ეკონომიკა

მე მიყვარს ვაუჩერი

23 თებერვალი, 2011 •
მე მიყვარს ვაუჩერი

Image 3279
Image 3279

ძალიან  რთულია, არ მოგწონდეს სიტუაცია, როდესაც 50 ლარს გჩუქნიან და ძალიან იშვიათად თუ დაგებადება ამ დროს ორი სახის კითხვა: გჭირდება თუ არა ეს საჩუქარი და მომავალში ეს სიკეთე უფრო „ძვირად ხომ არ დაგიჯდება“?

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობას ორი ტიპის ვაუჩერს სთავაზობს: 20–ლარიან ვაუჩერს ელ.ენერგიისათვის მიმწოდებელი კომპანიის გავლით და 30–ლარიან ვაუჩერს ფულადი სახით, კომერციული ბანკების საშუალებით.

ვაუჩერი ინფლაციის პრევენციისათვის 

ერთ-ერთი პოპულარული მითი, რომელიც ვაუჩერების განაწილების თემას შეეხება, მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ გაცემული ვაუჩერები მოსახლეობის მდგომარეობას არსებულ ინფლაციურ ფონზე მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

გაანალიზების გარეშე, წარმოდგენილი მითი აბსოლუტურად რეალურია. რა თქმა უნდა, როდესაც  ნებისმიერ პირს საჩუქრად, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, 50 ლარს გადასცემ, მის მდგომარეობას მოკლევადიან პერიოდში აუცილებლად გააუმჯობესებს. თუმცა, ეს ის საკითხია, რომელიც განხილვას გრძელვადიან ჭრილში იმსახურებს. უფრო კონკრეტულად, ნათლად გაანალიზებას ის საკითხი საჭიროებს, თუ რა დადებითი ან უარყოფითი ეფექტის მოტანა შეუძლია აღნიშნულ ვაუჩერებს მოსახლეობისთვის შედარებით გრძელვადიანი პერიოდისათვის.

პრობლემა, რომელიც ვაუჩერების დარიგების თემაზე საუბრისას მყისიერად წარმოიქმნა, რესურსების უყაირათოდ გადანაწილებას შეეხება. ერთი შეხედვით, ხელისუფლება თანაბრად ანაწილებს მოსახლეობისათვის დასარიგებელ ვაუჩერებს; თუმცა დიდი მსჯელობა არ სჭირდება იმას, რომ მაღალშემოსავლიანი მოსახლისთვის აღნიშნული ვაუჩერი ბევრად უფრო ნაკლებად პროდუქტიულია, ვიდრე – დაბალშემოსავლიანი მოსახლისათვის.

სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დახმარების გასამართლებლად უფრო წონადი არგუმენტი, შესაძლებელია, ვაუჩერების მხოლოდ იმ ადამიანებისათვის გადაცემა ყოფილიყო, რომლებსაც აღნიშნული დახმარება მართლაც ესაჭიროებათ და არა – ყველასათვის. არსებული მოდელის ამოქმედების შემთხვევაში, ფულის მიწოდების რაოდენობა შედარებით ნაკლები იქნებოდა. სახელმწიფოს არგუმენტი, რომ მაღალშემოსავლიანები კეთილ ნებას გამოიჩენენ და დაბალშემოსავლიანებს საკუთარ ვაუჩერებს გადასცემენ, ზედმეტად იდეალისტურია.

ეკონომიკაში არსებობს საინტერესო თეორია, რომელსაც დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზი ეწოდება. აღნიშნულ თეორიას ეკონომისტთა ნაწილი საზოგადოებრივი საქონლის ანალიზისას იყენებს, თუმცა შესაძლებელია თეორიის სხვა კონტექსტში გამოყენებაც. მარტივად რომ ვთქვათ, დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზი რაიმე საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ერთმანეთს ადარებს პროექტზე გასაწევ დანახარჯებს და მოსალოდნელ ეფექტებს.

დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც სახელმწიფო საზოგადოებრივ პროექტს იწყებს, მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, მთავრობა ახდენს ვაუჩერების გაცემას. ამ დროს, გადაწყვეტილების მიღებამდე, მთავრობამ უნდა შეადაროს ყველა იმ ადამიანის მთლიანი სარგებლობა, რომელსაც საზოგადოება მთავრობის მიერ ამ პროექტის განხორციელებისას მიიღებს და განსაზღვროს შესაბამისი დანახარჯები, როგორც მიმდინარე, ასევე შემდგომი პერიოდისათვის.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზის გამოყენების დეფიციტი საქართველოში ნებისმირი გადაწყვეტილების მიღების დროს იგრძნობა. სწორედ ამიტომ, კარგი იქნებოდა, რომ მთავრობას აღნიშნული თეორია ვაუჩერების დარიგების გადაწყვეტილების მიღებამდე გაეთვალისწინებინა.

შესაძლებელია დასახელდეს, როგორც მინიმუმ, ორი ფაქტორი, რომელიც მოსალოდნელია, რომ ვაუჩერების გაცემის თემაზე გაუთვლელად მიღებულმა გადაწყვეტილებამ  მომავალში გამოიწვიოს.

  • ინფლაციური პროცესების წახალისება

ვაუჩერების დარიგება შესაძლებელია ინფლაციის სტიმულატორად მოგვევლინოს. კერძოდ, ვაუჩერების საშუალებით ეკონომიკაში ფულის მიწოდება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, შესაბამისად, გაიზრდება ინფლაციური რისკი. ეკონომიკაში პოპულარული კიდევ ერთი თეორიის – ფულის რაოდენობრივი თეორიის თანახმად, ქვეყანაში ფულის რაოდენობა განსაზღვრავს ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი კი ინფლაციის დონეს.

  • უშრომელი შემოსავლის ეფექტი

საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის მქონე ახალი დემოკრატიის ქვეყნებისათვის დამახასიათებელია მოსახლეობის ჭარბი დამოკიდებულება სახელმწიფოზე. მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ისინი კვლავ სახელმწიფომ უნდა არჩინოს და ყველა მისი პრობლემა კვლავ სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. შესაბამისად, ისეთი ტიპის ვაუჩერების შემოღება, როგორსაც საქართველოს მთავრობა გვთავაზობს, კვლავ წაახალისებს მოსახლეობის სახელმწიფოზე დამოკიდებულების განწყობას და გაამყარებს მათ გადაჭარბებულ მოლოდინს სახელმწიფოს მუდმივი დახმარებების შესახებ.  ამ შემთხვევაში, კვლავ ცნობილ დილემას ვუბრუნდებით: რა სჯობს, თევზის ჭერა ვასწავლოთ მოსახლეობას, თუ დაჭერილი თევზები მივუტანოთ? თუ პირველ ვარიანტს ავირჩევთ და ყოველთვის ვერ მივუტანთ დაჭერილ თევზს, რა მოხდება ამ შემთხვევაში?

დაშვება: მთავრობამ ყეველაფერი გათვალა

თეორიულად სრულიად შესაძლებელია, რომ ვაუჩერებთან მიმართებში ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, გაცილებით ადრე იფიქრა მთავრობამ. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ საკითხზე დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზი მთავრობას უკვე დიდი ხნის გაკეთებული აქვს. თუმცა არის ერთი პრობლემა: ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი კრიტიკა იყო  გამოთქმული (დასაბუთებულიც და დაუსაბუთებელიც) და ხელისუფლების მხრიდან არც ერთი დასაბუთებული არგუმენტი არ ყოფილა, ინფორმაციის ნაკლებობა კი მთავრობის მისამართით ყოველთვის წარმოშობს კითხვებსა თუ მოლოდინებს, რომლებიც, შესაძლებელია, უარყოფითი ეფექტების (მაგალითად, ინფლაციური მოლოდინი) მატარებელი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი