ეკონომიკა

“ძმური ეკონომიკა” თავისუფალი ეკონომიკის სანაცვლოდ

16 სექტემბერი, 2010 • 1723
“ძმური ეკონომიკა” თავისუფალი ეკონომიკის სანაცვლოდ

“ძმური ეკონომიკა” ქართული სიტყვაა და ეკონომიკურ თეორიაში, საერთოდ, არაფერს ნიშნავს. უფრო ვირტუალურად კი ეკონომიკურ თეორიაში “ძმური ეკონომიკის” სინონიმად შეიძლება  ტერმინი ოლიგოპოლია მოგვევლინოს.

 ოლიგოპოლია, ყველაზე მარტივი გაგებით, აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც ბაზარზე მოქმედი რამოდენიმე ფირმა მოქმედებს, როგორც “ერთი ფირმა”. იურიდიულად, ბუნებრივია, ეს ყოველივე მკაცრად გამიჯნულია ერთმანეთისაგან, თუმცა მომხმარებელს, რომელიც იურიდიულ ნიუანსებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, კომპანიათა შეთანხმებული მოქმედება მნიშვნელოვნად აზარალებს.

საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა კომპანიამ ისე იმოქმედოს, როგორც “ერთმა კომპანიამ”. მაგალითად, ნავთობპროდუქტების, ძირითადად კი, ავტომობილების საწვავის ბაზარზე გამოკვეთილად დომინირებს 4 მსხვილი კომპანია. თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ოთხივე კომპანიის მენეჯმენტს, ძირითადად, ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე მიმართულებით “უნდება” ფასების შეცვლა და მათი აზრით, აქ უცნაური არაფერია. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ ფირმებს შორისაც, ძირითად მობილურ ოპერატორებს შორის და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ხშირია ტენდენცია, როცა სხვადასხვა, თითქოს კონკურენციაში მყოფი კომპანია ფასს, როგორც კონკურენციის უმთავრეს ინსტრუმენტს, ერთმანეთთან ურთიერთობაში საერთოდ არ იყენებს, ანუ ისინი სრულებითაც არ უწევენ ერთმანეთს ფასისმიერ კონკურენციას.

მთავარი შეკითხვა არის ის, თუ რატომ არ აქვთ მოტივაცია დასახელებულ სფეროებში მოქმედ მსხვილ კომპანიებს, ფასისმიერი კონკურენცია აწარმოონ ერთმანეთთან? პასუხის მოძებნა მარტივი ლოგიკითაა შესაძლებელი – ქვეყანაში არ არის სრულად თავისუფალი კონკურენციის ბაზარი, სადაც “ბიზნესის კეთების სიმარტივე” გაიზომება არა ფორმალური, მარტივი იურიდიული პროცედურების მოგვარებით, არამედ საქმიანობის რეალური დაწყებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, საქართველოში არსებულ ბიზნესის მთელ რიგ სფეროებში “ახალი მოთამაშის” გამოჩენა არც ისე მარტივია, რაც ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცილდება.

საქართველოში 2010 წლის მარტამდე, “კონკურენციის დაცვის” მიზნით, მოქმედებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ამჟამად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულება – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. 2010 წლის 12 მარტს საქართველოს კანონში “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამინისტროს აღნიშნული საქვეუწყებო დაწესებულება ლიკვიდირებული იქნა და, უფრო მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, თუმცა მისი წინამორბედი საქვეუწყებო დაწესებულების პირდაპირ ადგილმონაცვლედ.

ორივე დასახელებულ შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო მოქმედებს “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონის ფარგლებში. აღნიშნულ კანონში კი მრავალი ისეთი “საინტერესო” დეტალის აღმოჩენაა შესაძლებელი, რომელიც კონკურენციის განვითარებას ნამდვილად ვერ შუწყობს ხელს. მაგალითად, თუ კანონის მეშვიდე მუხლი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს საგადასახადო თუ სხვა შეღავათების აკრძალვები, რათა  კონკურენტებთან (მათ შორის პოტენციურ კონკურენტებთან) მას არ მიენიჭოს შედარებითი უპირატესობა, ამან კი კონკურენციის შეზღუდვა არ გამოიწვიოს, კანონის მერვე მუხლი, მთელ რიგ შემთხვევებში, დასაწესებელი შეღავათების “ფორმსმაჟორულ გამონაკლისებს” უშვებს. სამწუხაროდ, სწორედ მსგავსი “გამონაკლისები” გამოიყენება და ყოველთვის გამოიყენებოდა ყველა ქვეყანაში, ბიზნესის არათანაბარ ვითარებაში ჩაყენების “კანონიერ” არგუმენტად.

ამასთან, ერთის მხრივ, დასახელებული კანონი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ან ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისთვის მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას, რაც არსებითად ზღუდავს კონკურენციასა და თავისუფალ ფასწარმოქმნას, მეორე მხრივ, კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” სამთავრობო სტრუქტურებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრულ შემთხვევებში, საბიუჯეტო სახსრებით განახორიციელოს შესყიდვები ე.წ. “ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით”, ანუ ტენდერის გარეშე. თუ ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, ტენდერში მონაწილეთა შორის კონკურენტულ შეჯიბრს აქვს ადგილი, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო სტრუქტურები სწორედაც რომ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებენ სამუშაოს შემსრულებელ ეკონომიკურ აგენტებს და ხშირად საკუთარი სიმპათიით ირჩევენ სასურველ ფირმას, მიუხედავად იმისა, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში აღნიშნულია, რომ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას,  ამ კანონის ერთ-ერთი მიზანია შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ასევე სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება. თუ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შეწყიდვებს გადავხედავთ, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, აღმოვაჩენთ, რომ რატომღაც სახელმწიფო სტრუქტურები მუდმივად ერთსა და იმავე ფირმასთან “მართავენ მოლაპარაკებებს”. ეს კი კონკურენციას ნამდვილად არ უწყობს ხელს.

საქართველოს კანონმდებლობიდან მოყვანილი მაგალითები მხოლოდ ნაწილია იმისა, რომ არსებულ ვითარებაში, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, არ გამოირიცხება ქვეყანაში მონოპოლიების, ოლიგოპოლიებისა თუ ცალკეულ ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება. აღნიშნული კი საფუძველშივე გამორიცხავს თავისუფალი ბიზნესის ხელშეწყობას.

სწორედ თავისუფალი ბიზნესის არარსებობის პირობებში არაერთხელ დამდგარა საკითხი “ცალკეული ფირმების მიერ არაჰუმანური ფასების დაწესების თემის შესახებ” და სწრაფადვე განხილულა სახელმწიფოს ჩარევის პოლიტიკა ფასების რეგულირებისათვის. ეკონომიკაში გაუცნობიერებელი მოსახლეობის უმრავლესობა სწრაფადვე იტაცებს “ეკონომიკაში გაცნობიერებულ” ხელისუფალთა უმაღლესი წარმომადგენლებისა თუ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარმოთქმულ პოპულისტურ იდეებს ფასების კონტროლის საკითხზე. ბოლო რამოდენიმე წელიწადის მანძილზე არაერთი დისკუსია გამართულა ქვეყანაში შაქრის, მარილის, საწვავის, წამლების, სულ ბოლოს კი პურის ფასის რეგულირებაზე.

“ზომიერი” ფასები – არის თემა, რომელიც ყოველთვის იქნება აქტუალური ქვეყნის მოსახლეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონს ოლიგოპოლიების მიერ ურთიერთგარიგებით ჩამოყალიბებული ფასები, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი გამოსავალი, სახელმწიფოს მიერ ფასების რეგულირების მიზნით, მათ საქმიანობაში ჩარევა იქნებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამოსავლის ნაცვლად,  ეს ფაქტი კიდევ უფრო დაამძიმებდა ვითარებას.

რა უნდა იღონოს სახელმწიფომ ასეთ ვითარებაში? ალბათ, პირველ რიგში უნდა შექმნას მოქმედების მიზანი, რომელიც არ დააზარალებს ბიზნესის ინტერესებს, ანუ არც ერთ შემთხვავაში არ შექმნას დამატებითი მარეგულირებლები, რომლებიც, მოკლევადიანი ფსევდო ეფექტების შემდგომ შესაბამის სფეროში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებენ.

ასეთ ლოგიკას ბევრი შემდავებელი ეყოლება და იტყვის, რომ საქართველოში უკვე არსებობდა ანტიმონოპოლური სამსახური, რომელიც გაუქმდა და დღევანდელი ვითარება მხოლოდ ამის ბრალია. ზოგადად, უაზრობაა რომელიმე სტრუქტურის მხოლოდ იმ მოტივით გაუქმება, რომ იგი კორუფციის წყაროს წარმოადგენდა ან მომავალში შეიძლება გადაიქცეს (დაახლოებით მსგავსი არგუმენტი ითქვა მაშინ, როცა ანტიმონოპოლური სამსახური იქნა გაუქმებული). თუმცა, მისი ამოქმედების შემთხვევაშიც კი, ანტიმონოპოლური სამსახური, ერთის მხრივ, არ უნდა მოგვევლინოს ყველაზე წარმატებული და სწრაფად მზარდი კომპანიების მთავარ “კანონიერ” შემვიწროვებლად, რაც, თავის მხრივ, თავისუფალი ბაზრის შეჯიბრობითობის პრინციპის მნიშვნელოვანი დარღვევაა, ხოლო, მეორე მხრივ, არც სიმბოლურ, ბიუჯეტის მხარჯველ ბიუროკრატულ დაწესებულებად უნდა დარჩეს.

საქმე იმაშია, რომ თუ ქვეყანაში არსებობს ბიზნესის სრული თავისუფლება, შეუძლებელია ამ ქვეყანაში რომელიმე ბიზნესმა ან ბიზნესმენთა ცალკეულმა ჯგუფებმა, ფასების ცალმხრივი ზრდის ხარჯზე, დომინანტობის ილუზიები შეიქმნან, შედეგად კი მომხმარებელთა სოლიდური ჯგუფები დაკარგონ. ქვეყანაში ბაზრის სრულყოფილი თავისუფლება ავტომატურად უზრუნველყოფს სრულყოფილ კონკურენციასა და ფასების თავისუფლებას. სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასები კი უფრო მეტად ორინტირებულია მომხმარებელზე, ვიდრე სახელმწიფოს მიერ “კეთილი ნების ჟესტად” რეგულირებული ფასები, რომლებიც, თავის მხრივ, პროდუქციის დეფიციტისა და ფასების შემდგომი სწრაფი ზრდის უმთავრესი სტიმულატორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი