ეკონომიკა

17 თუ 71? – ხელფასები და დისკრიმინაცია საქართველოში

26 აგვისტო, 2010 • 1976
17 თუ 71? – ხელფასები და დისკრიმინაცია საქართველოში

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტი იყო, მაშინ, როდესაც 2010 წელს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს მთავრობის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, აწ გარდაცვლილმა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ საკმაოდ პრაქტიკულად, ყველა მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე ახსნა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა და შედეგის გაზომვადობა. მან თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ყველა მოქალაქე მაშინ იგრძნობდა, როდესაც საკუთარი მაცივრის კარს გამოაღებდა და იქ, სიცარიელის ნაცვლად, პროდუქტების ფართო ასორტიმენტი დახვდებოდა.

დასახელებული მეთოდი მართლაც საოცრად მოქნილი პრაქტიკაა ზედაპირული კვლევის ჩასატარებლად. კითხვის დასმა მოქალაქეებისათვის მარტივად შეიძლება, მაგალითად, შეიცვალა თუ არა პროდუქტების ოდენობა მათ მაცივარში 2003 წლის შემდგომ? თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში, შეკითხვის ამგვარად დასმისას, ქვეყნის მოქალაქეთა პასუხი საოცრად გულწრფელი იქნებოდა,  კვლევა არასერიოზულად იქნებოდა მიჩნეული.

უფრო სერიოზულ ციფრებს კი საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული ბიურო (საქსტატი) გვთავაზობს. მაგალითად, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2009 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა, გამოხატულმა მიმდინარე ფასებში, 17948.6 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მონაცემის მიხედვით, პრაქტიკულად გაორმაგდა 2004 წელს დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებელი. ეს კი, ბუნებრივია, ეკონომისტების ან თუნდაც პოლიტიკოსების ენაზე ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ხოლო პოპულისტების ენაზე – ცხოვრების პირობების 100 პროცენტით უკეთესობისკენ შეცვლას.

თუმცა საინტერესოა, რას ნიშნავს ეს ციფრები საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის? შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ არაფერს, ვინაიდან მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას უბრალოდ არ ესმის, რა არის მიმდინარე ფასებში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტი და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ამ მაკროეკონომიკურმა მაჩვენებელმა პირადად მას. ქვეყნის რიგითი მოქალაქე სწორედ ზემოთნახსენებ მაცივარში პროდუქტების ზრდის დინამიკას აქცევს ყურადღებას და სტატისტიკოსების მიერ მოწოდებული ციფრები დიდად არ ადარდებს ან, უმრავლეს შემთხვევაში, საერთოდ არც არასოდეს ეცნობა მათ.

აღნიშნულ ფონზე საინტერესოა, რას უდრის ის თანხა, რომელიც ადამიანის საარსებო მინიმალურ პირობებს უზრუნველყოფს? ერთის მხრივ, ეს ის შეკითხვაა, რომელიც რამდენ ადამიანსაც არ უნდა დავუსვათ, იმდენ სხვადასხვაგვარ პასუხს მივიღებთ, თუმცა, მეორე მხრივ,  ეკონომიკაშიარსებობს საარსებო მინიმუმის ცნება, რომელიც მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება.  მინიმალურ სასურსათო კალათაში იგულისხმება განსაზღვრული კვების პროდუქტებისაგან შემდგარი სასურსათო კალათა, რომელიც  შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობასშეიცავს.

 მარტივად რომ ვთქვათ, საარსებო მინიმიმუმი  ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და კალორიულობის ის მინიმალური ოდენობაა, რომელიც  ყველა ადამიანმა იმისათვის უნდა მიიღოს, რომ ელემენტარული არსებობა შეძლოს. ბუნებრივია, ამ ლოგიკით საარსებო მინიმუმი არ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანს ესაჭიროება ჩაცმა, ტრანსპორტი, თუნდაც დასახელებული საარსებო მინიმუმის მოსაპოვებელ სამუშაო ადგილამდე მისვლისათვის, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მაგალითად, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი და ა.შ.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ  თავდაპირველად მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა  5 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) საფუძველზე ხდება. შემდგომში უკვე დგინდება პროდუქტების საშუალო ფასი და მიჩნეულია, რომ მიღებული ფასი  თითოეული პროდუქტის საშუალო ღირებულებას წარმოადგენს ქვეყნის დონეზე.

საქსტატის მიერ მოწოდებული მეთოდიკის მიხედვით, ითვლება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საშუალოდ 2009 წელს დაახლოებით 129 ლარი იყო, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი ამავე პერიოდში დაახლოებით 216 ლარი დაფიქსირდა, ხოლო ექვსსულიანი და მეტი შემადგენლობის ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 289 ლარს არ აღემატებოდა.

დასახელებული მონაცემების გაცნობისას, უამრავი კითხვა იბადება. დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ 2003 წლამდე ოპოზიციაში მყოფი ბატონი ზურაბ ჟვანია დაჟინებით ითხოვდა, რომ მიღებული ყოფილიყო კანონი მინიმალური ხელფასების შესახებ, რომელიც არსებულ ხელფასს იმ პერიოდისათვის დაფიქსირებულ საარსებო მინიმუმს, ანუ საშუალოდ 115 ლარს გაუტოლდებოდა. დღეს კი, საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვიგებთ, რომ 2009 წელს, 2002-2003 წლებთან შედარებით, საარსებო მინიმუმი საშუალოდ მხოლოდ 14 ლარით გაზრდილა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი ლოგიკა დაუჯერებელია. ამასთან, კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ დასახელებულ 2002-2003 წლებთან შედარებით, 2004 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა  30 ლარითდაიკლო და საშუალოდ 85 ლარი შეადგინა.

გარდა წარმოდგენილი მშრალი სტატისტიკისა, რომელიც თავისთავად საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, სხვა ყველაფერთან ერთად, საეჭვოა ასევე ის ფაქტიც, თუ როგორ არის შესაძლებელი ექვსსულიანმა ოჯახმა  289 ლარით იარსებოს? ან, ზოგადად, საშუალო ოჯახმა– დაახლოებით 216 ლარით?

ამ ფონზე ინტერესმოკლებული არ იქნება,  საქართველოს მოქალაქეთა მიმდინარე შემოსავლების სტატისტიკას გავეცნოთ. კერძოდ, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2008 წელს  დაახლოებით 535 ლარს შეადგენდა, რაც, მაგალითად, 2003 წელს დაფიქსირებულ დაახლოებით 126 ლართან შედარებით, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. 2010 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა მაჩვენებელმა კი დაახლოებით 565 ლარი შეადგინა. მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, დამაფიქრებელია, რომ საქართველოში ამჟამად ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში ფიქსირდება. ამასთან, საკმაოდ დისკრიმინირებულად გამოიყურება ის ფაქტიც, რომ საქართველოში ერთსა და იმავე სფეროში, ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალების ანაზღაურება საგრძნობლად ჩამორჩება მამაკაცების ანაზღაურებას. მაღალანაზღაურებად სამსახურებში, მაგალითად, საფინანსო სექტორში აღნიშნული ტიპის დიფერენციაცია 700 ლარსაც კი აღწევს.

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტი იყო, მაშინ, როდესაც 2010 წელს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. საქმე იმაშია, რომ საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვითდასაქმებულია, მაგალითად, პიროვნებას  მცირე მეურნეობააქვს სოფლად, ან სულაც საკუთარი ავტომანქანით “ტაქსაობს”. ყველა ასეთი ტიპის სამუშაოს შემსრულებელი კი სტატისტიკურად დასაქმებულად ითვლება.

ზემოთ დასახელებული ფაქტი, რომელიც საოცარ სხვაობას გვაჩვენებს სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და მოსახლეობის გამოკითხვით დაფიქსირებულ შედეგებს შორის, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვერანაირი სტატისტიკა ვერ შეძლებს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, თუ ამის რეალური შესაძლებლობები და პირობები არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი