ეკონომიკა

თინა ხიდაშელი: ქალაქში მონოპოლისტი გაჩნდება

9 დეკემბერი, 2010 • 1430
თინა ხიდაშელი: ქალაქში მონოპოლისტი გაჩნდება

სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერის გამოცხადება, წყლის ტარიფის გაძვირება, ქალაქში პარკირების საფასურის გაზრდა- ეს ის საკითხებია, რომლებზეც თბილისის საკრებულოში ბოლო თვეების მანძილზე აქტიურად მსჯელობენ. აღნიშნული მოვლენების შესაფასებლად ქ.თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელ წევრ თინათინ ხიდაშელს მივმართეთ, რომელიც გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, ჩვენთან საუბარში თბილისის საკრებულოს მუშაობაც შეაფასა.   

 

ქალბატონო თინა, როგორ შეაფასებდით, ზოგადად, თბილისის საკრებულოს მუშაობას?

 

საკრებულოს მუშაობა ცოტა სასაცილო ტერმინია, აღნიშნული ორგანო თვეში მხოლოდ 2 დღე მუშაობს-ერთი დღე სხდომაა და ერთი დღე კომისიების სხდომა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არასერიოზულიამ იმიტომ რომ, როცა ამბიცია გაქვს, რომ ხალხის წარმომადგენელი ხარ, ვფიქრობ, ასეთი ტიპის წარმომადგენლობითი საჯარო დაწესებულება სხვა რეჟიმში  უნდა მოქმედებდეს. თავად საკრებულოს სხდომები, ჩემი აზრით,  ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ბევრი მიზეზის გამო. მაგალითად, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა სხდომა, რომელიც ტარდება, სამართლებრივად უკანონოა, იმიტომ რომ არცერთი სხდომის ჩატარების დროს დაცული არ არის ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რომელიც საჯარო დაწესებულებებში სხდომების წესებს  არეგულირებს, კერძოდ, რამდენი ხნით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია სხდომის ჩატარების შესახებ, ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის შესახებ, საზოგადოების ინფორმირება, დასწრების შესაძლებლობა. ეს ხდება არა მხოლოდ საზოგადოების მიმართ საჯაროობის ნაწილში, არამედ საკრებულოს წევრების მიმართ საჯაროობის ნაწილშიც, ანუ ჩვენი შიდა წესებიც  მუდმივად ირღვევა, ჩვენ მინიმუმ 5 დღით ადრე  უნდა გვქონდეს ყველა ინფორმაცია სხდომის შესახებ, არაფერს ვამბობ სხდომის მასალებზე. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის, რომ საკრებულოს მთავარი ფუნქცია-ბიუჯეტის დამტკიცება  საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხდა, რაც სრულიად გაუგებარია. რიგგარეშე სხდომა კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დროში შეზღუდულია, შეგიძლია ყველაფერი სწრაფად და ფორსმაჟორში აკეთო და არ გჭირდება საჯაროობისთვის დამახასიათებელი პროცედურები. ბიუჯეტი კი სერიოზული თემაა. ოპოზიციას ერთადერთი რამ შეუძლია-საჯარო დისკუსიის იმიტაცია მაინც შექმნას, რა თქმა უნდა, ის, რომ შენ სხდომაზე კონკრეტულ თემაზე ლაპარაკობ, აპროტესტებ, ეთანხმები, აღნიშნული თემა საჯაროდ გამოგაქვს, არ არის დისკუსია, ეს არის ინფორმირება. დისკუსიის შესაძლებლობა არ რჩება, იმიტომ რომ უკვე სხდომაა, სხდომას თავისი წესები აქვს და დისკუსია შეიძლება 7- წუთიანი გამოსვლით იყოს შემოფარგლული. ჩვენ რომ იმის შესაძლებლობა გვქონდეს, რომ კომისიის სხდომებით მედია იყოს დაინტერესებული და სხდომებს ესწრებოდეს, სხვა ვითარება იქნებოდა, კომისიის სხდომა მინიმუმ 2 დღით ადრე ტარდება, ეს უკვე ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ისევ ფორსმაჟორულად და შეზღუდული რეჟიმით, მაგრამ რაღაც ტიპის დისკუსია მაინც გაჩნდეს, ამის კარგი მაგალითი ბაღების თემაა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღი 1 იანვრიდან ფასიანი ხდებოდა, ადრე გავიგეთ, ჩვენ შეგვიძლია ინიცირება მოვახდინოთ, რადგან ამის დრო გვაქვს, მერია კი დღეს  ამბობს, რომ ფასების დადება არ იგეგმება. ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ მუნიციპალიტეტმა დაინახა,  რომ ამას ძალიან ცუდი რეაქცია მოყვა, ხოლო როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია როგორც საკრებულოში, ისე მერიაში, ამ შემთხვევაში ხელისუფლება უკან აღარ იხევს.

 

სამარშრუტო ტაქსების ტენდერი უკვე გამოცხადდა, რას იტყოდით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით? თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, როდის უქმდება ძველი სამარშრუტო ხაზები, როგორ იქნება მძღოლების საქმე? 

 

1 თებერვალს გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, 1 მარტიდან უკვე ახალი ხაზები, ახალი მანქანები და ახალი სისტემა შემოვა, ტენდერი 6 დეკემბერს გამოცხადდა. სერიოზული პრობლემა, რაც  ყველაზე მეტად მაწუხებს, კონკურსის პირობებია, პრაქტიკულად უალტერნატივოა, რომ ქალაქში მონოპოლისტი გაჩნდება, რასაც 2 უარყოფითი მხარე აქვს- პირველი ის, რომ ფასი  უკონტროლო იქნება, იმიტომ რომ აღარ იქნება კონკურენცია, მეორე ის, რომ სატრანსპორტო ქსელში ჩართული მცირე ბიზნესით  დაკავებული ბევრი ადამიანისათვის ადგილი უბრალოდ აღარ დარჩება. თბილისში სულ 5 ლოტია გამოცხადებული, მაგალითად, ლოტი არის ვაკე-საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი, რაც სრულიად არაადეკვატურია თავისი არსით. პირობებიდან გამომდინარე, ტენდერში ბევრი ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას, რაც შეეხება პირობებს: ვაკე-საბურთალოს ლოტი რომ ავიღოთ, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ყოველდღე ხაზზე 554 მანქანა უნდა გვყავდეს, თითოეულ მანქანაზე საბანკო გარანტია 1200 დოლარი უნდა გვქონდეს, კიდევ 100 000 დოლარი საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისათვის და მილიონ 300 ათასი დოლარი საბანკო გარანტია საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად, საინტერესოა, დღეს ხაზზე მოქმედი რამდენი სამარშრუტო ფირმა შეძლებს ამ პირობების დაკმაყოფილებას. არანაირი აკრძალვა, შეზღუდვა არ არის უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაციებისათვის, რაც მაფიქრებინებს, რომ მივიღებთ იმავე სცენარს, რაც წყლის შემთხვევაში მოხდა. არანაირი შეზღუდვა, განსხვავებული პირობა არ არის ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებისათვის. პირობებში არაფერი წერია ფასზე, რაც ასევე შემაშფოთებელია, ერთადერთი, რაც ამ თემაზე წერია,  არის ის, რომ ფასის შეცვლის შემთხვევაში 1 თვით ადრე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მერიას. საკრებულოს სხდომაზე ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა პირობა მომცა, რომ კომისიაში ვიქნებოდი და თავად ვნახავდი, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნებოდა,  კომისიაში არ ვარ და გუშინ გავიგე ტელევიზიიდან, რომ ასეთი კომისია შეიქმნა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირობა დადეს, სანამ დადგენილებას გამოსცემდნენ და ტენდერის პირობებს გამოაცხადებდნენ, ხელშეკრულებას საკრებულოს გამოუგზავნიდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 

 

წლის ტარიფის გაძვირება ძალზე აქტუალური თემაა, ჩვენს გაზეთთან საუბარში თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ 5 წლის წინ, როდესაც თბილისის წყალი გასხვისდა, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ მომავალი 5 წლის მანძილზე წლის ტარიფი არ მოიმატებდა; ხელისუფლება ამჯერადაც იმავეს ამბობს, რამდენად დამაჯერებელია წინა გამოცდილებიდან გამომდინარე თქვენთვის მათი დაპირება?

 

არცერთი ოფიციალური უწყებიდან ხელშეკრულება მაშინდელი დაპირების შესახებ არ მიმიღია. არსებობს ვიდეო მასალა, ინტერვიუები, მამუკა ახვლედიანმა ბრიფინგზე გვითხრა, რომ  თბილისის წყალი 2 მიზეზის გამო გაიყიდა იმ კომპანიაზე, რომელზეც გაიყიდა, პირველი, რომ მან შესთავაზა ყველაზე მაღალი ფასი, ეს ტყუილია, იმიტომ რომ მე ახლა ყველა დოკუმენტი მაქვს. მულტიფლექსმა, ანუ ვისაც თბილისის წყალი მიჰყიდეს,   85 მილიონი გადაიხადა, როდესაც ესპანელები- 125 მილიონს, ფრანგები კი 105 მილიონს გვთავაზობდნენ.  გარდა ამისა, ხელშეკრულებაში წერია, რომ სინამდვილეში თბილისის წყალი 85-ის მაგივრად 70 მილიონად გაიყიდა, იმიტომ რომ დანარჩენი თანხა ინვესტიციებისთვის იყო განკუთვნილი, აღნიშნული ინვესტიციები ჩაიდო თუ არა, არავინ იცის. ახვლედიანის თქმით, მეორე მიზეზი იყო ის, რომ ტარიფი, რომელიც  მულტიფლექსმა შემოგვთავაზა, იყო ყველაზე დაბალი და სტაბილური, სინამდვილეში ესეც ტყუილია, თუ აბსოლუტურ რიცხვებს ავიღებთ, ახვლედიანის არგუმენტი სიმართლეა-2 ლარი და 40 თეთრი, ის ტარიფი, რაც აქამდე იყო, ყველაზე დაბალი რიცხვობრივი მაჩვენებელი გახლდათ მათ შორის, რომელიც კომპანიებმა შემოგვთავაზეს, მაგრამ ტარიფი რომ იყო ყველაზე დაბალი, ეს ტყუილია, იმიტომ რომ ფრანგები და ესპანელები გვთავაზობდნენ დიფერენცირებულ ტარიფს, ისინი გრაფიკიანი მიწოდების შემთხვევაში სხვას, ხოლო 24- საათიანი მიწოდების შემთხვევაში სხვა ტარიფს გვთავაზობდნენ, ასე იყო ორგანიზაციების შემთხვევაშიც და თუ იქიდან შეჯერებულს გამოვიყვანდით, უფრო  დაბალი ტარიფი გამოდიოდა. მათ გვთხრეს, რომ მულტიფლექსის მიერ შემოთავაზებული ტარიფი ყველაზე სტაბილური იყო, ესპანელები კი ვერ ამბობდნენ რამდენი წელი შეინარჩუნებდნენ შემოთავაზებულ ტარიფს. წყლის გაძვირება თუ დაიწყო, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, მეტიც, 5 ლარსა და 47 თეთრზე ავალთ, ასეთი იყო სქემა. კანონშიცაა ჩადებული გაძვირების მოტივაციები, ეს არის ელ.ენერგიის  ტარიფის ზრდა, ტექნიკური პარამეტრები, აქედან კი არც ერთი არ მომხდარა, ფორმალურად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულება დაირღვა, კანონის მოთხოვნებიც მინიმუმ დაირღვა, არც ელ. ენერგია გაძვირდა, არც არაფერი,  რაც კანონში გაძვირების პირობად იყო ჩადებული, გრაფიკი ისევაა და წყლის მოწოდებაც ისევ იმავე რესურსით ხდება. ამჟამად ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ 2 წელი არჩევნები არ იქნება  და რაც გასაძვირებელია, უნდა გაძვირდეს.

 

 

რაც შეეხება პარკირების თემას: რამდენად სამართლიანია ისეთი კომპანიის არსებობა, რომლისგანაც თბილისელი მძღოლები რეალურად არანაირ სერვისს არ იღებენ, რა შეცვალა თქვენი აზრით ამ სერვისმა?

 

ლაპარაკია იმაზე, რატომ გაძვირდა, გასაგებია, რომ ფინანსური ტვირთი არ არის დიდი, მაგრამ  რა შეიცვალა, რა გააკეთა ამ კომპანიამ ისეთი, რის გამოც უფრო მეტი უნდა გადავუხადოთ, არც ის ვიცით, დაამატა თუ არა პარკირების ადგილები, რითაც გაამართლეს მათ აღნიშნული გადასახადის გაორმაგება. ჩვენი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების  პრობლემა ისაა, რომ არ გვესმის, რატომ არის ეს ყოველივე მნიშვნელოვანი, არავინ თვლის საჭიროდ რაიმე აგვიხსნას, დაგვისაბუთოს, ამას არც მოსახლეობა ითხოვს.

 ,

 

 

 

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი არის თბილისის საკრებულოს წევრი. რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი

მასალების გადაბეჭდვის წესი