებლიანობას) ეროვნული ბანკის თქმით, არ ახდენენ. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოში სამომხმარებლო ხარჯებში მაღალია კვების პროდუქტების წვლილი, შესაბამისად, მათზე ფასების ზრდა აჩენს ინფლაციის მოლოდინს. ინფლაციის მოლოდინი, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საშუალოვადიან ინფლაციაზე, რისი მიზნობრივ ფარგლებში მოქცევა არის ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არსებული რისკების შესაბამისად, ზაფხულიდან ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნული ბანკის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტი დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასებზე. შედეგად, გასულ პეროდებში პოლიტიკის გამკაცრება ჯერ სრულად არ არის ასახული რეალურ ეკონომიკაზე.

იანვარში გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, რაც მონეტარული პოლიტიკის ბოლო პერიოდის გამკაცრებას უკავშირდება. საპროცენტო განაკვეთების ზრდის პარალელურად შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის ტემპი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან შემცირდა ფართო ფულის აგრეგატების როგორც მოცულობა (ძირითადად სეზონური ფაქტორების გავლენით), ასევე წლიური ზრდის ტემპი. არსებული პროგნოზებით ფულის მასის ზრდა წლის განმავლობაში 20–25 პროცენტის ფარგლებში იქნება, რაც ეკონომიკის საპროგნოზო ზრდის გათვალისწინებით შესაბამისობაშია ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონესთან.

ეროვნული ბანკი იტყობინება, რომ მონეტარული პოლიტიკის წინა სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკის გამკაცრების შესახებ რეალურ ეკონომიკაზე ჯერ სრულად ასახული არ არის. თუმცა, ინფლაციური მოლოდინის კონტოლის მიზნით, მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება, რაც შესაბამისად აისახა კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 16 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი