დასაქმება ბიზნესში

4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი  ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, საქსტატის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით.

4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი  ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, საქსტატის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით.

სტატისტიკის სამსახურმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები  8 სექტემბერს გამოაქვეყნა.

დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან, ამავე წყაროს მიხედვით,   უმეტესობა,  58,7% მამაკაცია, ხოლო, 41,3% – ქალი.

საქართველოში დასაქმებულების ყველაზე დიდი რაოდენობა მსხვილ საწარმოებზე მოდის. შემდეგ მოდის მცირე საწარმოები, სადაც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21,6% მუშაობს, ხოლო მესამე ადგილზე საშუალო საწარმოებში მომუშავე ადამიანებია.

საშუალო თვიური ხელფასი, საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში  მამაკაცებისთვის 600 ლარია, ხოლო ქალებისთვის 437 ლარი.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მსხვილ საწარმოებში საშუალო ხელფასი 700 ლარზე მეტია, საშუალოში –400-ზე მეტი, ხოლო მცირე საწარმოებში კი– 300-ზე მეტი.

დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში დომინანტი ვაჭრობის სფეროა. ასევე ავტომობილების, საყოფაცხოვრებო საგნების რემონტი, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა. მესამე ადგილზეა ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სფერო, მომდევნო ორ ადგილს კი ტრანსპორტი და მშენებლობა იკავებს.

ჯანმრთელობის დაცვის  და სოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა ქალია, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში მომუშავეები კი მამრობითი სქესისანი არიან.

საქართველოში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, 58,9%, თბილისზე მოდის. მეორე ადგილზე იმერეთია,  დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 9.4%-ით, აჭარა 0,1%-ით ჩამორჩება ქვემო ქართლს და რეგიონში საქართველოში მომუშავეთა 7.6% ითავსებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელმაც ბიზნეს სექტორის 2010 წლის მეორე კვარტლის კვლევა გამოაქვეყნა, არსებული დოკუმენტის შენიშვნაში უთითებს, რომ კვლევაში არ იყო ჩართული საცალო ვაჭრობა ბაზრებსა და ბაზრობებზე.

კვლევა არ მოიცავს არაფინანსურ სექტორს. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ კვლევაში არ არის აღრიცხული საბანკო, სადაზღვევო სექტორი , სახელმწიფო მმართველობის და შიდამეურნეობის სექტორები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე