ახალი ამბები

„ბორჯომის“ მედიაცია შეთანხმებით დასრულდა, წარმოება განახლდება – სამინისტრო

21 ივნისი, 2022 • 627
„ბორჯომის“ მედიაცია შეთანხმებით დასრულდა, წარმოება განახლდება – სამინისტრო

შრომის სამინისტროს განცხადებით, შრომითი მედიაცია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა და კომპანია ხვალ-ზეგ განაახლებს ფუნქციონირებას.

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, უშუალოდ მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 5 დღის წინ ჩაერთო მოლაპარაკებებში.

„საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი შეხვდა მომუშავეებს, მათ ლიდერებს, ქარხნის ადმინისტრაციას. პროცესი დაიძრა და 4-5 დღეში მიიღწა შეთანხმება. დღეს შევჯერდით და დღეს ხელი მოეწერა სამედიაციო შეთანხმებას, ყველა პუნქტი შეჯერებულია“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ საერთო ჯამში, „შეთანხმება, რაც დღეს გაფორმდა, ასახავს დასაქმებულთა ინტერესებს“.

„სამედიაციო შეთანხმების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სადაც სამი და ექვსი თვით დასაქმებულები გადავიდნენ უვადო ხელშეკრულებებზე, რასაც ვითხოვდით. 2-3 თვის გათავისუფლებული 50 ადამიანიდან ყველა დაბრუნდა სამსახურში. თუმცა, ვისაც აღარ სურდა მუშაობა, მიიღეს 6-თვიანი კომპენსაციები; ვისაც სურვილი ჰქონდა, დაბრუნდა სამსახურში“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

ბესიკ ამირანაშვილის განცხადებითვე, კომპანია 1-2 დღის ვადაში განაახლებს ფუნქციონირებას.


2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას „დროებით“ აჩერებს. ამის პარალელურად, დასაქმებულები, კონტრაქტის პირობების ცვლილებაზე უარის შედეგად გათავისუფლების გამო გაიფიცნენ.

მოგვიანებით კომპანიის მაკონტროლებელმა აქციონერმა საქართველოს მთავრობას გადასცა აქციების 7.73%-იანი წილი, რის შემდეგაც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.

„ბორჯომის“ მეწილე „ალფა ჯგუფის” საკონტროლო, 60%-იან პაკეტს ფლობს რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი