საზოგადოება

„ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს

6 ივნისი, 2022 • 1318
„ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს

„ბორჯომის“ ქარხნების გაფიცულმა დასაქმებულებმა ორშაბათ დილას ქარხნებისკენ მიმავალი გზა დაიკავეს და პიკეტირება დაიწყეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტები ადგილზე რჩებიან და პიკეტირებას განაგრძობენ.

„ადმინისტრაციიდანაც შემოგვიერთდნენ დასაქმებულები, პარალიზებულია ორივე ქარხნის ყველას შესასვლელი. დემონსტრანტები მშვიდობიანად, ხელებაწეულები დგანან ქარხნის წინ“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ გიორგი დიასამიძემ, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძრვანელმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მისი თქმით, დღეს დილას პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა, მაგრამ ამ დროისთვის [11:30] „აღარ აქვს ექსცესებს ადგილი“.

„მივმართავთ ხელისუფლებას – აქ რაც ხდება, მათი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა დიასამიძემ.

მისი თქმით, დასაქმებულები არ დაიშლებიან მანამ, სანამ კომპანიასა და გაფიცულებს შორის შეთანხმება არ მიიღწევა.

პროფკავშირის თანახმად, დასაქმებულებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

  1. უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა;
  2. 2 თვის ხელფასების დარიცხვა;
  3. ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;
  4. უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25-%ით ზრდა;
  5. შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემა;
  6. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

რამდენიმე დღის წინ „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორმა, მერაბ ახმეტელმა განაცხადა, რომ კომპანიის კრიზისული ვითარების მიუხედავად, დასაქმებულთა გათავისუფლებების ნაცვლად, კომპანიამ თანამშრომელთა 95% შეინარჩუნა და უცვლელი დატოვა სახელფასო განაკვეთი.

„შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის“, – განაცხადა მან.

კონტექსტი

„ბორჯომის“ ინვესტორისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში კომპანიის დასაქმებულებმა, რომლებიც სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე იდგნენ, განაცხადეს, რომ კონტრაქტის პირობები უუარესდებოდათ.

კონტრაქტის პირობების შეცვლას ნაწილი დაეთანხმა, ნაწილი კი- არა, რის შემდეგაც „IDS ბორჯომი – საქართველოს“ მენეჯმენტმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის საფუძვლად კომპანიამ რეორგანიზაციის პროცესში ხელშეკრულების ცვლილებაზე უარი დაასახელა.

„ბორჯომის“ თანახმად, „კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა“, რის გამოც თანამშრომლებს შესთავაზეს განახლებული პირობები, რაც გულისხმობს მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას, ხოლო ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი.

ეს პირობა, კომპანიის თანახმად, „სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა“, რის გამოც, როგორც კომპანია ამბობს, იძულებული გახდა, ქარხანაში დაეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის „კანონმდებლობის საფუძველზე“ შეეწყვიტა ხელშეკრულებები.

სანქციები და მთავრობის ინტერვენცია

2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.

[კომპანია, „ბორჯომის“ ბრენდის გარდა, პროდუქციას ჰყიდის ,„ლიკანის“, „მიტარბის“ და „ბაკურიანის“ ბრენდული დასახელებითაც].

ინვესტორმა ამის მიზეზად დაასახელა უკრაინაში „საომარი მოქმედებები“. „ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი არის სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფი“.

კომპანიის თანახმად, „პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

მოგვიანებით, 19 მაისს, კომპანია IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

ჯერჯერობით უცნობია, რა წილი გადაეცემა მთავრობას.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი