ეკონომიკა

ძალიან კარგი დროა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი კონკურსი გამოცხადდეს – კაკაურიძე

12 ოქტომბერი, 2022 • 2203
ძალიან კარგი დროა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი კონკურსი გამოცხადდეს – კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი კონკურსის გამოსაცხადებლად ძალიან კარგი დროა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე სატრანსპორტო დატვირთვა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი გაიზარდა.

ამის შესახებ მან დღეს, 12 ოქტომბერს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„სიტუაცია, რაც იყო ოთხი წლის წინ და რაც არის დღეს, აბსოლუტურად განსხვავებულია. ერთ-ერთი კომპონენტი, რატომაც წინა ინვესტორმა შესაბამისი ფინანსების მოზიდვა ვერ შეძლო, ტვირთების არქონის შემთხვევაში სახელმწიფოს გარანტიის მოთხოვნა იყო. სახელმწიფო ასეთ გარანტიას ვერ მოგცემს.

დღეს გადაზიდვების კუთხით სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოს როლი როგორც სარკინიგზო, ისე საგზაო და საზღვაო ნაწილში მნიშვნელოვნად გაიზრდება და სწორედ ამიტომ, ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ [ანაკლიის პორტის მშენებლობაზე] ახალი კონკურსი გამოცხადდეს“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც კაკაურიძემ განაცხადა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დღეს ძალიან ბევრი სხვადასხვა ინვესტორი გადის კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან.

მისი თქმით, ახლა ანაკლიის განვითარების სააგენტო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას, რომელიც მთავრობას ახალი ტენდერის გამოცხადებაში დაეხმარება.

„მე დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს უკვე შესაძლებელი იქნება ახალი ინვესტორის მოძიება, რომელიც არ მოითხოვს სახელმწიფო გარანტიების გაცემას იმაზე, რომ თუ ტვირთბრუნვა არ ექნება, სახელმწიფომ აუნაზღაუროს ვალები. ეს იქნება შეუძლებელი, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ტვირთის მოძრაობაზე ანაკლიის პორტში, სწორედ მაგიტომ არის საჭირო კერძო ინვესტორი და აქ სახელმწიფოს მონაწილეობა უნდა იყოს მინიმალური. კერძო სექტორმა უნდა მოიზიდოს ის ტვირთი, რომელმაც უნდა ამუშაოს ეს პორტი.

ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფომ გარკვეული ინვესტიციები დახარჯოს, გარდა იმისა, რომ რკინიგზის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება. თუმცა ტვირთის ბრუნვაზე გარანტიას სახელმწიფო არ აიღებს არასდროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში იქნება მომზადებული პირობები, რომლითაც შემდეგ ახალი ინვესტორის გამოვლენა მოხდება”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წელს დატოვა.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯავს 1 მლნ ლარს „ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი