ახალი ამბები

ანგარიშები გაყინულია, ფინანსური რესურსი შეზღუდულია – „ბორჯომი“ ხელფასების დაგვიანებაზე

6 ივნისი, 2022 • 657
ანგარიშები გაყინულია, ფინანსური რესურსი შეზღუდულია – „ბორჯომი“ ხელფასების დაგვიანებაზე

„IDS ბორჯომი საქართველო“ ეხმაურება გაფიცული თანამშრომლების მიერ ქარხნების პიკეტირებას.

კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს და „საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია“.

„რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია“, – აცხადებენ კომპანიაში.

დღეს პროფკავშირების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, „ბორჯომის“ მენეჯმენტმა 10-მდე ახალი თანამშრომელი, – რუსეთის მოქალაქეები, – აიყვანა ტექნიკურ სამსახურში და მათ „5-6-ჯერ მეტ ხელფასს უხდიან, როდესაც დასაქმებულებს 2 თვის კუთვნილ ხელფასს არ ურიცხავენ“.

პიკეტირება

„ბორჯომის“ ქარხნების გაფიცულმა დასაქმებულებმა ორშაბათ დილას ქარხნებისკენ მიმავალი გზა დაიკავეს და პიკეტირება დაიწყეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტები ადგილზე რჩებიან და პიკეტირებას განაგრძობენ.

„ადმინისტრაციიდანაც შემოგვიერთდნენ დასაქმებულები, პარალიზებულია ორივე ქარხნის ყველას შესასვლელი. დემონსტრანტები მშვიდობიანად, ხელებაწეულები დგანან ქარხნის წინ“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ გიორგი დიასამიძემ, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძრვანელმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მისი თქმით, დასაქმებულები არ დაიშლებიან მანამ, სანამ კომპანიასა და გაფიცულებს შორის შეთანხმება არ მიიღწევა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი