2010 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოს ახალი სატელეფონო ნუმერაციის დებულება ძალაში შედის. ნუმერაციის ეროვნული სისტემა საქართველოს ქალაქების არსებული კოდების ცვლილებას ითვალისწინებს, ქ. თბილისის ფიქსირებული (ე.წ. ქალაქის) სატელეფონო ქსელში არსებულ სააბონენტო ნომერზე ერთი ციფრის დამატებით შვიდნიშნა სააბონენტო ნუმერაცია იქნება, იგივე წესით საქართველოს ყველა სხვა ქალაქში (თბილისის გარდა) ფიქსირებულ სატელეფონო ქსელებში – ექვსნიშნა სააბონენტო ნუმერაცია; მობილური ქსელის საოპერატორო კომპანიების ორნიშნა კოდებს დაემატება ერთი ციფრი ”5” (მაგ : მაგთი – 899, ნაცვლად -599; ბალი – 898, ნაცვლად-598; ჯეოსელი- 877, ნაცვლად-577; ლაი-ლაი- 893, ნაცვლად-593; ბილაინი – 897, ნაცვლად-597; და ა.შ.), ხოლო იგივე წესით სააბონენტო ნომერი უცვლელად ექვსნიშნა დარჩება. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებზე გასვლის პრეფიქსი – ”8” შიცვლება ”0” -საქალაქთაშორისო და 00-საერთაშორისო პრეფიქსებით.
ამ თემასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ქაშიბაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი ახლო მომავალში დაიწყება. იგი გეგმაზომიერად, ეტაპობრივად, საჯაროდ წარიმართება და 2011 წლის დეკემბერში დასრულდება. საქართველოს საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემა ხელს შეუწყობს ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვას და აღნიშნული მომსახურება უზრუნველყოფს – ”ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მომსახურების მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას, სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების განვითარებას” – განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურებისთვის ერთიან სამნიშნა კოდებს შეიმუშავებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კანონის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ.