ახალი ამბები

რას პასუხობს „ბორჯომი“ დასაქმებულების გაფიცვას

31 მაისი, 2022 • 1024
რას პასუხობს „ბორჯომი“ დასაქმებულების გაფიცვას

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი, მერაბ ახმეტელი აცხადებს, რომ კომპანია მზად არის, მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცეს იმ თანამშრომლებს, ვინც „მზადაა, განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად“.

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების დასაქმებულებმა 31 მაისს, დილის 6 საათიდან, სრულმასშტაბიანი, უვადო გაფიცვა დაიწყეს.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის (Labor-ის) ცნობით, გაფიცულთა მოთხოვნაა, სამსახურში აღადგინონ 50-მდე ადამიანი, რომლებიც, პროფკავშირის თანახმად, უკანონოდ გაათავისუფლეს. ასევე, თანამშრომლებს ძველი პირობებით დაუდონ კონტრაქტები.

უფრო ზუსტად, პროფკავშირის თანახმად, არსებობს ექვსი მოთხოვნა:

  1. უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა;
  2. ხელფასების დარიცხვა;
  3. ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;
  4. უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25-%ით ზრდა;
  5. შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემა;
  6. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება

კომპანიის პასუხი

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორის, მერაბ ახმეტელის თქმით, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი, გაფიცვაში კი თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს.

„მოგეხსენებათ, დღეს კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან, საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით და მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი. გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად“, – აცხადებს ახმეტელი (მისი განცხადება „ნეტგაზეთს“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს).

მერაბ ახმეტელი ასევე აცხადებს, რომ „IDS ბორჯომი საქართველომ“, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95% შეინარჩუნა და უცვლელი დატოვა სახელფასო განაკვეთი.

„შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის“, – ამბობს იგი.

კონტექსტი

„ბორჯომის“ ინვესტორისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში კომპანიის დასაქმებულებმა, რომლებიც სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე იდგნენ, განაცხადეს, რომ კონტრაქტის პირობები უუარესდებოდათ.

კონტრაქტის პირობების შეცვლას ნაწილი დაეთანხმა, ნაწილი კი- არა, რის შემდეგაც „IDS ბორჯომი – საქართველოს“ მენეჯმენტმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის საფუძვლად კომპანიამ რეორგანიზაციის პროცესში ხელშეკრულების ცვლილებაზე უარი დაასახელა.

„ბორჯომის“ თანახმად, „კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა“, რის გამოც თანამშრომლებს შესთავაზეს განახლებული პირობები, რაც გულისხმობს მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას, ხოლო ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი.

ეს პირობა, კომპანიის თანახმად, „სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა“, რის გამოც, როგორც კომპანია ამბობს, იძულებული გახდა, ქარხანაში დაეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის „კანონმდებლობის საფუძველზე“ შეეწყვიტა ხელშეკრულებები.

სანქციები და მთავრობის ინტერვენცია

2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.

[კომპანია, „ბორჯომის“ ბრენდის გარდა, პროდუქციას ჰყიდის ,„ლიკანის“, „მიტარბის“ და „ბაკურიანის“ ბრენდული დასახელებითაც].

ინვესტორმა ამის მიზეზად დაასახელა უკრაინაში „საომარი მოქმედებები“. „ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი არის სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფი“.

კომპანიის თანახმად, „პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

მოგვიანებით, 19 მაისს, კომპანია IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

ჯერჯერობით უცნობია, რა წილი გადაეცემა მთავრობას.

ვრცლად ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი