ეკონომიკა

„ბორჯომი“ მთავრობას წილების ნაწილს უსასყიდლოდ გადასცემს

19 მაისი, 2022 • 4123
„ბორჯომი“ მთავრობას წილების ნაწილს უსასყიდლოდ გადასცემს

IDS BORJOMI International-ი მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ოფიციალური შეთავაზების წარდგენას აანონსებს.

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს“, — ნათქვამია „ბორჯომის“ განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც იძულებული გახდა, ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა.

„შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.

„ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფია“.

„IDS ბორჯომი – საქართველო” არ აკონკრეტებს წილის რა ნაწილის გადაცემას სთავაზობს მთავრობას.

რა ელის სანქციების ფონზე „ბორჯომს“ და რა არის გამოსავალი

მასალების გადაბეჭდვის წესი