ეკონომიკა

ხახამი კულას პროდუქციას ქაშერის სერტიფიკატს მიანიჭებს

3 თებერვალი, 2011 • • 3490
ხახამი კულას პროდუქციას ქაშერის სერტიფიკატს მიანიჭებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი შიდა ქართლის გუბერნატორთან, ზურაბ არსოშვილთან ერთად  გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანას, ”კულას” სტუმრობდა.

ქარხანა „კულა“  ორი წელიწადია რაც არსებობს და 145 დასახელების ქართული ნატურალური ნედლეულიდან ნატურალურ პროდუქტს ამზადებს, მათ შორის, სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, ტყემლებს, მარინადებს, მურაბებს, ხილფაფებს. დღეიდან საწარმოში  სოკოს წარმოებაც დაიწყო, მარტიდან კი დიაბეტური პროდუქციის გამოშვებაა დაგეგმილი.

ქარხანაში ამჟამად  სტუმრად იმყოფება ისრაელის ხახამი, რომელიც ქარხანას ადგილზე ეცნობა და პროდუქციის ხარისხს ამოწმებს, შემოწმების შემდეგ კი ხახამი პროდუქციას ქაშერის სერტიფიკატს მიანიჭებს, რის შემდეგაც ისრაელში ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდება. მაის-ივნისის თვეში კი გერმანული კომპანია საკონსერვო ქარხანას ბიოსერტიფიკატს გადასცემს.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე 186 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ეძლევათ.   

საინტერესოა, რაში მდგომარეობს ქაშერის სერტიფიკატის არსი და რა შემთხვევაში ეძლევათ იგი კომპანიებს.

ებრაულად კაშრუსი ნიშნავს შესაფერისს, სუფთას, ან ვარგისიანობას მოხმარებისათვის. კაშრუსის კანონები მოიცავს ყოვლისმომცველ კანონმდებლობას აკრძალული და ნებადართული საკვების შესახებ. რაც შეეხება პროდუქტებისათვის ქაშერის სერტიფიკატის მინიჭებას, მას გარკვეული შეზღუდვები და პირობები გააჩნია: ყველა მცენარე, რომელიც იზრდება ნიადაგში (ხე, ბუჩქი), არის ქაშერი. რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, ქაშერის გარკვეული კანონები კონკრეტულად ესადაგება დათესილ ბოსტნეულს, ხილს და მარცვლეულს, გარდა ამისა, სხვადასხვა სახეობების შეჯვარებას; ქაშერის კანონების მიხედვით, ორი სახის თესლი არ შეიძლება დაითესოს ერთ მინდორზე ან ვენახში. გარდა ამისა, საკვებად უვარგისია ხილი, რომელიც, არა უგვიანეს 3 წლის განმავლობაში დარგული მცენარიდანაა აღმოცენებული.  

ამასთანავე, ქაშერის სერტიფიცირების პროცესზე დიდი გავლენა იქონია საკვების ინდუსტრიაში მომხდარმა ცვლილებებმა და იმ ფაქტმაც, რომ ინდუსტრიის მიერ შეთავაზებული პროდუქტების 80%  წინასწარ დამუშავებულ ინგრედიენტებს შეიცავდა, ინდუსტრიალიზაცია უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს პროდუქტების ინდუსტრიას, მაგრამ, ამასთანავე, ინდუსტრიულ პროცედრებში მომხდარი მტკიცე და სწრაფი  ცვლილებები და თავად საკვების შემადგენლობის, ინგრედიენტების  სირთულე კაშერის სერტიფიცირების პროცესისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი