„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არც წელს მიიწვიეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს კობახიძის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ირაკლი კობახიძეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა არც შარშან მიუღია. 2025 წლამდე საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოველწლიურად იყო წარმოდგენილი.
დავოსის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი 50 წელიწადზე მეტია იმართება და მისი მიზანი საერთაშორისო ეკონომიკური დიალოგების წარმართვაა. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები. ფორუმს, როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 19-23 იანვარს გაიმართება და თავს მოუყრის 3 000-მდე ლიდერს სხვადასხვა სექტორიდან, მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან.
წლევანდელი ფორუმი გამოირჩევა სამთავრობო დონეზე მონაწილეობის რეკორდული მაჩვენებლით: მოსალოდნელია 400 უმაღლესი რანგის პოლიტიკოსის დასწრება, მათ შორის 65-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის და G7-ის (დიდი შვიდეულის ქვეყნების) ექვსი ლიდერის.
დავოსის ფორუმში მონაწილე უმაღლესი რანგის პოლიტიკური ლიდერებს შორის იქნებიან: დონალდ ტრამპი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი; მარკ კარნი – კანადის პრემიერ-მინისტრი; ფრიდრიხ მერცი – გერმანიის ფედერალური კანცლერი; ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი; ჰე ლიფნგი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის პრეზიდენტი; ვაჰაგნ ხაჩატურიანი – სომხეთის პრეზიდენტი; ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი; ალექსანდრ ვუჩიჩი – სერბეთის პრეზიდენტი; აჰმად ალ-შარაა – სირიის პრეზიდენტი და სხვები.








