ეკონომიკა

ქვემო ქართლში ოქროს ახალ საბადოს მოძებნიან

23 დეკემბერი, 2022 • 10612
ქვემო ქართლში ოქროს ახალ საბადოს მოძებნიან

მალე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მადნეული-ფოლადაურის მადნიან ზონაში, ოქროს ახალი საბადოს შესწავლას დაიწყებენ, სადაც შემდეგ შესაძლოა ნედლეულიც მოიპოვონ.

სალიცენზიო ტერიტორია მოიცავს რამდენიმე სოფელსაც, მათ შორის, ამ სოფლებში მდებარე სახლებს, სალოცავებს, სასაფლაოებს და სასოფლო-სავარგულებს.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ როგორ გაიცა ლიცენზია, რომელი კომპანია აპირებს წიაღისეულის მოპოვებას, ვინ დგას ამ კომპანიის უკან და რა გეგმები აქვთ მათ.

რას გულისხმობს ოქროს მოპოვების ლიცენზია

მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ოქრო-პოლიმეტალების შესწავლა-მოპოვების შესახებ პირობებიანი აუქციონი 30 აგვისტოს ჩაატარა და გამარჯვებულიც გამოავლინა.

სააგენტოს მიერ სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის გაგზავნილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აუქციონში გაიმარჯვა კომპანია „გოლდსეპტ ქართლმა“, სააგენტოს მხრიდან შესაბამისი ბრძანება კი 27 სექტემბერს გაიცა.

კომპანიის 75 პროცენტის მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული „გოლდსეპტ რისორსიზ ლიმიტედი“, ხოლო დარჩენილი 25 პროცენტი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას „ინტერნეიშენალ ჯეოლოჯიქალ ენდ მაინინგ ქონსალთინგ ქომპანის“ ეკუთვნის, რომლის 88- პროცენტიანი წილის მფლობელი ზურაბ ქუთელიაა.

ქუთელია „გოლდსეპტ ქართლის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მასთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ისრაელის მოქალაქე, არიე ბარბოი და რუსეთის მოქალაქე, კირილ ზიმინი.

აუქციონი მცირე დროის განმავლობაში, სულ 6 საათი და 8 წუთი გაგრძელდა და ლოტი საბოლოოდ 5 100 000 ლარად გაიყიდა.

ოქროს მომავალი საბადო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ტალავერის, რაჭისუბნის, ნახიდურის, ქვემო ბოლნისის, ქვეშის, მამხუტისა და შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულებს მოიცავს.

სალიცენზიო ფართობი შეადგენს 105 059 320 კვადრატულ მეტრს, დაახლოებით 105 კვადრატულ კილომეტრს. შედარებისთვის, ქალაქ ბათუმის ფართობი 65 კვადრატული კილომეტრი, რუსთავის – 60 კმ², ხოლო ქუთაისის – 70 კმ²-ია.

აუქციონზე თანდართული რუკა და კოორდინატები, რომლის თანახმადაც სალიცენზიო არეალი მოიცავს დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის სოფელ ტალავერს (რუკაზე აღნიშნულია, როგორც ფახრალო), ხატისოფელს, ვანათს, ჭაპოლასა (რუკაზე აღნიშნულია, როგორც კოჩულო) და სამტრედოს. 

აუქციონის პირობების თანახმად;

  • ლიცენზიის ვადა 30 წელია;
  • კომპანიამ, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 5  წლის ვადაში უნდა შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში. (JORC არის პროფესიული კოდექსი, რომელიც ადგენს წიაღისეულის კვლევის, ასევე რესურსებისა და მარაგების დადგენის სტანდარტებს).
  • კომპანიამ, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჯამურად უნდა განახორციელოს არანაკლებ  12 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მათ შორის, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 16 თვის ვადაში ძებნა-ძიებითი სამუშაოებისთვის განახორციელოს არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია;
  • 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, ლიცენზიანტმა უნდა წარმოადგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, ლიცენზიის მფლობელმა შესწავლის პერიოდში მუდმივად უნდა დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 30  მოქალაქე, ხოლო შემდგომ, საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე – საქართველოს არანაკლებ 150 მოქალაქე;
  • ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ასეთი მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით.

აღნიშნული და სხვა პირობების, ასევე ლიცენზიის ფასის შესახებ, რომლის გადახდაც შეეძლო კომპანიას და რომელიც შემდგომ აუქციონის საწყის ფასად განისაზღვრა, მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსს, ანდრო ასლანიშვილს წინასწარ, პირველ და 10 ივნისს გაგზავნილი წერილით აცნობა ზურაბ ქუთელიამ, რომელიც წერილებს ხელს აწერს, როგორც სააქციო საზოგადოება „გოლდსეპტ საქართველოს“ გენერალური დირექტორი.

ზურაბ ქუთელიას მიერ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსისადმი პირველ ივნისს გაგზავნილი წერილის ნაწილი

სააქციო საზოგადოება „გოლდსეპტ საქართველოში“, ისევე როგორც გოლდსეპტ ქართლში, ქუთელიას პარტნიორები ბარბოი და ზიმინი არიან.

მოგვიანებით სააგენტომ მართლაც გაითვალისწინა ქუთელიას მიერ დასახელებული პირობები და აუქციონიც მათ შორის ამ პირობების დათქმით გამოაცხადა.

კომპანიის წარმომადგენლის, სოსო ცაბაძის განცხადებით, ის, რომ აუქციონი მართლაც აღნიშნული პირობების გათვალისწინებით გაიმართა, არ უნდა ჩაითვალოს აუქციონის ერთ კომპანიაზე მორგების მცდელობად და ფაქტი არ უნდა აჩენდეს ამგვარ განცდებს.

„დამალული არაფერი იყო და ყველაფერი საჯარო იყო. ჩვენ კომპანიაში გვყავს სპეციალისტები, რომელთაც საკმაოდ დიდი კომპეტენცია გააჩნიათ, შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ტერიტორია იყო პერსპექტიული და მანამდე ამ ტერიტორიაზე ამგვარი ინიციატივა არავის გამოუთქვამს, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ [სახელმწიფოს] გამოეცხადებინათ აუქციონი, რომელიც იყო ღია.

ყველა აუქციონი ასეა ინიცირებული კერძო კომპანიის მიერ. სახელმწიფო იშვიათად იჩენს ინიციატივას.

ჩვენ ვიცოდით, რა შეგვეძლო ჩვენი ფინანსური და საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამიტომ ეს ინფორმაცია გავუზიარეთ [სახელმწიფოს], მაგრამ პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე, ამიტომ ნურავითარი განცდები ნუ გექნებათ“, – აცხადებს სოსო ცაბაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

ადგილობრივი ჩართულობა 

როგორც მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის გაგზავნილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მინერალური რესურსების სააგენტოს გაუგზავნა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერიების პოზიცია ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით.

როგორც წერილებიდან ირკვევა, ორივე მუნიციპალიტეტი დათანხმდა ლიცენზიის გაცემას.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა საკუთარი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ სალიცენზიო ტერიტორია მდებარეობს დასახლებული პუნქტებიდან, ამ შემთხვევაში შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულიდან მოშორებით.

დოკუმენტაციაში ბოლნისის მერია არ აზუსტებს მიზეზს, თუ რატომ მიაჩნია მიზანშეწონილად ლიცენზიის გაცემა, მაშინ როდესაც, განსხვავებით მარნეულისგან, ბოლნისის შემთხვევაში სალიცენზიო ტერიტორია უშუალოდ დასახლებულ პუნქტებს ემთხვევა.

ნეტგაზეთმა კითხვებით მიმართა ბოლნისის მერს, დავით შერაზადიშვილს, თუმცა, მისი განცხადებით, ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტისთვის წერილობით უნდა მიგვემართა.

კითხვაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, თუ რატომ მიიჩნია მერიამ ლიცენზიის გაცემა მიზანშეწონილად, მასალა განახლდება.

არქეოლოგიური კვლევა და ზემოქმედების შეფასების ანგარიში

მინერალური რესურსების სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პირველი წერილი, სადაც ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდა, პირველ აპრილს გაუგზავნა, რაზეც პასუხი 11 მაისს მიიღო.

საპასუხო წერილში ნათქვამი იყო, რომ კომპანიას:

  • წიაღისეულის მოპოვებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უნდა წარედგინა სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად შერჩეული ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა;
  • და ასევე, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე/ობიექტებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

წერილში ნათქვამი იყო, რომ „აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო მიიღებდა გადაწყვეტილებას დაგეგმილი სამუშაოების მიზანშეწონილობის თაობაზე და გასცემდა შესაბამის დასკვნას“.

მინერალური რესურსების სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან მიღებული წერილი 13 მაისს გაუგზავნა „გოლდსეპტ საქართველოს“, შედეგად კი ამ უკანასკნელმა 16 მაისს, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სახელზე გააგზავნა წერილი, სადაც კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ „ასეთ მოთხოვნას საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც წიაღის სფეროში არსებული მრავალწლიანი პრაქტიკა, არ იცნობს და ამდენად, მოცემულ ეტაპზე ამგვარი პირობის წამოყენება კანონთან შეუსაბამო იყო“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალ წერილში ვკითხულობთ, რომ სააგენტო ლიცენზიის გაცემაზე თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინდივიდუალური დამცავი ზონების ფარგლებში ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებიდან 300 მ რადიუსში განხორციელდება აფეთქებითი ან/და ვიბრაციის გამომწვევი სამუშაოები, ლიცენზიის მფლობელი წარმოადგენს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე/ობიექტებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და სამუშაოებს შეათანხმებს სააგენტოსთან;
  • უცნობი არქეოლოგიური ობიექტ(ებ)ის სავარაუდო დაზიანება/განადგურების თავიდან აცილების მიზნით, მიწის სამუშაოებს განახორციელებს არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო სამუშაოებზე მეთვალყურე არქეოლოგი სააგენტოში წარადგენს მონიტორინგის ეტაპობრივი ანგარიშს;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებამდე კომპანია წარმოადგენს წიაღის მოსაპოვებლად საბოლოოდ შერჩეული ტერიტორიების (და არა სრული სალიცენზიო ტერიტორიის) არქეოლოგიური კვლევის ანგარიშსა და ამავე ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე ზემოქმედების ანგარიშს.

სოსო ცაბაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავდაპირველი პოზიცია შესაძლოა აიხსნებოდეს „უწყებებს შორის ნაკლები კოორდინაციით“.

„საძიებო პერიოდი არის რისკიანი პერიოდი, როდესაც რეზულტატს ან მიიღებ ან ვერა. მეორე, შესაძლოა, უწყებებს შორის ნაკლები კოორდინაცია იყო და კულტურის სამინისტრო არ იყო ჩახედული მთლიანად საქმის არსში. საძიებო პერიოდი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტსაც არ ითხოვს, შესაბამისად, მათ ბოლომდე არ ჰქონდათ გაცნობიერებული ეს საკითხი“, – აცხადებს ცაბაძე ნეტგაზეთთან.

რა გეგმები აქვს კომპანიას – „ყველაფერი დამოკიდებულია ძიებაზე“

კომპანიის წარმომადგენელი, სოსო ცაბაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ შესწავლის სამუშაოები მომდევნო წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

„გაზაფხულიდან ვაპირებთ საველე სამუშაოების დაწყებას, რაც გულისხმობს ტერიტორიის შესწავლას, შემდეგ კი, ამის საფუძველზე, გეოფიზიკურ სამუშაოებს. ამ ყოველივეს შემდეგ დაიგეგმება ბურღვითი საძიებო სამუშაოები“, – აცხადებს იგი.

მისივე განცხადებით, კომპანიამ უკვე წარადგინა მინერალური რესურსების სააგენტოში სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

ცაბაძის განცხადებით, ოქროს ძიების სამუშაოები შესაძლოა დაიწყონ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს, თუმცა ეს მოსახლეობას პრობლემებს ვერ შეუქმნის.

„ამ ტიპის ლიცენზიები მოიცავს დიდ ტერიტორიას, თუმცა იქვე ვალდებულებაა, რომ შესწავლის შემდეგ ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, სოფელს არავინ დაანგრევს. სოფლები უბრალოდ მოხვდნენ შიგნით, სხვანაირად ძალიან ძნელი იქნებოდა სალიცენზიო ფართობის კონფიგურაცია. ზუსტად იგივე ტიპის ლიცენზიებია გაცემული, სადაც ქალაქებიც კი ყვება, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს.

საძიებო სამუშაოები გულისხმობს ბურღვას. ეს არ სცდება წყლის ჭაბურღილების ფორმატს. ბურღვა შესაძლოა ახლოსაც კი იყოს სოფელთან, მაგრამ ეს არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს.

რაც შეეხება მოპოვების ეტაპს, ამაზე შეგვიძლია გიპასუხოთ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, როდესაც შეჯამდება ძიების შედეგები. ამ 5 წლის განმავლობაში გამოჩნდება, თუ სადაა რესურსი, სად შეიძლება განვითარდეს წარმოება, ესაა კითხვები, რომლებზეც გვინდა ახლა პასუხი გვქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, 5 წელზე ადრე ვერ გვექნება“, – აცხადებს ცაბაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ოქროს მადანი სოფლების ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს აღმოჩნდება, როგორ იმოქმედებს კომპანია, ცაბაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში „ყველა მოქმედება შეთანხმებული უნდა იყოს მიწის მესაკუთრესთან“.

„კანონმდებლობაში გვიწერია, რომ ჩვენი ყველა მოქმედება შეიძლება მხოლოდ მიწის მფლობელთან შეთანხმების შემთხვევაში მოხდეს. ეს შეთანხმება შეიძლება იყოს მიწის ყიდვა ან სხვა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ მანამ, სანამ მიწის მფლობელთან არ გვექნება შეთანხმება. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სოფელს რაიმე ზიანი მიადგეს ან საერთოდ გადასახლდეს, ასეთი რამე არ იქნება. [ასეთი რამ] არ იქნება, თუ მიწის მფლობელების თანხმობა არ იქნება“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ცაბაძე ზუსტად არ ამბობს, მოპოვების დაწყების შემთხვევაში წიაღისეულის დამუშავების რა გეგმა აქვს კომპანიას. მისი განცხადებით, ეს დამოკიდებულია სამძებრო სამუშაოებზე.

„არ ვიცით, რა ხედვა გვექნება, სანამ არ დასრულდება საძიებო სამუშაოები, არ გვეცოდინება სად კეთდება, რა ტექნოლოგია იქნება გამოყენებული, შესაბამისად, ახლა ამაზე ვერავინ გაგცემთ პასუხს, მათ შორის მეც.

გააჩნია, რა ტიპის რესურსი გამოვლინდება და რა მარაგი იქნება. შეიძლება გამოვიყენოთ არსებული წარმოება, რომ არ გაიზარდოს გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი. მაგალითად, იქვეა „მადნეული“(ახლანდელი RMG)…, შეიძლება ეს იყოს „RMG“, არ ვიცი. ვერავინ გეტყვით, შეიძლება მოპოვებულ წიაღისეულს სხვადასხვა ტიპის დამუშავება დასჭირდეს“, – აცხადებს იგი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, შეიძლება თუ არა მისი სიტყვების გაგება ისე, რომ კომპანია არ გამორიცხავს მოპოვებული რესურსის სხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფი საწარმოს ტერიტორიაზე გადამუშავებას, ცაბაძე პასუხობს, რომ არა.

„ნუ იტყვით ასე. მე არაფერს გამოვრიცხავ, მე არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ორი წლის შემდეგ სამუშაოები შევწყვიტოთ. გააჩნია, რა გამოვლინდება. საერთოდ, სხვის წარმოებაზე ორიენტაციას არცერთი კომპანია არ გააკეთებს. ეს უბრალოდ სიტყვამ მოიტანა“, – პასუხობს სოსო ცაბაძე ნეტგაზეთს.

კომპანია უარყოფს კავშირებს RMG-სთან

სოსო ცაბაძის განცხადებით, ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ლიცენზია რომელიმე სხვა კომპანიას, მათ შორის RMG-ის ეკუთვნის.

ცაბაძე, ისევე როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ქუთელია, წარსულში დაკავშირებულნი იყვნენ RMG-სთან.

2014 წელს, როდესაც RMG-მ საყდრისის საბადო ააფეთქა, ცაბაძე  კომპანიის კომერციული დირექტორი იყო.

იგი, ისევე როგორც ზურაბ ქუთელია, კომპანიას საჯაროდ წარმოადგენდა და საჯარო დებატებში მონაწილეობდა.

RMG-ის Facebook-ის გვერდი დღემდე ინახავს ბმულებს, სადაც ცაბაძე და ქუთელია RMG-ის წარმოადგენენ.

ბმულები კომპანიის Facebook-ის გვერდზე 

კომპანია RMG-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ  არც ზურაბ ქუთელია და არც სოსო ცაბაძე დღეს კომპანიაში აღარ მუშაობენ.

„არ არის RMG-ის ლიცენზია, შემიძლია 100%-იანი გარანტია მოგცეთ. ჩვენ ვიყავით ადრე პარტნიორები, ახლა ვართ კონკურენტები“, – აცხადებს სოსო ცაბაძე.

ცაბაძის განცხადებით, კომპანიაში ინვესტიცია ადგილობრივთან ერთად უცხოურიცაა, კერძოდ კი, ისრაელიდან, თუმცა, არა რუსეთის ფედერაციიდან.


ამავე თემაზე გირჩევთ – ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში ადგილობრივი მოსახლეობა RMG-ზე გაცემულ ლიცენზიას აპროტესტებს.

ბოლნისში, მუშევანში დილიდან ხმაურია – მოსახლეობის ნაწილი RMG-ის წინააღმდეგ გამოვიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი