ეკონომიკა

რა ღირს საახალწლო სუფრა საქართველოში? [Video]

31 დეკემბერი, 2010 • • 2542
რა ღირს საახალწლო სუფრა საქართველოში? [Video]

დეკემბრის დადგომასთან ერთად თბილისში საახალწლო მზადება დაიწყო, მაგრამ სადღესასწაულო ციებ–ცხელება განსაკუთრებულად დეკემბრის ბოლო კვირაში იწყება. ყველა მზადებაშია, ზოგი ინდაურს არჩევს საცივისთვის, ამბობენ, სჯობს, ნახევარი დედალი ინდაური  და ნახევარი მამალი ინდაური ავიღოთ, რომ გემრიელი საცივი გამოვიდესო, რადგანაც დედალი უფრო ცხიმიანია და ნახარშიც გემრიელი იქნებაო, მამალს უფრო ბევრი ხორცი აქვს და, საერთო ჯამში, საუცხოო საცივი გამოგვივაო,  ზოგიც გოზინაყის საუკეთესო რეცეპტის ძიებაშია, რადგანაც წინა წელს მეგობართან უფრო გემრიელი გოზინაყი მიირთვა, ვიდრე თავად ჰქონდა მომზადებული.

ქართველები რომ სტუმართმოყვარე და გურმანი ხალხია, ალბათ ამაზე დავა აღარც ღირს. ამ ფაქტს ისიც მოწმობს, რომ ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა საკმაოდ მრავალფეროვანია: ინდაურის საცივი, შემწვარი გოჭი, ხაჭაპური, ხიზილალა, სალათები, თევზეული, ტკბილეული, ნამცხვარი, ხილი, სასმელი (როგორც უალკოჰოლო, ასევე ალკოჰოლური) და კიდევ ბევრი სხვა, რომელიც შესაძლოა ხელუხლებელიც კი დარჩეს სუფრაზე, მაგრამ, რაც მთავარია, ტრადიციას არ ვღალატობთ.

როგორც ჩვენი კუჭისთვის, ასევე ჩვენი ჯიბისთვისაც არ არის ადვილი გადასატანი ასეთი დატვირთვა. გადავწყვიტე, დაახლოებით დამეთვალა, თუ რა ჯდება საქართველოში ახალი წელი თავისი სუფრით, საჩუქრებით (რომლებიც ძირითადად თოვლის ბაბუას მოაქვს) და ნაძვის ხით.

პირველ რიგში, სასმლის ფასები გავარკვიე: “ბაგრატიონის” შამპანიურის შეძენა მინიმუმ 6, ხოლო მაქსიმუმ 47 ლარად არის შესაძლებელი, „თელიანი ველის“ ღვინოების საწყისი ფასი 7,65 ლარია, საფერავს კი 27,55 ლარად შეიძენთ. „თბილღვინო“ სარფიან გარიგებას გვთავაზობს, 3 ბოთლი ოჯალეშის შეძენისას, (ერთი ბოთლი 15,45 ლარი ღირს), მეოთხე ბოთლს უფასოდ გადმოგვცემს. მინერალურ წყლებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომი „ლიკანი“ აღმოჩნდა-1,25 ლიტრიანი ბოთლი 0,85 ლარი ღირს.

სასმელების შემდეგ ტკბილეულის ფასებით დავინტერესდი, ამ მხრივ სუპერმარკეტები საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობენ: „ბარამბო“ მრავალფეროვანი შემოთავაზებებით გვანებივრებს, მათ შორის სამარხვო ტკბილეულით. შოკოლადის ნაკრები „დღესასწაული“ სულ რაღაც 7 ლარად შეგვიძლია შევიძინოთ, „Rocher“–ის შოკოლადის ნაკრების ფასი 10,15–დან 30,5–მდე მერყეობს, ხოლო „Lindt“ –ის ნაკრები 42,95 ლარი ღირს. „Rosali“–ის სუფთა შოკოლადის შეძენა 44,55 ლარად, ხოლო „Trupel“-ის 6,6 ლარად არის შესაძლებელი. ყველასათვის საყვარელი „დათუნია“ შოკოლადი კი 1 კგ 25 ლარი ღირს.



შემწვარი გოჭის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა. თუ თადარიგს წინასწარ დავიჭერდით და მას ახალ წლამდე 10 დღით ადრე შევიძენდით, მაშინ მხოლოდ 45 ლარი დაგვეხარჯებოდა, მაგრამ ვინც ვერ მოასწრო, სამწუხაროდ, ახლა უკვე 60 ლარის გადახდა მოუწევს. გაიზარდა ასევე ინდაურის ფასიც, თუ მას აქამდე 25 ლარად ვიყიდდით, ახლა მისი ფასი 45–დან 50 ლარამდეა.

ახალი წლის სიმბოლო, „გოზინაყი“ ალბათ ყველასათვის საყვარელი ნუგბარია. საგრძნობლად მოიმატა მისი ინგრედიენტების ღირებულებამაც-1კგ თაფლის ფასი 12 ლარიდან 18 ლარამდე, ხოლო ნიგოზის 9 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა.

და ბოლო დეტალი – იმისათვის, რომ პატარებს ოცნებები ავუხდინოთ, საკმარისი არ არის მხოლოდ მრავალფერვანი კერძებით დატვირთული სუფრა, რადგანაც მათი უმეტესობა ჯერ კიდევ თოვლის ბაბუასა და ლაპლანდიელი სანტას მოლოდინშია.

თოვლის  ბაბუს გამოძახება, რომელიც საახალწლო ზღაპრის ახდენას და უამრავ საჩუქარს გვპირდება, 40 ლარიდან არის შესაძლებელი, მაგრამ საჩუქრებთან ერთად თუ ფოტოს გადაღება და ფეირვერკიც გვინდა, მაშინ მისთვის 100 ლარის გადახდა მოგვიწევს. ხელოვნური ნაძვის ხეების ფასი 100 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე აღწევს.

ყოველივე ზემოთ თქმულს შესრულება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ დამდეგ ახალ წელს მხიარული განწყობით შევხვდეთ, მაგრამ თუ მაინც გადავწყვეტთ, ქართული ტრადიციული სუფრით ავღნიშნოთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური დღესასწაული, მაშინ თადარიგი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ, რადგანაც ახალი წლის ბოლო დღეებში ეს ისედაც ძვირი სიამოვნება კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი