მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ანაკლიის პორტის საკითხზე ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდება და ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ანაკლიის პორტის მთავარი ინვესტორი გახდება.

ამის შესახებ ქვრივიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჩინურ კონსორციუმთან რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი ზუსტდება.

“იცით რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომლის ფარგლებშიც ვაზუსტებთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩინურ კონსორციუმთან წარმატებით დასრულდება. რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით რომ მივაღწევთ შეთანხმებას მნიშვნელოვან კომპონენტებზე”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

სახელმწიფოს მიერ ანაკლიისთვის შერჩეული კერძო პარტნიორია ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელსაც ლიდერობს China Communications Construction Company (CCCC) და China Harbour Investment. კონტრაქტის პირობების თანახმად, გადანაწილება შემდეგნაირია:

  • პორტის აქციების საკონტროლო პაკეტი, 51%, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.
  • ჩინური კონსორციუმი ფლობს 49%-ს და პასუხისმგებელია ინვესტიციების მოზიდვაზე, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებაზე.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის დასრულების მიუხედავად საქართველოსა და ჩინურ კონსორციუმს ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებიათ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეული ჩინური კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) სანქცირებულია აშშ-ში, უშუალოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, მისი პირველი პრეზიდენტობისას.

ჩინური კომპანია იძებნება მეორე, სანქციების კონსოლიდირებულ (არა-SDN) სიაში.  ეს არ ნიშნავს, რომ CCCC-სთან თანამშრომლობით საქართველო არღვევს რამე საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, თუმცა SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

China Communications Construction Company (CCCC) არის მეტწილად ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ძირითადად ეწევა ინფრასტრუქტურის აქტივების დიზაინს, მშენებლობას და ექსპლუატაციას მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, რკინიგზების, აეროპორტების, საზღვაო პორტების ჩათვლით. CCCC იყო „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის“ ფარგლებში არაერთი პროექტის კონტრაქტორი.

ინვესტორს უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალება, თუმცა მისი დაღრმავების და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას სახელმწიფო ბიუჯეტი ახორციელებს.

„დღეს რა ხდება ანაკლიაში? ანაკლიაში დაიწყო აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა წინასამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. დღეს უკვე ადგილზე თქვენ ნახავთ აქტიურ სამშენებლო პროცესს. სამუშაოებში ორი მიმართულებით ჩართულია ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია: ეს გახლავთ ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასევე დაღრმავებითი სამუშაოები. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რკინიგზა მუშაობს დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო გზების პროექტირების დასრულებაზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, გეგმის შესაბამისად, უკვე აქტიურ ტენდერებსა და შემდგომ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტი, რომელსაც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (Anaklia Development Consortium – ADC) ახორციელებდა, რამდენიმეწლიანი დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში ოფიციალურად ჩაიშალა. კონსორციუმი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული საინვესტიციო კომპანია „Conti International“-ის მიერ იყო დაფუძნებული.

2019 წლის დასაწყისში პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ამ ფაქტმა პროექტის ირგვლივ კითხვები გააჩინა. ხაზარაძე და ჯაფარიძე აცხადებდნენ, რომ გამოძიება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მიზნად ისახავდა ანაკლიის პროექტის ჩაძირვას, რათა პორტი რუსეთის ან სხვა მოთამაშეების ინტერესების სასარგებლოდ შეჩერებულიყო.

შექმნილი კრიზისისა და გაურკვევლობის ფონზე, 2019 წლის აგვისტოში კონსორციუმი დატოვა მთავარმა ამერიკულმა პარტნიორმა — Conti International-მა.

მთავრობამ კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად (საკუთარი კაპიტალის მოძიება და ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმება) ვადა რამდენჯერმე გადაუწია. საბოლოოდ, 2020 წლის 9 იანვარს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და საინვესტიციო ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა.

ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გადავიდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მისმა უცხოელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჟენევის არბიტრაჟში სარჩელი შეიტანეს. თუმცა, პროცესი საბოლოოდ საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა.