ახალი ამბები

ბოლნისში, მუშევანში დილიდან ხმაურია – მოსახლეობის ნაწილი RMG-ის წინააღმდეგ გამოვიდა

13 სექტემბერი, 2022 • 1469
ბოლნისში, მუშევანში დილიდან ხმაურია – მოსახლეობის ნაწილი RMG-ის წინააღმდეგ გამოვიდა

ბოლნისის სოფელ მუშევანში დღეს დილიდან ხმაურია.

მოსახლეობის ნაწილი 11 საათზე გეგმავდა შეკრებასა და საპროტესტო პეტიციის გავრცელებას RMG Gold-ის მიერ სოფლის სიახლოვეს სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტებს ადგილზე დახვდნენ თანასოფლელები, რომელთაც უთხრეს, რომ აქციას არ ჩაატარებინებდნენ.

რადიო „მარნეულის“ ცნობით, აქციის მოწინააღმდეგები ამბობენ, რომ RMG მათ სანაცვლოდ დაჰპირდა წყლისა და გაზის გაკეთებას და სკოლის გარემონტებას. ისინი ხაზს უსვამენ, რომ არ ეწინააღმდეგებიან კომპანია RMG-ს.

მოსახლეობა ჯერჯერობით ადგილზე რჩება და ხმაური გრძელდება. პარალელურად, დემონსტრანტები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ.

ბოლნისის სოფელ მუშევანის მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ  RMG Gold-ის მიერ სოფლის სიახლოვეს სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას ეწინააღმდეგებიან და პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ.

ადგილზე იმყოფებიან სათემო ორგანიზაცია „სალამის“ წარმომადგენლები. პეტიციის თანახმად, „RMG GOLD“-სა და „RMG Copper“-ს სახელმწიფოსგან გადაცემული აქვთ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 2042 წლამდე.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული ლიცენზიები უკვე მოიცავს ასობით ჰექტარ ტერიტორიას, კომპანიას სურს, მოპოვების ახალ კერად ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი აქციოს. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი სოფელ მუშევანის მცხოვრებლები, ვეწინააღმდეგებით ჩვენს სოფელში RMG Copper-ის მიერ ოქრო-სპილენძის საბადოს დამუშავებას და გთხოვთ, უზრუნველყოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინება შესაბამისი უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას“, – წერია პეტიციაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული საბადოს ოპერირება სოფელ მუშევანიდან სულ რაღაც 808 მეტრში იგეგმება. ამასთან, გზები, რომელთა გამოყენებასაც კომპანია გეგმავს, სოფლიდან 600 და 800 მეტრში მდებარეობს. მოსახლეობის მოლოდინით, RMG, რომელიც წიაღისეულს ღია კარიერული წესით მოიპოვებს, ამას „კვირაში რამდენჯერმე აფეთქების გზით გეგმავს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი